Agrostore 2020 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის მთავარი მიმართულება ორგანული მეურნეობაა, კერძოდ, კენკრის და ხურმის მოყვანა. 2021 წელს Agrostore-მა გადაწყვიტა პროდუქციის გაფართოება და Craft CHACHAPERSIMMON-ის წარმოება/დისტილაცია დაიწყო.
სტატიაში კი CHACHAPERSIMMON-ის ვიზუალურ იდენტობასა და შეფუთვის დიზაინზე გიამბობთ. მასზე ბუბა რადიანმა, თათა მეგრელიშვილმა, გიორგი ჯანაშვილმა და გიორგი კალმახელიძემ იმუშავეს და როგორც ამბობენ, მათი მთავარი მიზანი ისეთი ვიზუალური ენის შექმნა იყო, რომელიც პირდაპირ გამოხატავდა მთლიან პროცესს — მოსავლის აღებიდან საბოლოო პროდუქტამდე და ხაზს გაუსვამდა სასმლის განსაკუთრებულ თვისებებს.
„ამოცანას პირდაპირი გადაწყვეტა მოვუფიქრეთ და პროდუქტის ძირითადი მახასიათებლები სახელი და ხილი (ხურმა) გამოვყავით, შევქმენით საკმაოდ მასიური და თვალშისაცემი wordmark, რომელიც მიზანმიმართულად ორჯერ იმეორებს სიტყვა ჭაჭას, რადგან სახელის ჟღერადობამ ვერბალური ბრენდინგის განვითარების საშუალება მოგვცა და აქედან გამომდინარე შეიქმნა სლოგანი: „Chacha that makes you ChachaCha“.
ასევე, შეიქმნა ხურმის ილუსტრაცია (ფოთლებით და ტოტებით), რაც ხაზს უსვამს მის ორგანულ თვისებებს და მეტაფორულად გადმოსცემს სრულ პროცესს პირველი ნაბიჯიდან წარმოებამდე.