ისევე, როგორც ჩინეთსა და იაპონიაში, ინდოეთშიც ჩაი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სასმელია, რომლის გარეშეც ეს ქვეყანა, ფაქტობრივად, არ არსებობს. ერთი ჭიქა ჩაით დღის დაწყება აქ უმნიშვნელოვანესი პროცედურაა და ის არ გულისხმობს უბრალოდ რაღაც ცხელი, ტკბილი სასმლის დალევას, ის ბევრად მეტია, ცხოვრების რიტმის განუყოფელი ნაწილია.
თუ ქვეყანაში ჩაის მოხმარების სტატისტიკას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ის ყოველწლიურად 837 000 ტონას მოიხმარს. იმ ადგილებში, სადაც ჩაის აქტიურად ამზადებენ, გზის პირებს ხშირად ყვავილებით რთავენ, თავად ამ სასმლის გასაგემრიელებლად კი, ცნობილ ინდურ სანელებლებს ხმარობენ, ხშირად კი რძითაც აზავებენ.
ჩრდილოეთ ინდოეთში საკმაოდ პოპულარულია ჩაის ჯანჯაფილით შეზავება, რაც ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და მისი განსაკუთრებული მოხმარება ზამთარში ხდება, რადგან კარგად ათბობს სხეულის ტემპერატურას. ჯანჯაფილის ფესვს მუდმივად იყენებდნენ ინდოეთში, ამიტომ, როცა ბრიტანეთმა მე-19 საუკუნიდან ჩაის პოპულარიზაცია დაიწყო, ეს მცენარე ახალ სასმელსაც სიამოვნებით დაამატეს და ახალი დანიშნულებაც მოუძებნეს.
Masala Chai
მიუხედავად იმისა, რომ ძნელი სათქმელია, ზუსტად როდის გაჩნდა Masala Chai, მისი ყველაზე ადრეული ჩანაწერი 500 წლით თარიღდება, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. წარმოშობის ზუსტი ქვეყანა ჯერ კიდევ საკამათოა, თუმცა საყოველთაოდ ცნობილია, რომ Masala Chai-ს მეფე ჰარშავარდჰანას კარზე მიირთმევდნენ და შემუშავებული იყო, როგორც აიურვედის სასმელი. მეფე ჩაის სვამდა, რათა სასამართლოს ან სხვა მნიშვნელოვან დღეებში სიფხიზლე შეენარჩუნებინა. ჩანაწერები იმასაც გადმოგვცემს, რომ ჩაი ხშირად სტუმრების მისასალმებელი სასმელიც ყოფილა.
Masala Chai-ს ადრე სხვადასხვანაირად ხარშავდნენ. მას ცხელსაც მიირთმევდნენ და ცივსაც, სვამდნენ სამკურნალო დანიშნულებით და ის არ შეიცავდა ნამდვილი ჩაის ფოთლებს. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ბრიტანელებმა შავი ჩაის ფოთლები ინდოეთში მხოლოდ 1835 წელს შეიტანეს. ჩამოყალიბდა ჩაის ასოციაცია, რომელიც ზრუნავდა მის პოპულარიზაციაზე ქვეყანაში. ასოციაციის მოთხოვნით, ქარხნებსა და მაღაროებში შესვენების დროს ჩაის დალევის დანერგვა დაიწყო. Masala Chai დღემდე ინდოეთის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ჩაის სახეობად რჩება.
რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი ინდურ ჩაიზე
- რამდენიმე ათეული წლის წინ ჩაის მიირთმევდნენ თიხის პატარა ჭურჭელში, რომელსაც ჰინდიზე კულჰარი, ან ბენგალურად ბჰარი ეწოდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თასები ჯერ კიდევ პოპულარულია კალკუტაში, ინდოეთის უმეტეს ნაწილში პლასტმასის ჭიქები, პაწაწინა ჭიქები და ფოლადის ჭურჭელია გავრცელებული;
- ჩაის სტენდები ხშირად საოჯახო ბიზნესია, რომელიც მოიცავს მრავალ თაობას. ვარანასში, ინდოეთის ერთ-ერთ უძველეს და წმინდა ქალაქში, ჩაის ერთ-ერთი სადგომის უფროსს მამა გარდაეცვალა და მას შემდეგ თავისი ჩაის სტენდზე ყოველ დილით ახალ გირლანდებს კიდებს, მამის ხსოვნის პატივსაცემად;
- ინდოეთში ყავაზე მეტად ჩაის აფასებენ. მიიჩნევა, რომ ჩაი უზრუნველყოფს გონებრივ ენერგიას და აქვს დამამშვიდებელი ეფექტი. ჩაის დალევით, თქვენ მიიღებთ სტიმულს მთელი დღის განმავლობაში;
- ინდოეთში ჩაის ჩვენებურად მოიხსენიებენ, ანუ ჩაის (chai) ეძახიან;
საინტერესო სახეობები
როდესაც ინდურ ჩაიზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ქაშმირული კაჰვა, რომელიც მწვანე ჩაის ფოთლებითა და სანელებლებით მზადდება. სანელებლებად ნუშს, კარდამონს, დარიჩინს, მიხაკსა და ვარდის ფურცლებს იყენებენ. ეს ჩაი ხშირად საუზმის შემადგენელია და ინდურ დელიკატესებთან ერთად მიირთმევა.
შუადღისას მისაღებად, უფრო ვარდისფერი ჩაია მიღებული, რომელსაც ცოტაოდენ ზღვის მარილსაც უმატებენ. ამ სახეობას ცხიმიანი ტექსტურა აქვს, ოდნავ ცხარე გემო დაჰკრავს და ასევე თხილის არომატებიც შეიძლება დაჰყვებოდეს.
ინდოელებისთვის ჩაი ერთდროულად კულტურული ფენომენიც არის და საყოფაცხოვრებო ჩვევაც. თუკი ქაშმირში, ბომბეიში ან ინდოეთის ნებისმიერ მხარეში ხართ, ჩაი აუცილებლად იქცევა თქვენი ტრადიციის ნაწილად, რადგან ეს, ფაქტობრივად, ქვეყნის კულტურული გამოცდილების მიღებად მიიჩნევა. თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ როგორი ეგზოტიკური და ჭრელიცაა თავად ეს ქვეყანა, ჩაის სახეობებიც ისეთივე აქვს. სხვა ქვეყნის კულტურებში ჩაის უფრო მოკრძალებული ვარიაციებია, შეიძლება ითქვას, ცოტა მკაცრიც, ხოლო აქ თითქმის ყველანაირი არომატისა თუ გემოვნების ჩაის შეხვდებით. ზოგი მოგეწონებათ, ზოგიც ალბათ არა, თუმცა ერთი კი უნდა ითქვას, რომ ეს სასმელი ამ კულტურასთანაა შერწყმული და მისი დაგემოვნების გარეშე ინდოეთიდან არ უნდა წამოხვიდეთ.
რუბრიკის წარმდგენია მანნა
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი