ჯერ კიდევ არ არის დადგენილი ის ნერვული გზა, რაც ჩვენს ტვინში შიშს წარმოქმნის. თუმცა ახალი კვლევა ძლიერ მტკიცებულებას გვთავაზობს ორი თანმხვედრი წრედის შესახებ, რამაც, შესაძლოა, ზემოთ აღნიშნული საკითხიც გადაჭრას.
მკვლევრები ეჭვობდნენ, რომ ნეირონები, რომლებიც კალციტონინის გენთან დაკავშირებული პეპტიდის (CGRP) სახელით ცნობილ მოლეკულას იყენებს, „შიშის ცენტრ“ ამიგდალასთან ერთად, ამ პროცესში დიდ როლს ასრულებს. ჰიპოთეზა კი თაგვებზე გამოცადეს. მათ თავის ტვინის ღეროსა და თალამუსში CGRP ნეირონების ორი განსხვავებული პოპულაციაც აღმოაჩინეს, რომელიც, თავის მხრივ, ცხოველის ამიგდალას უკავშირდებოდა.
იმის გამო, რომ ადამიანის ნეირონებიც გამოხატავენ CGRP-ს, ეს წრედი ისეთ მდგომარეობებშიც შეიძლება იყოს ჩართული, როგორიცაა შაკიკი, PTSD და აუტიზმი…
მკვლევრებმა თაგვებში მინისკოპის პატარა მოწყობილობაც ჩაამონტაჟეს, რაც მათ CGRP ნეირონების აქტივობაზე დაკვირვების საშუალებას მისცემდა, სანამ თაგვი თავისუფლად დასეირნობდა. შემდეგ კი საფრთხის პატარა სტიმულებს უშვებდნენ — იქნებოდა ეს ფეხის დარტყმა, ჭექა-ქუხილის იმიტაცია, ფრინველის სწრაფი მიახლოება თუ სხვა რამ. შედეგად, 160 CGRP ნეირონების აქტივობა დააფიქსირეს, სადაც 2 ვერსია გამოიკვეთა: CGRPSPFp და CGRPPBel.

CGRP ნეირონების უმეტესობა კი მაშინ გააქტიურდა, როცა თაგვის წინაშე საშიში ხმები, გემოები, სუნი, შეგრძნებები და ვიზუალური ნიშნები იყო. მკვლევრებს სურდათ, დაედასტურებინათ, რომ ეს CGRP ნეირონები საჭირო იყო მრავალსენსორული საფრთხის აღქმისთვის. ამიტომ, თაგვებში CGRP ნეირონები გააჩუმეს და დაადგინეს, რომ ისინი უკვე ნაკლებად რეაგირებდნენ ფეხის დარტყმასა თუ სხვა ხმამაღალ ბგერებზე.
„ეს შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ CGRPSPFp და CGRPPBel ნეირონები მრავალსენსორული საფრთხეების სხვადასხვა კომპლექტზე ქცევითი პასუხების შუამავლობისთვის არის საჭირო“, — აცხადებენ მკვლევრები.
მეტიც, მეცნიერებმა ე.წ. პავლოვის სასწავლო ექსპერიმენტის გამოყენებით დაადასტურეს, რომ CGRP ნეირონები საფრთხის შესახებ მეხსიერების ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი იყო. საფრთხის სიგნალების ტვინის ერთ უბანში მოქცევა კი ცხოველებს გადაწყვეტილების მიღებაში შეიძლება დაეხმაროს.
ხოლო თუ ანალოგიურ CGRP ნეირონულ წრედს ადამიანებშიც აღმოაჩენენ, ამან მრავალი მკურნალობის მეთოდი შეიძლება გააჩინოს.
„შესაძლოა, CGRP ნეირონებს თალამუსსა და ტვინის ღეროში შაკიკიც ააქტიურებდეს. თანაც, ამის სამკურნალოდ ისეთი წამლები გამოიყენებოდა, რომლებიც CGRP-ს ბლოკავდა. ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ ჩვენი კვლევა ამ ტიპის წამლების გამოყენებაში დაგვეხმარება, რათა PTSD-ს შემთხვევაში საფრთხის მოგონებები და აუტიზმის დროს სენსორული ჰიპერმგრძნობელობა შევამსუბუქოთ“, — ამბობს სუკჯაე ჯოშუა კანგი, ნეირომეცნიერი.











