„ჩაანაცვლე“ საკომუნიკაციო პლათფორმაა, რომელიც პლასტმასის ბოთლის მინით ჩანაცვლებას გვირჩევს. კამპანიის მიზანია, სხვადასხვა მარტივი აქტივობებით საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, თუ როგორ იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე და ამავდროულად, მოუარონ გარემოს. ახალი კამპანია Key communications-მა ივნისში წამოიწყო და ეს პროექტი მათთვის როგორც სოციალური პასუხსიმგებლობის, ასევე საიმიჯო კამპანიის ნაწილს წარმოადგენს. კომპანიის დამფუძნებელმა, თეონა ბაღდავაძემ მარკეტერთან ისაუბრა პროექტის მიზნებსა და სამომავლო აქტივობებზე.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/chaanacvle/videos/1056055444432182/” width=”720″ height=”480″ onlyvideo=”1″]
M: რა მიზანს ისახავს კამპანია?
ჩვენი მიზანი საზოგადოების ინფორმირებაა. გარდა იმისა, რომ პლასტმასი ვნებს ჯანმრთელობას, ის გარემოსაც აზიანებს. მისი მინით ჩანაცვლება კი, საუკეთესო გამოსავალია. პირველ ეტაპზე გვინდა, საზოგადოება დავაინტერესოთ ამ საკითხით და მივცეთ ბიძგი, რომ მინის გამოყენება ჩვეულებად აქციოს. ძალიან ხშირად, ჩვენს თავს თავადვე ვვნებთ, მაშინ, როცა შესაძლებელია, მარტივად, ერთი პროდუქტის მეორეთი ჩანაცვლებით, ბევრად უფრო ჯანსაღად და კომფორტულად ვიგრძნოთ თავი.
M: როგორ გაჩნდა პროექტის წამოწყების იდეა?
ჩვენი მიზანი იყო, მოგვეცვა ისეთი თემები, რომლის პოზიციონირებაც არ ხდება და საზოგადოება ნაკლებად ინფორმირებულია. ვეცადეთ, აგვერჩია ისეთი საკითხი, რომელიც ჩვენს უკეთესად ცხოვრებას უწყობს ხელს და შესაცვლელად არც ფინანსურ დანახარჯს, არც რადიკალური ზომების მიღებას, ან დიდ ძალისხმევას არ საჭიროებს. პირველი საკითხი, რაზეც ყურადღება გავამახვილეთ, კვების უსაფრთხოების თემა იყო. ევროპული კვლევების მიხედვით, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ზრუნავს ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, თუ რა ჭურჭელშია მომზადებული და შენახული საკვები. გადავწყვიტეთ, ამ კამპანიის შესახებ ჩვენც მეტი მოგვეთხრო საზოგადოებისთვის. შესაბამისად, წამოვიწყეთ ეს კამპანია.
M: რა არის საჭირო კამპანიაში საზოგადოების მეტი ჩართულობისთვის და როგორ ცდილობთ ცნობადობის გაზრდას?
ეს კამპანია ჩვენი კერძო ინიციატივაა და არ გვყავს კონკრეტული დონორები, ვინც ამ თემაზე იმუშავებენ. ამიტომ, როდესაც ფინანსური შეზღუდვები გვაქვს, რთულია, სოციალურ კამპანიას კიდევ მეტი მასშტაბურობა შესძინო. თუკი მეტი კომპანია იქნება, ვინც სოციალურ პასუხისმგებლობაზე იზრუნებს და მსგავს აქტივობებს წამოიწყებს, ეს უფრო გაზრდის საზოგადოების ჩართულობას. საინფორმაციო ნაკადის გაძლიერებაში, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები დაგვეხმარნენ, მათ შორის, მედიასაშუალებებიც. ძალიან აქტიურია ჩვენი კამპანიის Facebook-ის გვერდიც.
M: რა ეტაპზეა კაპანია და როგორ გაგრძელდება ის?
ვცდილობთ, ეს კამპანია არ წავიდეს ინერციით და არ დაკარგოს აქტუალობა. ვაპირებთ, ჩავატაროთ ქუჩის კრეატიული ღონისძიებები. ასევე, გვინდა, დონორ კომპანიებსაც მოველაპარაკოთ. როცა ამ კამპანიის შედეგებს დავინახავთ, მერე შეიძლება მეორე და მესამე კამპანიებზე ვიფიქროთ საზოგადოებრივი პლათფორმის სხვა მიმართულებების განსავითარებლად. სხვა კამპანიის განხორციელების დროს, ჩვენი რესურსებიც უნდა გავითვალისწინოთ.
M: რა ნაბიჯების გადადგმას აპირებთ კამპანიის ეფექტიანობის გასაზრდელად?
ამ ეტაპზე ჩვენი ამოცანა იყო, მოგვეხდინა საზოგადოების ინფორმირება და მათი ყურადღება მიგვემართა ამ საკითხის მნიშვნელობაზე. ვაპირებთ, ქცევითი ცვლილების მიმართულებით გამოწვევად ვაქციოთ ეს კამპანია: ქუჩაში, ხალხმრავალ ადგილებში განთავსდება ჩვენი პუნქტები, სადაც მომხმარებელს შევთავაზებთ პლასტმასის ბოთლების მინით ჩანაცვლებას. გვინდა, რეგიონული კამპანიების წარმოებაც დავიწყოთ, ამისთვის კი, პარტნიორების მოძიებაა საჭირო, რომლებიც ჩვენი საკომუნიკაციო აქტივობის გაფართოებაში დაგვეხმარებიან.
M: რამდენ ხანს გაგრძელდება კამპანია ?
ოპტიმალური ვადების შენარჩუნება გადავწყვიტეთ და პროექტი, სავარაუდოდ, სექტემბრამდე გაგრძელდება. “ჩაანაცვლე” დავამთხვიეთ ზაფხულის პერიოდს, რადგან ამ დროს სითხის მოხმარება იმატებს და პლასტმასის ტემპერატურული ცვლილების გამო მეტი საფრთხეც ჩნდება. ვფიქრობთ, პროექტის შედეგები სექტემბრის ბოლოსკენ უნდა გვქონდეს და ვნახავთ, თუ რა ცვლილებები მოიტანა ამ კამპანიამ.













