in

CES 2024 დაიწყო — რა სიახლეებს გვთავაზობენ Apple, Samsung, Kia და სხვა კომპანიები?

CES 2024 უკვე დაიწყო და 12 იანვრამდე გაგრძელდება. თუმცა უკვე ვიცით სიახლეები ისეთი კომპანიებისგან, როგორებიცაა Apple, Nvidia, LG, Samsung და სხვა. დაახლოებით რა მოლოდინები უნდა გქონდეთ, ეს, ალბათ, წინა ღონისძიებებიდან იცით, ამიტომ ახლა პირდაპირ ახალ ამბებზე გადავინაცვლოთ:

Samsung Ballie-ის აბრუნებს და მწვანე ინიციატივას აახლებს 

გაიცანით განახლებული Ballie, Samsung Electronic-ის სახლის რობოტი. ბურთის ზომისაა და 2-3 საათს ძლებს. ოთახში ნავიგაციაში დაგეხმარებათ, 1080p პროექტორიც აქვს, რომელიც კინოებს აჩვენებს ან, თუ დაგჭირდებათ, ვიდეო ზარებსაც გააშუქებს. მას Map View დაემატა, რაც სახლის რუკის შექმნასა და მასში მყოფი ადამიანებისა თუ შინაური ცხოველების ავატარების შექმნას გულისხმობს. 

ვიწყებთ გადამუშავებადი მასალების გამოყენებას ჩვენთვის საყვარელ პროდუქტებში, მაგალითად თევზის ბადეების Galaxy-ის ხაზში. გამოვიყენებთ გადამუშავებად პლასტმასს ჩვენს ტელევიზორებში და ალუმინს მაცივრებში. 2022 წელს გადამუშავებადი პლასტმასი ჩვენ მიერ გამოყენებული მასალის 14%-ს შეადგენდა, ახლა კი სურვილი გვაქვს, ეს მაჩვენებელი გავაუმჯობესოთ, — აცხადებენ სამსუნგში. 

კონფერენციაზე უფრო მეტი დასაკეცი მოწყობილობაც ახსენეს და Transparent MICRO LED-ის ვიდეოც გააზიარეს:

Pivotal პერსონალური თვითმფრინავების გაყიდვას იწყებს

კომპანიამ ამერიკაში თავისი მსუბუქი ელექტრო Helix-ის თვითმფრინავის გაყიდვა დაიწყო, რომელიც ფრენისთვის პილოტის ლიცენზიას არ საჭიროებს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინც 190 000 დოლარს გადაიხდის, პირდაპირ გაფრინდება. მათ სავალდებულო ტრენინგის გავლა, რიგი წესებისა და რეგულაციების დაცვა მოუწევთ.

Will.i.am-ის ახალი სტარტაპი მუსიკას მანქანის მართვისას რითმავს

მომღერალი Will.i.am მეწარმე გახდა და CES 2024-ზე Sound Drive-ის დებიუტით წარსდგა, რასაც უკვე ზაფხულში Mercedes-Benz-ში ვიხილავთ! იდეა შემდეგია: თუ მანქანის მართვისას განწყობის, ჩვენი ენერგიისა თუ მანქანის სიჩქარის შესაბამისი მუსიკის პოვნა აქამდე თავად გვიწევდა ან არც თუ ისე კარგად ვახერხებდით, ახლა Sound Drive ამას თავად გააკეთებს — მანქანის მართვისას მუსიკა „შეიქმნება“, ზუსტად იმ ტემპის მიხედვით, როგორც მართავთ მას. 

Sony მობილობის პარტნიორობებზე, კრეატორებისა და კონტენტის ავთენტურობაზე საუბრობს

ეს მოსალოდნელიც იყო… ფოკუსი კრეატორების, სათამაშო, კინო და სტრიმინგ სტუდიაში IP-ის წარმატებისა და Honda-სთან პარტნიორობისკენ იყო მიმართული, რათა მობილობა შემოქმედებით სივრცედ წარმოედგინათ. ეს უკანასკნელი გარვეულწილად Afeela-ს მანქანაში Fortnite-ის გაშვებით აჩვენეს, რომელიც სცენაზე PlayStation 5 კონტროლერის დახმარებით გამოიყვანეს… 

Kia-ს ახალი EV ფურგონების ხაზი

ახალი EV ფურგონები მოდულარული დიზაინით გამოდის, რაც მანქანის სალონის მრავალ ვარიანტს გვთავაზობს… თუმცა ფასების, უფრო კონკრეტული მახასიათებლებისა და გაშვების სავარაუდო თარიღის შესახებ კომპანია ჯერ არაფერს აცხადებს. 

X1 Interpreter Hub — რეალური დროის თარჯიმანი

Timekettle მსოფლიოში პირველ მრავალენოვან ინტერპრეტაციის სისტემას გვაცნობს. ორი ყუთით იმუშავებს, დამატებითი აპლიკაციის გადმოტვირთვის საჭიროების გარეშე. პრაქტიკული იქნება შეხვედრებისთვის: როცა ორი მოწყობილობა ერთმანეთს შეეხება, საუბრის თარგმანი დაიწყება. ხელის მოწყობილობებში ყურსასმენებიცაა მოთავსებული. X1 ერთდროულად 5 ენაზე 20 ადამიანის დახმარებას შეძლებს. 

LG-ის გამჭვირვალე ტელევიზორი

თუ ჩვეულებრივ ტელევიზორები ფუნქციურია და დიდად არც მისი დიზაინით ვართ განებივრებულნი, ახლა LG-მ ამის შეცვლა დაისახა მიზნად. როგორც ამბობენ, მსოფლიოში პირველ უკაბელო, გამჭვირვალე OLED TV-ის გვთავაზობენ. ეს მოიცავს 4K OLED ეკრანსა და LG-ის უკაბელო ვიდეო და აუდიო გადაცემის ტექნოლოგიას. 

ისუნთქეთ მარტივად ბიო მცენარეებთან ერთად

ფრანგული სტარტაპი Neoplants წინ მიიწევს იმ სახლის მცენარეებში, რომლებიც ჰაერის დამატენიანებლის მსგავსად მუშაობს. ბიოინჟინერიის ტექნიკის გამოყენებით მოყვანილი მცენარეების ქილა 20 ჩვეულებრივ სახლის მცენარეს ანაცვლებს, ეს კი იმით იზომება, თუ რამდენი ჰაერის დამაბინძურებლის გაქრობა შეუძლია მცენარეს ჰაერიდან…

Nvidia თამაშში ერთვება

აქ ხელოვნური ინტელექტის თამაშები იგულისხმება, რაშიც Nvidia GeForce RTX-ით ჩაერთვება. უმეტესობა თამაშებისთვისაა განკუთვნილი და როგორც კომპანიაში აცხადებენ, 14 სახელწოდება მიიღებს RTX განახლებას, Horizon Forbidden West-ის, Pax Dei-ისა და Diablo IV-ის ჩათვლით. RTX 4080 Super-ის ფასი 999 დოლარიდან დაიწყება. 

მეტი ჩიპები AMD-ისგან

კომპანია CES 2024-ზე ახალი Ryzen 8000G პროცესორებით წარსდგა, ყურადღება კი AI შესაძლებლობებზე გაამახვილა:

Bosch-ის მანქანის კამერა

ჩათვალეთ მგზავრობისას კარგ კომპანიონს გთავაზობენ, Bosch ორ მოწყობილობას უშვებს, რომელთაგანაც ერთი შეამჩნევს, როცა თვალები დაგეღლებათ და გკითხავთ, ესპრესო ხომ არ გინდათ… მეორე კი მეტად კომპლექსურია და დააკვირდება, რას უყურებთ მანქანის მართვისას. 

ChatGPT Volkswagen-ში

დიახ, გერმანელი მწარმოებლები AI ჩეტბოტის დამატებას გეგმავენ Volkswagen-ის მოდელებში, რომლებიც IDA-ს ხმის ასისტენტითაა აღჭურვილი. 

Apple Vision Pro-ს გაყიდვები 2 თებერვალს დაიწყება!

CES-ზე Apple ყურადღების ცენტრში მოექცა, როცა დაადასტურა, რომ Apple Vision Pro-ს გაყიდვები 2 თებერვალს დაიწყებოდა. რაც შეეხება წინასწარ შეკვეთებს, 19 იანვრისთვის უნდა მოემზადოთ… 

როგორი იყო 2023 წელი IT აკადემია STEP-ისთვის

როგორ მუშაობს დივერსიფიკაცია და რატომ გჭირდებათ ის?