წინა რუბრიკაში თუ იაპონიის ჩაის სმის ტრადიციებზე გელაპარაკეთ, ამჯერად ამ სასმლის სამშობლოში გამოგზაურებთ. ისევე, როგორც ზოგადად ჩინეთის სხვა კულტურები, აქ ჩაის დამზადებისა თუ დალევის ცერემონიაც თავისებურ წესებს მოიცავს და სხვებისგან გამორჩეულია. მას ჩინეთის ნებისმიერ ქალაქში შეხვდებით და ის შეიძლება იყოს როგორც ყოველდღიური ცხოვრების წესი, ისე სხვადასხვა ღონისძიების შემადგენელი ნაწილი, მათ შორის, ქორწილებისაც, რაც როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ გავრცელებულია ამ ქვეყანაში.
რადგან ქორწილები ვახსენეთ, ამითვე განვაგრძოთ…
ქორწილში ჩატარებული ჩაის ცერემონია დიდი ხნის ტრადიციაა ჩინეთში, რომლის დროსაც პატარძალი და ნეფე თავიანთ ოჯახებს ჩაის მიართმევენ. ოჯახის წევრებში შედიან: მშობლები, ბებია-ბაბუა, ნათესავები და სხვა პატივცემული უხუცესები. წყვილი მათგან საჩუქრებსა და საქორწინო მილოცვებს იღებს და ეს ითვლება ორივე ოჯახს შორის ერთგვარ მისასალმებელ აქტად, რომელიც მათ სამომავლო ურთიერთობისთვის ამზადებს და აერთიანებს.
როგორც წესი, ეს ცერემონია ტარდება ჯერ პატარძლის სახლში, შემდგომ კი სიძის ოჯახში. ითვლება, რომ ეს პატარა რიტუალი ქორწილის უფრო დიდი და ფართო საზოგადოებით გაგრძელებისთვის ამზადებს სიძესა და პატარძალს.
ცერემონიები ტიპების მიხედვით
ჩინეთში ზოგადად ჩაის ერთი კი არა, რამდენიმე ცერემონია ტარდება და მათ თავთავიანთი სახელები აქვს. ყველაზე ცნობილი და პრაქტიკაში გამოყენებადი არის გონფუს, იგივე კუნგფუს ჩაის ცერემონია, რომელსაც ყველაზე ხშირად მაღაზიებში შეხვდებით.
კიდევ ერთი გავრცელებული სახეობა კი Wu-wo გახლავთ, რომელსაც ბუდისტური ფესვები აქვს და მისი მთავარი მიზანია, ის ადამიანები, ვინც ვუ-ვოს ცერემონიაში მონაწილეობენ, იყვნენ თანაბარნი. შესაბამისად, ვინც ამ ცერემონიაში მონაწილეობს, მას მოეთხოვება კარს იქით დატოვოს თავისი ცოდნა, გარეგნობა და სიმდიდრე, რაც ჯგუფში თანასწორობის ბალანსს ქმნის.
ინგრედიენტები
ცერემონიაზე ჩინეთში ყურადღება ყველაფერს ექცევა იმისთვის, რომ ის ჩაითვალოს იდეალურად ჩატარებულ აქტად. მაგალითად, ჩაის დასამზადებელი ხელსაწყოები და ჭურჭელი უნდა იყოს ერთდროულად პრაქტიკულიცა და ესთეტიკურად სასიამოვნოც.
ჩაის მოსახარშად გამოიყენება ფაიფურის ან სპეციალური კერამიკული ჩაიდანი. თანმიმდევრული გემოს უზრუნველსაყოფად მას სპეციალურ, დოქისებრ ჭურჭელში ასხამენ, სრულყოფილად მოხარშვისთვის სპეციალური დროც აქვთ გამოყოფილი და აუცილებლად იყენებენ საწურს ფოთლების კარგად გამოსაწურად. ჩაის ცერემონიის განუყოფელი ნაწილი მუქი ფერის ქსოვილი და ზედიზედ 3 ფინჯნის დალევაა.
ამ ცერემონიების კიდევ ერთი და ძალზედ საინტერესო ნაწილი ისაა, რომ ჩაისთვის გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ ძალიან სუფთა წყალი, რომელიც ჩინელების გაგებით, არა მხოლოდ თავად სასმლის გემოზე ახდენს გავლენას, არამედ ბუნებისადმი პატივისცემასაც გამოხატავს.
პროცესი
ჩაის სმის ცერემონია ჩინეთში სულ რაღაც 20-25 წუთით გრძელდება. მისი ფასი კი დამოკიდებულია რაოდენობასა და თავად შერჩეული ფოთლების ხარისხზე.
უპირველეს ყოვლისა, შემსრულებელი წყალს შესაბამის ქვაბში აცხელებს, გასათბობად დებს შიგნით ჩაიდანსა და ფინჯნებს, რათა ყველაფერი მზად ჰქონდეს. ჩაის ფოთლები ცერემონიის მონაწილე ადამიანებს ურიგდებათ და მათ ეძლევათ საშუალება, შეაფასონ ფოთლების სურნელი და ხარისხი.
ამის შემდეგ უკვე ჩაის მზადება იწყება. რა თქმა უნდა, ეს თანაფარდობა, რასაც ახლა დავწერთ, შეიძლება ჩაიდნის მიხედვით განსხვავდებოდეს, მაგრამ ძირითადად, ერთი ულუფა ფოთოლი ჭიქის სამ მეოთხედზე ნაწილდება. ამის მერე ჩაიდანი თავსდება თასში და შემსრულებელი მას მხრების სიმაღლემდე სწევს, ასხამს წყალს სიმაღლიდან და ჩერდება, როცა ჩაიდანი გაივსება.
ამის შემდეგ უკვე იწყება ჩაიდნიდან სასმლის ფინჯნებში განაწილება. აღსანიშნავია, რომ ჭიქებს, დალევის მერე თავდაყირა აწყობენ და ითვლება, რომ ამას მოაქვს კეთილდღეობა და ბედნიერება იმ ადამიანისთვის.
როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს თქვენთვის, ჩინეთში იმასაც კი აქცევენ ყურადღებას, როგორ გიჭირავთ ფინჯანი და გეტყვით, რომ კი, ჩაის ჭიქას ორივე ხელი უნდა მოჰკიდოთ და აუცილებლად სამ ყლუპად მოსვათ: პირველი ყლუპი არის მცირე, მეორე შედარებით მსხვილი ყლუპი, ხოლო მესამე დალევაზე უნდა დაიცალოს ფინჯანი და ბოლომდე შეიგრძნოთ ჩაის გემო. თუკი გემომ გაამართლა, იმდენჯერ შეგიძლიათ ჩაის დამატება და დალევა, რამდენჯერაც გესიამოვნებათ.
ბოლოსკენ მივდივართ და გეტყვით, თუ რისი გაკეთება არ შეიძლება ჩინეთში ჩაის ცერემონიის დროს:
- არ მოწიოთ სიგარეტი – ამას უპატივცემულობაში ჩამოგართმევენ;
- არ გადააფურთხოთ ჩაი – ალბათ ხვდებით, ეს ჩინელებისთვის რასაც ნიშნავს. პრინციპში, ვერ ვიტყოდით, რომ ეს სადმე ვინმეს მოეწონება;
- ყურადღება მიაქციეთ თქვენს ქცევებსა და მანერებს, რადგან დახვეწილობა ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია;
- ცერემონიის დროს ნუ იქნებით უაზროდ, ყურადღება მიაქციეთ ყველაფერ იმას, რაც ამ დროს ხდება. მასპინძლისთვის სასიამოვნოა იმის ყურება, რომ თქვენ მის ცერემონიაზე თავს მოდუნებულად, თავისუფლად და მყუდროდ გრძნობთ და ყველა სიამოვნებას იღებს ამ აქტივობით.
რუბრიკის წარმდგენია მანნა.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი