კრეატიული განათლების სტუდია (Ces) ერთწლიანი არსებობის მანძილზე უკვე 55 სტუდენტს აერთიანებს. დიზაინის, აუდიო-ვიდეო და მუსიკალური შემოქმედების მედია სკოლა სრულფასოვანი პროფესიული სასწავლებლის სტატუსის მისაღებად “ემზადება”.
ამჟამად , კვირაში რამდენიმე საათიანი მეცადინეობის სახით, სტუდენტები გრაფიკული დიზაინის, მუსიკალური დრამატურგიისა და წარმოსახვის, ციფრული მედიის, მუსიკალური ვიდეოს , აუდიოლოგიის, Dj და სხვა კურსებს გადიან. “ჩვენთან სეგმენტი შეზღუდული არ არის. გვყავს სტუდენტები 18 დან 50 წლამდე. ხანგრძლივობა სხვადასხვაგვარია. გვაქვს ორთვიანი, სამთვიანი და ერთწლიანი კურსები. გვსურს, სრულფასოვანი პროფესიული სასწავლებლის სტატუსი მივიღოთ, თუმცა საამისოდ გაფართოვება გვჭირდება. ახლა სწორედ ამაზე ვმუშაობთ” – ამბობს სტუდიის დირექტორი, მუსიკოსი ნათია სართანია.
სტუდიაში სწავლის ფასი საგნების მიხედვით განსხვავდება. საშუალოდ, თითო კურსის ღირებულება 250 ლარია . ყველაზე ძვირი Dj კურსია (350 ლარი). მეცადინეობები ინდივიდუალურად მიმდინარეობს, ლექციები კვირაში ორჯერ ტარდება. თეორიული ნაწილის გარდა სტუდიური მომსახურებაც შედის.
სასწავლო დაწესებულების შერჩევისას, როგორც წესი, მსურველები აკადემიურ პერსონალს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. სტუდიის დირექტორი ამბობს, რომ მათთან კურსები თავიანთ სფეროებში პრაქტიკოს სპეციალისტებს მიჰყავთ. სტუდია მომავალ სტუდენტებს დასაქმების გარანტიას არ აძლევს, თუმცა ნათია სართანიას თქმით, ხშირად ვაკანსიებს აწვდიან და წარმატებული სტუდენტები ამა თუ იმ მიმართულებით დიზაინის, აუდიო-ვიდეო თუ მუსიკალურ სფეროში საქმდებიან.
Ces-ში კონკურენტებად ვერავის მოიაზრებენ, რადგან ამბობენ, რომ სტუდიაში კურსების ნაწილი, მაგალითად, Dj კურსები, უნიკალურია და არსად ისწავლება. არის საგნები, რომლებიც თეატრალურ უნივერსიტეტშიც ისწავლება, თუმცა სტუდიის ტექნიკური მხარე ბევრად მაღალი ხარისხისაა. სტუდიაში ტარდება “ვორქშოფები”. მაგალითად, სულ ახლახანს, Ces-ში მასტერკლასი რუსმა ანიმატორებმა ჩაატარეს. “გარდა ამისა, ვცდილობთ სტუდენტებს კომპლექსური განათლება მივცეთ, ხმის ინჟინერსაც ვურჩევთ, კლასიკური მუსიკის საფუძვლები გაიარონ. ვცდილობთ, საფუძვლიანი განათლება მივცეთ. მე არ მსმენია, ასეთი რამ სხვაგან ხდებოდეს”,-ამბობს ნათია სართანია.
კრეატიული განათლების სტუდიაში თვლიან, რომ წარმატებული დასაწყისის მიუხედავად, ბევრი რამ უნდა დახვეწონ. სტუდენტებისაგან მიღებული უკუკავშირის შედეგად, განსაკუთრებულ პრობლემებს ვერ იხსენებს, თუმცა ნათია სართანიას აზრით, სამუშაო პროცესში არსებული მცირე ხარვეზების “აღმოფხვრისათვის” გამოცდილებაა საჭირო. რაც შეეხება, გარე ფაქტორებს, Ces-ში ამბობენ, რომ ცდილობენ ფინანსური მხარდაჭერის მოპოვებას.
“ამ შემთხვევაში, საზღვარგარეთის პროგრამებს ვგულისხმობთ. ასევე გვინდა კონტაქტი დავამყაროთ , თუნდაც ჩვენი ტიპის სტუდიებთან და მათი მხარდაჭერა წამგებიანი ჩვენთვის ნამდვილად არ იქნება. მათთან ჯერ სწავლების კუთხით რაიმე თანამშრომლობაზე არ არის საუბარი, თუმცა სამომავლოდ კარგი იქნება ასეთი რამ”,-ამბობს ნათია სართანია.