დიზაინერ ლადო კობახიძის მულტიდისციპლინარული კარიერა ზვიად ციკოლიასთან მუშაობით დაიწყო, შემდეგ კი, სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებით, იტალიასა და ჩინეთში, სამრეწველო, ტრანსპორტის, გრაფიკული დიზაინისა და ბრენდინგის მიმართულებით გაგრძელდა. მუშაობდა იტალიური დიზაინ კულტურის ფუძემდებელ კომპანია Zagato-ში. როგორც თვითონ ამბობს, ამ პერიოდში არ შეუწყვეტია ქართულ პროექტებზე მუშაობა, 2013 წელს კი, ძირითადი საქმიანობის საქართველოში გაგრძელება გადაწყვიტა. მალევე, საკუთარი ცოდნის გაზიარება Creative Education Studio-ში დაიწყო, სადაც დღემდე, გრაფიკული დიზაინისა და ციფრული ხატვის კურსს უძღვება. ამ დროის განმავლობაში, ის მუშაობდა პერსონალურ პროექტებზე, როგორიცაა „შავი ლომისა“ და „ეროვნული ლიგის“ იდენტობა, ასევე, „უსახელაურის შეფუთვა“. მოგვიანებით კი, შექმნა ლადო კობახიძის დიზაინ სტუდია. უფრო დეტალურად, როგორია დიზაინერის გზა საერთაშორისო წარმატებიდან საქართველოში მოღვაწეობამდე და მის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები – მარკეტერი გთავაზობთ ინტერვიუს ლადო კობახიძესთან:
M: როგორ დაიწყო თქვენი დაინტერესება დიზაინით?
ვფიქრობ, დაიწყო ძალიან ადრეულ ასაკში. ხატვის ათწლედი მაქვს დამთავრებული, კარგად მახსოვს, თუ როგორი ცნობისმოყვარეობითა და ინტერესით ვსწავლობდი სახვითი ხელოვნების საბაზო პრინციპებს. დიდი გავლენა მოახდინა ამ გარემომ ჩემს სამომავლო პროფესიულ არჩევანზე.
M: მომენტები, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც პიროვნული, ისე კარიერული განვითარებისთვის..
ვინაიდან სატრანსპორტო დიზაინი ძალიან მაინტერესებდა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო Peugeot-ის საერთაშორისო კონკურსი, სადაც პრიზიორი გავხდი. მსგავსი ტიპის კონკურსში წარმატების მიღწევა დიდ ცნობადობას განაპირობებს, გამიმართლა. ასევე, გამოვყოფდი ზვიად ციკოლიას სტუდიაში გატარებულ პერიოდს. ზვიადის მეთაურობით ბევრ საინტერესო პროექტში მივიღე მონაწილეობა, ძირითადად, სამრეწველო და შეფუთვის დიზაინის მიმართულებით. ვფიქრობ, დიდი გამოცდილება იყო იტალიაში სწავლის გაგრძელება, Domus Academy-ში სასწავლო დაფინანსება მოვიპოვე და სრულიად სხვა სამყაროს, დიზაინის ახლებურ მიდგომას/პრინციპებს ვეზიარე. ამ პერიოდში, მომეცა ცნობილ დიზაინ სტუდიებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა, როგორიცაა Bonetto Design და Volkswagen. სწავლის შემდგომ, მუშაობა გავაგრძელე მილანში, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან საავტომობილო სტუდიაში Zagato, ეს სტუდია 100 წლისაა, ერთ-ერთი პირველი ფუძემდებელი იტალიური დიზაინ კულტურის. მსგავს კომპანიაში მოხვედრა ძალიან რთულია, ალბათ, ჩემმა ინტერესმა, შრომამ და მიზნისაკენ სწრაფვამ განაპირობა, რომ მე ამ გუნდის წევრი გავხდი.
M: რაც შეეხება განხორციელებულ, მნიშვნელოვან პროექტებს..
იტალიაში სწავლის დროს ვმუშაობდით Volkswagen-ის სამომავლო ხედვის განვითარებაზე. უნდა შეგვექმნა კონცეფცია, რომელიც 15-20 წლის შემდგომი საავტომობილო ტრენდი იქნებოდა. Volkswagen-ის დიზაინ გუნდის მეთაურობით/პატრონაჟით ხდებოდა ამ პროექტის განვითარება. ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო, მახსოვს ახლებურად დავიწყე დიზაინ ფიქრის – აზროვნების პროცესი.
Zagato-ში ყოფნის დროს მომიწია ისეთ საავტომობილო ბრენდებზე მუშაობა, რომლებზეც, ალბათ, ვერ ვიოცნებებდი. სამწუხაროდ, არ შემიძლია როგორც პროექტის დეტალების, ასევე, საავტომობილო ბრენდების დასახელება. ასევე, ჩინეთში მაქვს მიღებული მონაწილეობა ძალიან საინტერესო პროექტში, რომელიც მოიცავდა ქალაქ Hangzhou-ს საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის კვლევას (ვფიქრობ, მსგავსი ტიპის პროექტი ყველა დიდი ქალაქისთვის აქტუალურია), პროექტის მიზანი იყო „პიკის საათის“ დროს გამოვლენილი პრობლემების კვლევა, ანალიზი და გამოსავლის ძიების პროცესი. ხომ წარმოგიდგენიათ, 9 მილიონიან ქალაქში მსგავსი ტიპის პროექტის განვითარება, ძალიან დიდ მასშტაბებზეა საუბარი.
როგორც პერსონალური პროექტი, ძალიან საინტერესო გამოწვევა იყო კრაფტ ლუდ „შავი ლომის“ ბრენდ იდენტობის შემუშავების პროცესი. უნდა შემექმნა პროდუქტი, რომლის ანალოგი არ იყო ჩვენს ბაზარზე. ინტენსიური შემოქმედებითი პროცესი განვავითარეთ და საბოლოო ჯამში, მივიღეთ ახალი ლუდის ბრენდი, რომელიც თავისი ფილოსოფიითა და ხასიათით გამორჩეულია ბაზარზე.
შეფუთვის დიზაინის კუთხით, ასევე, ღვინო „უსახელაურს“ გამოვარჩევდი, რომელიც თავისი უბრალოებით და ამავდროულად, პრემიალური მახასიათებლებით არის გამორჩეული.
ძალიან დიდი გამოწვევა იყო ეროვნული საფეხბურთო ლიგის სიმბოლოს შემუშავების პროცესი, ვეცადე „ეროვნული ლიგის“ იდეა კარგად გამეანალიზებინა, თუ რას მოიცავდა შეჯიბრის, მიზნისკენ/პირველობისკენ სწრაფვას იდეა. სიმბოლომაც მიზნისკენ სვლის ფორმა მიიღო, რომელშიც ისრებისგან შემდგარი ფორმები ბურთის გრაფიკულ კომპოზიციას ქმნიან.
ვფიქრობ, დიზაინერისთვის აუცილებელია პირადი იდეების/ხედვების (რომლებიც ჩემს თავში იბადება) მაქსიმალური განვითარება. კარგი მაგალითია ჩემ მიერ შექმნილი საათის კონცეფცია Time Capsule, საათის ახლებური ხედვა. ეს არის პროცესი, რომელიც მოიცავს დიზაინ ფიქრის, იდეების გენერირების თავისუფალ შემოქმედებით პროცესს, რომლის დროს ჩნდება ახალი ფორმები და ახალი გამოყენების, მოხმარების ობიექტები. ვცდილობ, მსგავსი ტიპის პროექტები ჩემით ვმართო, საწყისი იდეიდან საბოლოო საწარმოო ეტაპამდე.
M: როგორც ვიცით, თბილისში გრაფიკული დიზაინისა და ციფრული ხატვის კურსებს უძღვებით. როგორია ამ სფეროში, გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა?
Creative Education Studio – ეს არის სახლი, კომუნა, ადგილი, სადაც ყველანი, ნათია სართანიას მეთაურობით, ვცდილობთ, გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი პროფესიული გამოცდილება, ის ცოდნა, რაც დავაგროვეთ პროფესიულ გზაზე. სასწავლო პროგრამები, რომელშიც ვარ ჩართული 3 თვეზეა გაწერილი და კურსის ფარგლებში სტუდენტები სწავლობენ როგორც გრაფიკული დიზაინის, ასევე ციფრული ხატვის საბაზო პრინციპებს. ხშირად, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები სხვადასხვა დიზაინ სტუდიების წევრები ხდებიან, ან კიდევ რაც ძალიან საამაყოა, თავად ქმნიან თავიანთ კომპანიასა თუ ბრენდს.
M: როგორია საქართველოში, თქვენი დიზაინ სტუდიის ფარგლებში მიმდინარე პროექტები?
ამ ეტაპზე, გრაფიკული/შეფუთვისა და სამრეწველო დიზაინის მიმართულებით ვმუშაობთ. ორიენტირებული ვართ როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო პროექტებზე, პარალელურად, ვთანამშრომლობთ ჩემს ყოფილ კომპანიებთან იტალიასა და ჩინეთში, რომლებთან დღემდე ვინარჩუნებ პარტნიორულ ურთიერთობებს. ვცდილობთ, ადგილობრივ ბაზარზე მომხმარებლებს შევთავაზოთ როგორც დიზაინის სერვისი, ასევე, ბრენდის პოზიციონირება და დიზაინ სტრატეგიის დაგეგმვა, რაშიც ჩემი გუნდის წევრები მეხმარებიან, რომელთაც, ასევე, საერთაშორისო სასწავლო და სამუშაო გამოცდილება აქვთ. ვცდილობთ, თითოეული პროექტი კვლევაზე დაფუძნებულად წარვმართოთ, ინტენსიურად მოვახდინოთ დამკვეთთან სამუშაო პროცესის განხილვა, რაც, ჩვენი აზრით, წარმატებული თანამშრომლობისათვის, მნიშვნელოვანი ასპექტია.