ხელოვნური ინტელექტის განვითარების პარალელურად, ჩნდება კითხვები, შეძლებს თუ არა იგი ადამიანებისთვის სპეციალობის წართმევას… ეს ბევრ სფეროს ეხება, თუმცა მოდით, ახლა Folio Art-ის ილუსტრატორის ჯეიმს ჰიუჯის ხედვა გავიგოთ შემდგომ საკითხებზე: AI ილუსტრატორებს ჩაანაცვლებს? ან, უფრო ზოგადად, AI ყველა შემოქმედებითი საქმის ჩანაცვლებას მოახერხებს?
უნდა ითქვას, რომ ეს კითხვები უფრო სფეროს დამწყებ სპეციალისტებს უჩნდებათ. ვერ გადაუწყვეტიათ, ღირს თუ არა მრავალწლიანი მუშაობა იმად, რომ ერთ დღესაც ისინი ხელოვნურმა ინტელექტმა ჩაანაცვლოს… ერთი შეხედვით, სწორი კითხვაა, მაგრამ თუ ჩავუღრმავდებით, ამას საფუძვლად არაერთი არასწორი აღქმა უდევს… ახლა კი მოდით, საინტერესო კითხვებზე გადავიდეთ:
დამკვეთები AI-ს ადამიან ილუსტრატორებს ამჯობინებენ?
ილუსტრატორთა უმეტესობა სწორედ იმაზე წუხს, რომ დამკვეთები გენერაციულ AI-ს გამოიყენებენ და მათ აღარ მიმართავენ. რაღაც შემთხვევებისთვის ეს აბსოლუტურად მართალია — მომხმარებლები, რომელთაც პატარა ბიუჯეტი აქვთ ან საერთოდ არ აქვთ საკმარისი ფული, რა თქმა უნდა, უპირატესობას ხელოვნურ ინტელექტს მიანიჭებენ. არსებობენ ისეთებიც, რომელთათვისაც ადამიანის შემოქმედებითობა სულაც არ არის პრიორიტეტული, უბრალოდ ვიზუალები სურთ ვებგვერდისთვის ან პრეზენტაციისთვის, შესაბამისად, არც მის ხარისხზე წუხან… აქედან გამომდინარე, შემდეგი კითხვა ასეთია:
გსურთ ამგვარ მომხმარებლებთან მუშაობა?
უნდა ითქვას, რომ ასეთი დამკვეთების მომხმარებლებიც არ წუხან დიდად იმაზე, ილუსტრაცია ადამიანის მიერ იქნება შექმნილი თუ ხელოვნური ინტელექტის. თუმცა სურათი მაშინ იცვლება, როცა იმ მომხმარებლებსა და ინდუსტრიებზე ვსაუბრობთ, რომლებიც ადამიანთა შემოქმედებითობას ამჯობინებენ…
და ვინ მიანიჭებს უპირატესობას ადამიან ილუსტრატორებს?
ბევრ დამკვეთს არ სურს, AI სურათები მათი პროდუქტის ნაწილი იყოს, კონტრაქტებში პირდაპირ კრძალავენ კიდეც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას. მათ არ მოსწონთ უსულო ილუსტრაციები, სითბოს, შემოქმედებითობისა და პერსონალური კავშირის გარეშე.
როგორ დავრწმუნდეთ იმაში, რომ AI ილუსტრატორებს ვერ ჩაანაცვლებს?
არგუმენტად ციფრული კამერების ისტორია გამოდგება. 1990-იან წლებში, როცა ციფრული კამერები გამოვიდა, პროფესიონალი ფოტოგრაფები წუხდნენ იმის გამო, რომ ისინი აღარავის დასჭირდებოდა — თუ ადამიანს ბიუჯეტური, მარტივად გამოსაყენებელი და კარგი ხარისხის კამერა ექნებოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ ფოტოშოფზე სურათების დასარედაქტირებლად, ვინ დაიქირავებდა ფოტოგრაფს? რა თქმა უნდა, ეს შიშები მაშინვე გაქრა, როცა ფოტოგრაფებმა ციფრული კამერების გამოყენება ისე დაიწყეს, როგორც მოყვარულებს არ შეეძლოთ. მოკლედ რომ გითხრათ, ბაზარს შემოქმედებითი ხედვა შესთავაზეს და შიშებიც წარსულს ჩააბარეს…
ამგვარად, თუ ილუსტრატორობა გაქვთ გადაწყვეტილი ან უკვე ხართ ამ სფეროში, AI მხოლოდ კონკურენტია, რომელსაც ყოველთვის აჯობებთ თქვენი შემოქმედებითი, ადამიანური და ემოციური ხედვით… ამიტომ, ფოტოგრაფების არ იყოს, შიშები თქვენც თამამად შეგიძლიათ, წარსულს ჩააბაროთ.