საერთაშორისო ბაზარზე ჭაჭაზე მოთხოვნა იზრდება. 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოდან მსოფლიოს 25 ქვეყანაში ექსპორტირებულია 322 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, რაც წინა წელთან შედარებით, 47%-იან ზრდას ნიშნავს. ექსპორტირებულია 915 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ჭაჭა, რაც 38%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. აღნიშნულ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.
ამასთან, იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან მსოფლიოს 22 ქვეყანაში ექსპორტირებულია 15,7 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 15%-ით აღემატება გასული წლის 10 თვის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 32,2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია – ზრდამ 8% შეადგინა.

გარდა ამისა, ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 68,3 მლნ-მდე ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 12%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 162 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20% შეადგინა.
ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია – 50% (199997 ბოთლი), პოლონეთი – 30% (2788029), დიდი ბრიტანეთი 50% (103724) და აშშ – 1% (399054); ასევე ევროპისა და ამერიკის მიმართულებით: რუმინეთი – 477% (99774), ჩეხეთი – 70% (33450)), ნიდერლანდები – 39% (63951), საფრანგეთი – 15% (113297), ესტონეთი – 12% (464792), ლატვია – 12% (1427836), ლიეტუვა – 7% (366552), გერმანია – 3% (378954) და ა.შ.; ასევე ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: თურქმენეთი – 102% (135294), მონღოლეთი – 44% (162390), ყირგიზეთი – 37% (179610), უკრაინა – 34% (8346700), ყაზახეთი – 16% (3112202), რუსეთი – 10% (42344328), ბელარუსი – 3% (1353042) და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება: რუსეთი (42344328), უკრაინა (8346700), ჩინეთი (5410667), ყაზახეთი (3112202) და პოლონეთი (2788029).
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 252,1 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 13%-ით აღემატება გასული წლის იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებელს.










