in

ჩაის შენახვის პირობები და ვადა

ჩაი ის პროდუქტია, რომელიც ახლა ალბათ ყოველი ჩვენგანის სამზარეულოში დევს. თუ ჩაის მოყვარული ხართ, შეიძლება ჩაის ერთზე მეტი სახეობაც გქონდეთ სახლში და განწყობისა თუ სიტუაციის მიხედვით ირჩევდეთ, რომელი მიირთვათ. ყოველივე იმის გათვალისწინებით, რომ ეს სასმელი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, გადავწყვიტეთ, რამდენიმე რჩევა მოგვეცა, თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ამ სასარგებლო და გემრიელმა პროდუქტმა დიდხანს გაძლოს და არ დაკარგოს თავისი თვისებები.

უპირველეს ყოვლისა, გეტყვით, რომ ჩაი ზოგადად გამძლე პროდუქტია და კარგად ინახება. თუმცა შენახვის პირობების დაცვა მაინც მოგიწევთ, რომ მან თავისი გემო არ დაკარგოს – ის მთავარი თვისება, რომელსაც ვითხოვთ მისგან. ყველაზე მარტივი წესია, რომ ჩაის შესანახად არ გამოვიყენოთ შუშის ან პლასტმასის გამჭვირვალე ქილები. როგორც სპეციალისტები ამბობენ, მათი გამოყენება დაშვებულია მხოლოდ პიტნის ან გვირილის ჩაის შემთხვევაში. ძირითადი სახეობებისთვის, როგორებიცაა: შავი, მწვანე, თეთრი ჩაი და ოლონგი, გამოყენებულ უნდა იქნას დახურული კონტეინერი, რომელიც, თავის მხრივ, სამ ძირითად წესს ემორჩილება:

  • არ უნდა მოხვდეს სინათლე;
  • არ უნდა მოხვდეს ჰაერი;
  • არ უნდა დატენიანდეს;

მოდი, ქვემოთ უფრო დეტალურად ჩავშალოთ ჩაის შენახვის ეს სამი მთავარი პირობა:

  1. ჩაი უნდა შეინახოთ ჟანგბადისგან დაცულ ადგილას

ჩაის ფოთლები ჟანგბადის ზემოქმედებით დროთა განმავლობაში აგრძელებს ჟანგვას. ჰერმეტულ ჭურჭელში შენახვის დროსაც კი, ჰაერი რჩება ფოთლებს შორის და ჭურჭლის თავზე, ანუ ჰერმეტული შეფუთვაც კი არ ნიშნავს, რომ ის სულ უჰაეროდ იქნება. თუ გსურთ, რომ თქვენმა ჩაიმ თავისი ძალა და თვისებები დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს, ეცადეთ, ის იქონიოთ ვაკუუმურ შეფუთვაში. 

  1. მოარიდეთ ჩაი მზის სხივებს

ამ თემაზე ბევრი მითქმა-მოთქმა არსებობს – ზოგი ამბობს, რომ სინათლე ჩაის არც ისე აზიანებს, როგორც ამას დრამატიზებენ, მაგრამ რეალობა ერთია, რომ როდესაც ჩაის ფოთოლს მზის სხივი ხშირად ხვდება, ის გემოს უცვლის პროდუქტს და მეტალის არომატს აძლევს მას. როგორც ჩაის ექსპერტები ამბობენ, სინათლე უარყოფითად აისახება ჩაის მთავარ სასარგებლო ნივთიერებებზე: თეაფლავინებსა და კატექინებზე, ამიტომ რეკომენდებულია, რომ ის დაცული იყოს სინათლის მოხვედრისგან.

  1. არ დაატენიანოთ ჩაის ფოთლები

ტენიანობა ამ პროდუქტს ნამდვილად არ უხდება. თუკი არ გსურთ, რომ დაყენებამდე თქვენი ჩაი გემოსგან მთლიანად დაიცალოს, აუცილებლად მოარიდეთ ის სისველეს. სახლის პირობებში შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა საკვები კონტეინერები, რომლებიც მჭიდროდ იკვრება, ასევე სპეციალურად ჩაის შესანახი ქილები. გახსოვდეთ, რომ სიცივე და სიცხე ისე არ მოქმედებს ჩაის ხარისხზე, როგორც ტენიანობა.

ზოგადი რჩევა ისაა, რომ სახლში მიტანის შემდეგ დატოვოთ ჩაი თავისივე შეფუთვაში და შეინახოთ მშრალ, გრილ ადგილას, სადაც არ დევს ისეთი სხვა პროდუქტები, რომლებსაც მძაფრი სუნი აქვს და შეიძლება ეს არომატი ჩაის ფოთოლზეც გადავიდეს. მისი მოშორება შემდეგ, შეუძლებელი იქნება. მართალია, ჩაის არაფერი ესაქმება მაცივარში, მაგრამ არის სახეობა მათჩა, რომელსაც გამონაკლისის სახით მაცივარში, დალუქული სახით ინახავენ. დაიცავით ეს მარტივი წესები და თქვენი საყვარელი ჩაი დიდხანს შეინარჩუნებს სიახლეს. 

რაც შეეხება ვადებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩაი შეიძლება რამდენიმე წელი იდოს და არ გაფუჭდეს, ჩვენ გირჩევთ შეიძინოთ რამდენიმე თვისთვის საკმარისი რაოდენობა და შემდეგ შეავსოთ. არომატიზირებული ჩაი უნდა იქნას გამოყენებული რამდენიმე თვეში, რადგან არომატი დროთა განმავლობაში ქრება. კონტეინერები, რომლებიც ოდესღაც შეიცავდა არომატიზებულ ჩაის, კარგად უნდა გაირეცხოს და გაშრეს სხვა ჩაით შევსებამდე. ასევე შეგიძლიათ დააკვირდეთ, როგორ არის მომზადებული თავად ჩაის ფოთლები და გაითვალისწინოთ, რომ რაც უფრო წვრილადაა დატეხილი ისინი, მით უფრო მაღალია ზედაპირის ფართობი ჰაერთან კონტაქტში, რაც მისი მალფუჭებადობის დონეს აჩქარებს. 

როგორც ხედავთ, ჩაის შენახვის პირობები არც ისე რთული დასაცავია, ამიტომ მოუფრთხილდით ამ პროდუქტს, თუ გსურთ, რომ ის ხანგრძლივად იყოს თქვენს სამსახურში და მალე არ დაკარგოს როგორც არომატი, ისე სასარგებლო თვისებები, რომლებზეც უკვე ბევრჯერ გვისაუბრია ჩვენი რუბრიკის ფარგლებში. აქვე ვიტყვით, რომ როგორც აღმოჩნდა, ჩაის კიდევ ერთი კარგი თვისება, მისი მარტივი შენახვის პირობებიც არის, რომელიც ამ სასიამოვნო და არომატულ სასმელს მოსახერხებელსაც ხდის მოსახმარად.

რუბრიკის წარმდგენია მანნა.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

#პორტფოლიო: ბრენდინგის 10 მაგალითი MORE™ Studio-ს ნამუშევრებიდან

გაერომ პლასტმასას შემცირებისთვის რეზოლუცია მიიღო