ჩაი დღესდღეობით მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მრავალი ისეთი ქალაქი თუ ქვეყანა არსებობს, სადაც ეს მცენარე მათ იდენტობასა თუ კულტურას ქმნის. ჩაის ინტენსიური მოხმარების გამო შეიძლება ზოგიერთ ქვეყანაზე ვიფიქროთ კიდეც, რომ აქ ეს მცენარე სულ იყო – თუმცა, რეალურად, ჩაის გავრცელება მსოფლიოში ჩინელებს უკავშირდებათ.
ჩაის გავრცელება ჩინეთში
მისი ფოთლები პირველად 29°N და 98°E განედის კვეთაზე, სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის, ტიბეტის, ჩრდილოეთ ბირმისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთის მიწების შეერთების წერტილში, იუნანისა და სიჩუანის პროვინციებში აღმოაჩინეს და შემდეგ უკვე, მცენარე 52-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა.
ჩაის ისტორიის მიხედვით, მისი დალევა სავარაუდოდ დაიწყეს იუნანის პროვინციაში შანგის დინასტიის დროს (ძვ. წ. 1500–ძვ. წ. 1046 წ.), როგორც სამკურნალო სასმელი. იქიდან ჩაი გავრცელდა სიჩუანში და ითვლება, რომ იქ პირველად, ადამიანებმა დაიწყეს მოხმარებისთვის ჩაის ფოთლების მოხარშვა კონცენტრირებულ სითხეში სხვა ფოთლების ან მწვანილის დამატების გარეშე, რითაც ჩაის იყენებდნენ როგორც მწარე, მაგრამ მასტიმულირებელ სასმელად და არა როგორც სამკურნალო ნაზავად.
შემდეგ უკვე ჩაის კონტეინერები ნაპოვნი იქნა ჰანის დინასტიის სამარხებში (ძვ. წ. 206 – ახ. წ. 220 წ.), მაგრამ ტანგის დინასტიის დროს (ახ. წ. 618-906 წწ.) ჩაი მტკიცედ დამკვიდრდა, როგორც ჩინეთის ეროვნული სასმელი. ის იმდენად საყვარელი სასმელი გახდა ქვეყანაში, რომ მერვე საუკუნის ბოლოს მწერალმა ლუ იუმ დაწერა პირველი წიგნი მთლიანად ჩაის შესახებ, ჩაა ჩინგი ან ჩაის კლასიკა. ამის შემდეგ ჩაი პირველად შემოიტანეს იაპონიაში, იაპონელი ბუდისტი ბერების მიერ, რომლებიც გაემგზავრნენ ჩინეთში სასწავლებლად. ჩაის დალევა გახდა იაპონური კულტურის სასიცოცხლო მნიშვნელობის ნაწილი.
ჩაის გავრცელება ევროპაში
მეთექვსმეტე საუკუნის მეორე ნახევარში ევროპელებში უკვე პირველად გაჩნდა მითქმა-მოთქმა ჩაის შესახებ. ეს ხალხი, ძირითადად, პორტუგალიელები იყვნენ, რომლებიც ცხოვრობდნენ აღმოსავლეთში, როგორც ვაჭრები და მისიონერები. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩაის იმპორტი პორტუგალიელებს სულაც არ უკავშირდებათ. ეს გააკეთეს ჰოლანდიელებმა, რომლებმაც მეთექვსმეტე საუკუნის ბოლოს დაიწყეს აღმოსავლეთის პორტუგალიის სავაჭრო გზების დაპყრობა. საუკუნის დასასრულს მათ დააარსეს სავაჭრო პუნქტი კუნძულ ჯავაზე და სწორედ ჯავის გავლით 1606 წელს ჩაის პირველი პარტია ჩინეთიდან ჰოლანდიაში გაიგზავნა. ჩაი მალევე გახდა მოდური სასმელი ჰოლანდიელებში და იქიდან გავრცელდა კონტინენტური დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, მაგრამ მისი მაღალი ფასის გამო იგი დარჩა მდიდრების სასმელად.
ჩაის გავრცელება ბრიტანეთში
დიდი ბრიტანეთი, რომელიც ყოველთვის ოდნავ უფრო ეჭვის თვალით უყურებდა კონტინენტურ ტენდენციებს, თითქოს სულაც არ უნდა გამხდარიყო ჩაის მომხმარებელი ქვეყანა, მაგრამ პირიქით მოხდა – დღეს ბრიტანეთი ყველაზე უფრო ინტენსიურად მოიხმარს ჩაის. 1600 წლიდან ბრიტანულ აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიას ჰქონდა მონოპოლია საქონლის იმპორტზე ევროპის საზღვრებს გარეთ და, სავარაუდოდ, მეზღვაურებს სახლში ჩაი საჩუქრად მიჰქონდათ. მაგრამ პირველი დათარიღებული ცნობა ჩაის შესახებ ამ ქვეყანაში არის 1658 წლის სექტემბრის ლონდონის გაზეთის Mercurius Politicus-ის რეკლამიდან. მან გამოაცხადა, რომ ჩინური სასმელი, რომელსაც ჩინელები ეძახდნენ, Tcha, სხვა ერებისთვის, Tay, მეტსახელად Tee უკვე გაყიდვაში იყო ყავის სახლში Sweeting’s Rents in City-ში.
ჩარლზ II-ის ქორწინება ეკატერინე ბრაგანცასთან გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა ბრიტანეთში ჩაის გავრცელების ისტორიაში. ის იყო პორტუგალიელი პრინცესა და ჩაის მოყვარული და სწორედ სასმელისადმი მისმა სიყვარულმა დაამკვიდრა ჩაი, როგორც მოდური სასმელი მთლიანად მდიდარ კლასებში. შედეგად, აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიამ დაიწყო ჩაის იმპორტი ბრიტანეთში, მისი პირველი შეკვეთა განხორციელდა 1664 წელს – 100 ფუნტი ჩინური ჩაის გასაგზავნად ჯავადან.
დებატები ჩაის შესახებ
მეთვრამეტე საუკუნეში დიდი კამათი ატყდა იმის შესახებ, იყო თუ არა ჩაის დალევა კარგი ან ცუდი ჯანმრთელობისთვის. ამჟამინდელი სამედიცინო და სამეცნიერო კვლევების თანახმად, ჩვენ ახლა ვიცით, რომ დღეში ოთხი ფინჯანი ჩაის დალევა არგებს თქვენს ჯანმრთელობას, მაგრამ ასეთი ინფორმაცია არ იყო ხელმისაწვდომი ჩაის მსმელებისთვის 250 წლის წინ. განსაკუთრებით მდიდარი ფილანტროპები წუხდნენ, რომ ჩაის გადაჭარბებული დალევა მუშათა კლასებს შორის სისუსტესა და მელანქოლიას იწვევდა.
დებატები ატყდა მეცხრამეტე საუკუნეშიც, მაგრამ მალე დასრულდა იმავე საუკუნის შუა წლებში, როდესაც მდიდარ ქველმოქმედთა ახალმა თაობამ გააცნობიერა ჩაის დალევის მნიშვნელობა.
ჩაის მოხმარება დღეს
დღესდღეობით ჩაის ხშირად ვაყენებთ პაკეტებიდან – ჩაის პაკეტები გამოიგონეს ამერიკაში მეოცე საუკუნის დასაწყისში, მაგრამ გაყიდვები მხოლოდ ბრიტანეთში 1970-იან წლებში გაიზარდა. დღესდღეობით ბევრ ჩაის მსმელს გაუჭირდება წარმოიდგინოს ცხოვრება მის გარეშე. ბოლოდროინდელი სამეცნიერო კვლევები, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, რომ ჩაის დალევას შეიძლება ჰქონდეს ჯანმრთელობაზე პირდაპირი სარგებელი, ირწმუნება, რომ მომავალი საუკუნეების განმავლობაში ჩაისთვის ყოველთვის იქნება ადგილი სახლებში, კაფეებსა თუ ბარებში. ფინჯანი ყავა ხომ ბევრისთვის განტვირთვის საოცარი ხერხია.
რუბრიკის წარმდგენია მანნა.
ავტორი: თინათინ უგრეხელიძე