CES 2024 უკვე დასრულდა; ამასობაში, მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების სიახლეებზეც მოგიყევით, თუმცა ახლა, რადგან უკვე ყველაფერი ცნობილია, მათ შორის საუკეთესოებს გაგიზიარებთ. იმ პროდუქტებს, პროტოტიპებსა თუ იდეებს, რომლებზეც ფიქრობენ, რომ მომავალში სამომხმარებლო ტექნოლოგიურ სფეროს სრულად გარდაქმნის:
საუკეთესო უსაფრთხოების კამერა — Abode Edge Camera
CES 2024-ზე Adobe-ს უსაფრთხოების კამერამ ყურადღება ერთი მიზეზის გამო დაიმსახურა და ეს მისი „გიჟური“ Wi-Fi შესაძლებლობებია. Abode Edge-ის კამერას Morse Micro-ს მიერ შექმნილი Wi-Fi HaLow სისტემა აქვს, რითაც უკაბელოდ 2 კილომეტრამდე მანძილს ფარავს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დაფარვა არსებულ გარემოზე დიდწილადაა დამოკიდებული… სახლის გარე სივრცეში დამაგრების ნაცვლად, რათა რაც შეიძლება ახლოს იყოს Wi-Fi როუტერთან, შეგეძლებათ, იგი თქვენთვის სასურველ ნებისმიერ ადგილზე განათავსოთ, რაც მთლიან სახლზე უკეთეს ხედვასაც უზრუნველყოფს.
მოდელს 6-თვიანი ბატარეა აქვს, ობიექტების ამოცნობის სისტემა, რათა ერთმანეთისგან განასხვაოს შინაური ცხოველები, ადამიანები თუ სხვა ობიექტები. სახის ამოცნობის სისტემითაცაა აღჭურვილი მისთვის ნაცნობი ვიზიტორების დასადგენად. შეუძლია, შეგატყობინოთ კიდეც, როცა ვიღაც მისთვის უცხოს დაინახავს… კამერა მომდევნო თვეებში გახდება ხელმისაწვდომი და იგი 199 დოლარი ეღირება.
საუკეთესო ტექნიკა ჯანმრთელობისთვის — Vivoo-ს Home UTI Diagnostic Test
10 ზრდასრული ქალიდან 6-ს საშარდე გზების ინფექციები აწუხებს, რაც ანალიზის ხშირად კეთებასა და ექიმთან მრავალჯერ ვიზიტს გულისხმობს. Vivoo კი ახლა ამ პროცესის გამარტივებაზე ზრუნავს. თუ ფიქრობთ, რომ ინფექცია გაქვთ, ანალიზის აღების ტრადიციული მეთოდის ნაცვლად, კომპანია აპლიკაციის ჩამოტვირთვას გთავაზობთ, ანალიზის სპეციალური ჩხირით აღებას და შემდგომში ტელეფონით მასზე არსებული ხაზების დასკანერებას. Vivoo-ს სურათების დამუშავების სისტემა მოგაწვდით შედეგებს, რომლებიც შემდგომში ექიმს შეგიძლიათ გაუგზავნოთ, რათა შესაბამისი მკურნალობაც დაგინიშნოთ.
კომპანია ქალებს pH ტესტებსაც სთავაზობს, რათა მომავალში ინფექციები თავიდან აირიდონ… ამ ეტაპისთვის კი FDA-ის პასუხს ელიან, თუმცა წლის ბოლოსთვის აღნიშნული პროდუქტები ამაზონზე და სხვა ონლაინ პლატფორმებზე გახდება ხელმისაწვდომი.
საუკეთესო ტრანსპორტირების საშუალება — Supernal S-A2
ჩვეულებრივ თუ CES-ზე საუკეთესოდ მფრინავი მანქანები სახელდებოდა, ახლა Supernal-ის eVTOL-ზე, S-A2-ზე საუბრობენ. ეს იდეა Hyundai Motor Group-ს ეკუთვნის. როგორც ამბობენ, იგი მთელ ინდუსტრიას აოცებს უსაფრთხო, ხელმისაწვდომი და ეფექტური ყოველდღიური საჰაერო ტრანსპორტის შეთავაზებით…
საუკეთესო გარე მოწყობილობა — Milo Action Communicator
თუ მაგალითად თხილამურებით ან სერფინგით სასრიალოდ, ან თუნდაც სალაშქროდ, მეგობრებთან ერთად წახვალთ, ეს კომპაქტური მოწყობილობა ძალიან გამოგადგებათ. შეგიძლიათ, ქურთუკზე ან ზურგჩანთაზე მარტივად მიამაგროთ, შემდეგ კი ჩვეულებრივ ისაუბროთ, ღილაკებისა თუ სწორი სიხშირის პოვნის გარეშე. MiloAI-ის ბატარეა მთელი დღის მანძილზე ძლებს, ყურსასმენებსაც ჩვეულებრივ დაუკავშირებთ, თანაც მას სიგნალების მიღება და გაგზავნა სუფთა რელიეფზე 1.5 კილომეტრის მანძილზე შეუძლია.
საუკეთესო უცნაურ მოწყობილობებს შორის — Looking Glass Go
დიდი ხანია, Looking Glass-ის კომპანია ჰოლოგრაფიულ მოწყობილობებს ქმნის, თუმცა ახლა ყურადღება უახლესმა ვერსიამ — „6-ინჩიანმა ციფრულმა ჩარჩომ“ მიიპყრო, რომელსაც Looking Glass Go-ს უწოდებენ. ეკრანი იმაზე თხელია, ვიდრე აქამდე ჰქონდათ წარმოდგენილი, მასზე 3D ჰოლოგრამებისა და ნებისმიერი 2D ფოტოს დამატებასაც შეძლებთ… ეს ყველაფერი კი გენერაციული AI-ის დახმარებით იქნება შესაძლებელი. მოწყობილობის სავარაუდო ფასად 300 დოლარს ასახელებენ.
საუკეთესო მოწყობილობა ბავშვებისთვის — Droyd Venym Electric Scooterboard
Droyd-ის ელექტრო სკუტერი ბავშვებისთვის 4 წლიდანაა ხელმისაწვდომი. პოპულარული სათამაშოს ელექტრო ვერსიაა, რომელიც სახელურებისა და ბორბლებისგან შედგება, 4 ფეხი აქვს და სტიკერები, რათა ბავშვებმა იგი მეტად პერსონალიზებული გახადონ. სიჩქარის კონტროლი ღილაკებითაა შესაძლებელი, თუმცა არ ინერვიულოთ, არც ძალიან სწრაფია, უბრალოდ შეუძლია, ბავშვები კარგად გაამხიარულოს.
საუკეთესო ჭკვიანი მოწყობილობა სახლისთვის — Eureka Dual Washing Bot
როგორც სურათზე ხედავთ, დიდ საწმენდ მოწყობილობებს ერთ მოსახერხებელ სივრცეში გვთავაზობს: Eureka-ს რობოტის მტვერსასრუტი სარეცხი მანქანისა და საშრობის ქვეშაა მოთავსებული. კომპანიის თქმით, იგი დაბინძურებულ სივრცეებს AI ტექნოლოგიით ამოიცნობს, დაზოგავს თქვენს სივრცეს, დროსა და ენერგიას…
საუკეთესო პროგრამა – Apostrophy OS
ახალი მობილური ოპერაციული სისტემაა, რომლის დებიუტიც MC02-ზე შედგა, შვეიცარიული კომპანია Punkt-ის 750-დოლარიან სმარტფონზე. Apostrophy OS კონფიდენციალურობაზე ორიენტირებულ ალტერნატივას გთავაზობთ ანდროიდზე, არც თქვენს მონაცემებს შეაგროვებს და არც გაყიდის, უბრალოდ ამისთვის ყოველთვიური გამოწერა დაგჭირდებათ, რაც 15 დოლარი ღირს.
საუკეთესო მობილური — Clicks
თუ ის დრო მოგენატრათ, როცა ჩვენი ტელეფონები ღილაკებით იყო სავსე, კარგი ამბავი გვაქვს: BlackBerry-ის მსგავსი სმარტფონის გამოცდილების უკან დაბრუნებას გვპირდებიან. Enter Clicks Technology-ის კომპანიაც ზუსტად ასეთმა ადამიანებმა ჩამოაყალიბეს… Clicks ტელეფონის ჩასადებია, რომელიც თქვენს iPhone-ს QWERTY კლავიატურას დაამატებს. უკვე ხელმისაწვდომია iPhone 14 Pro, iPhone 15 Pro და iPhone 15 Pro Max მოდელებისთვის. რაც შეეხება ფასს, 139-159 დოლარამდე მერყეობს.
საუკეთესო სახლის კინოთეატრი — LG CineBeam Qube
ამ შემთხვევაში ტექნიკური დეტალების ნაცვლად, შეგიძლიათ პირდაპირ ვიდეოს უყუროთ და ნახავთ, როგორ ავითარებს LG ე. წ. სახლის კინოთეატრს.
საუკეთესო ლეპტოპი — Lenovo ThinkBook Plus Gen 5 Hybrid
აღსანიშნავია, რომ Lenovo-მ CES 2024-ზე დაახლოებით 40 პროდუქტი წარადგინა, მათგან კი მთავარი ყურადღება ThinkBook Plus Gen 5 Hybrid-მა დაიმსახურა. ერთი შეხედვით კი ჩვეულებრივ Windows-ის ლეპტოპს ჰგავს, მაგრამ შეგიძლიათ, ეკრანი მოხსნათ და Android 13-ის პლანშეტად აქციოთ.
საუკეთესო აქსესუარი — Belkin Auto-Tracking Stand Pro with DockKit
მართალია, ღონისძიებაზე აქსესუარები მრავლად იყო წარმოდგენილი, მაგრამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება, როგორც ამბობენ, Belkin-მა მოახდინა. მისი ფასი 180 დოლარი იქნება, 360-გრადუსიან გადაღებასა და თქვენს iPhone-თან შეუფერხებელ კავშირს შემოგთავაზებთ…