24-25 მაისს, თბილისში კომპიუტერული გრაფიკის ფესტივალი ჩატარდება. ორგანიზატორების თქმით, ღონისძიება ამ სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე საუბარს, რესურსების დემონსტრირებასა და პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას შეუწყობს ხელს.
ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორია ვიზუალური ეფექტებისა და კომპიუტერული გრაფიკის განვითარების ასოციაცია CG Georgia.
ნიკოლოზ გოგოჭური (ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე): ფესტივალის ჩატარების იდეა ჯერ კიდევ ჩვენი ასოციაციის დაფუძნებამდე არსებობდა.
ასეთი ტიპის ღონისძიებები ძალიან ბევრ ქვეყანაში რეგულარულად ტარდება. ჩვენთან კომპიუტერული გრაფიკის ბევრი და ძლიერი სპეციალისტი მოღვაწეობს.
თუმცა, მათ ხშირად ერთმანეთთან კონტაქტი არ აქვთ. ასევე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს კომუნიკაცია დამკვეთებსა და ჩვენი სფეროს წარმომადგენლებს შორის.
დამკვეთებმა ხშირად არც კი იციან, თუ რამდენი ნიჭიერი “გრაფიკოსია” საქართველოში.
რას მოიცავს კომპიუტერული გრაფიკის ფესტივალი?
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება მასშტაბური, ორდღიანი კონფერენცია, რომელიც დაყოფილია თემატურ სპიკერ-სესიებად. სესიები მოიცავს იმ სფეროებს, რომლებშიც ხშირად იყენებენ კომპიუტერულ გრაფიკას. ყოველი ბლოკის მსვლელობისას ამა თუ იმ სფეროს წარმომადგენლები მოხსენებებში ისაუბრებენ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი სფეროსთვის კომპიუტერული გრაფიკა. ასევე საუბარი იქნება არსებულ პრობლემებზე, მათ გადაჭრის გზებზე და, ზოგადად, კომპიუტერული გრაფიკის მნიშვნელობაზე ქვეყნის განვითარებისთვის.
საკონფერენციო ნაწილი დაყოფილია სესიებად: განათლება, რეკლამა, ინტერნეტ ტექნოლოგიები, გრაფიკული დიზაინი, ფილმწარმოება, ტელევიზია, კომპიუტერული თამაშები, ახალი ტექნოლოგიები. პარალელურად, ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება საქართველოში შექმნილი კომპიუტერული გრაფიკის გამოფენა. გამოფენილი იქნება როგორც ორგანზომილებიანი, ასევე სამგანზომილებიანი გრაფიკის მეშვეობით შექმნილი ნამუშევრები.
ფესტივალის ერთ-ერთი ნაწილია კონკურსი. რა მიმართულებებში იქნება კონკურსი, ვინ აფასებს კონკურსანტებს?
დაგეგმილია შემდეგი კონკურსების ჩატარება: კონკურსი ორგანზომილებიან გრაფიკაში (Digital Painting) კონკურსი სამგანზომილებიან ვიზუალიზაციაში (Architectural Visualization) კონკურსი სამგანზომილებიან მოდელირებაში. კონკურსი სამგანზომილებიანი პერსონაჟების ანიმაციაში კონკურსის ფარგლებში მიღებულ ნამუშევრებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური. ყოველ კონკურსს აფასებს ჟიურის სამი წევრი. სამივე წევრი კომპიუტერული გრაფიკის შესაბამისი მიმართულების სპეციალისტია.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
კომპიუტერული გრაფიკის კონკურსებში მონაწილეობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ვინც თვლის, რომ კონკურსის დავალებას 1 კვირაში თავს გაართმევს. რაც მეტი სპეციალისტი იქნება წარმოდგენილი, მით უკეთესია. რაც შეეხება ფესტივალს, დასწრება თავისუფალია და რეგისტრაცია Facebook – ის საშუალებით ხდება.
სამომავლოდ რა შესაძლებლობას აძლევს ფესტივალი მონაწილეებს?
ფესტივალის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, დაამყარონ კომუნიკაცია სფეროში მომუშავე გამოცდილ სპეციალისტებთან, მოისმინონ საინტერესო მოხსენებები და გაიგონ, თუ როგორ იქმნებოდა კონკრეტული პროდუქტები საქართველოში.
ფესტივალის სტუმრები ასევე მოისმენენ წამყვანი უცხოური კომპანიების წარმომადგენლების მოხსენებას და მეტ ინფორმაციას მიიღებენ სფეროში დანერგილ უახლეს ტექნოლოგიებზე. ასევე სტუმრები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას საქართველოში კომპიუტერული გრაფიკის ინდუსტრიის მდგომარეობასა და არსებულ პოტენციალზე. ზოგადად ფესტივალი იქნება სფეროს განვითარების კატალიზატორი საქართველოში.
რა არის ფესტივალის მიზანი?
ფესტივალი ემსახურება რამდენიმე მიზანს: კომპიუტერული გრაფიკის სფეროში არსებული რესურსებისა და პოტენციალის დემონსტრირება, ამ სფეროში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, არსებული პრობლემების ღია განხილვა და გადაჭრის გზებზე მსჯელობა, საქართველოში წარმოებული კომპიუტერული გრაფიკის პოპულარიზაცია, დამკვეთებსა და შემსრულებლებს შორის კომუნიკაციის გამარტივება და კომპიუტერული გრაფიკის კუთხით საგანმანათლებლო სისტემის განვითარება.
ფესტივალი საქართველოში პირველად ტარდება. თუ გეგმავთ, რომ სისტემატიური ხასიათი მიიღოს?
რა თქმა უნდა, კომპიუტერული გრაფიკის ფესტივალი საქართველოში ჩატარდება ყოველწლიურად. მომავალში ვგეგმავთ, რომ ფესტივალი რეგიონალური გახდეს და ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც ჩავრთოთ.