in

ირლანდიური ჩაი – კულტურა, როგორც ერთგვარი რელიგია

ირლანდია ცნობილია, როგორც გამორჩეული ნაციონალური იდენტობის მქონე ქვეყანა. მას ლამაზი ბუნება, მდიდარი ფოლკლორი, საინტერესო ტრადიციები და კულტურული ღირებულებები აქვს. ყოველწლიურად ბევრი ტურისტი სტუმრობს ამ კულტურის გასაცნობად და დასათვალიერებლად, თუმცა რამდენადაა ცნობილი, რომ ირლანდიელები ჩაის მოყვარულთა ტოპ რიგებში არიან? დღეს მოგიყვებით ამაზე.

ამ ქვეყანაში ჩაის სერიოზულად ეკიდებიან. როგორც გარკვეული კვლევები და სტატისტიკები აჩვენებს, ირლანდიელები საშუალოდ დღეში 5-6 ფინჯან ჩაის სვამენ. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ აქ საკმაოდ პოპულარულია ვისკი, ირლანდიური წესით მომზადებული ყავა და სხვა სასმელებიც, ჩაის ყველაზე გავრცელებულ სასმელად მიიჩნევენ. ოჯახები და სამეგობრო წრეები, ალკოჰოლის მიღების მაგივრად, ხშირად ჩაის დასალევად იკრიბებიან.

ისტორია 

ჩაი პირველად მე-18 საუკუენში შემოვიდა, მაშინ, როცა ირლანდია ჯერ კიდევ ბრიტანეთის იმპერიას ეკუთვნოდა. ინგლისური ჩაის კულტურის მსგავსად, ის აქაც მაღალი სოციალური კლასებისთვის იყო განკუთვნილი და საკმაოდ ძვირფას პროდუქტად ითვლებოდა. მაშინდელი ირლანდიური ელიტა თავს იწონებდა იმით, რომ ახალი ჰობი გამოუჩნდა – ცხელი ფინჯნით ჩაის დალევა. მისი სიძვირის ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ ის ჩინეთიდან შემოჰქონდათ. იმის მერე, რაც ბრიტანეთმა თვითონ დაიწყო იმპორტზე ზრუნვა, ფასმა ნელ-ნელა დაიწყო კლება და უფრო მოკრძალებულ სოცკლასებზეც გადავიდა.

ინგლისელებსა და ირლანდიელებს თითქმის მსგავსი, მაგრამ ოდნავ განსხვავებული ჩაის კულტურა შეუმუშავდათ. გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე ხარისხიანი ჩაი მხოლოდ ლონდონში მოიპოვებოდა, შედარებით იაფფასიანი ჯიშები მიდიოდა ირლანდიისკენ. ეს გახდა ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც ტრადიციული ირლანდიური ფინჯნის შექმნა განაპირობა. მასში მეტი რძის დამატება იყო შესაძლებელი, რათა შეერბილებინა მძაფრი გემო.

მე-19 საუკუნის შუა ხანებში ირლანდიაში შიმშილობასა და გაჭირვებას ჩაის სმით ებრძოდნენ. ამის შემდეგ კი, ერთგვარი დემონიზაცია დაიწყო ამ სასმლის წინააღმდეგ. ხალხი, განსაკუთრებით ქალები, მიიჩნევდა, რომ ჩაი დროისა და ფულის ფლანგვა იყო. ხშირად შეხვდებოდით კარებზე გაკრულ ბროშურებს, რომლებზეც ეწერა, რომ ჩაის ნარკოტიკული ზემოქმედების მოხდენა შეუძლია და არ უნდა დაელიათ. 

თუმცა, რაც არ უნდა თქვას ისტორიამ, ჩაიმ ირლანდიაში აშკარად გაიმარჯვა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყანაში ადგილობრივი ბაზარიც ჩამოყალიბდა და თავისი ჩაის წარმოებაც დაიწყო. ის განსხვავდებოდა და დღემდე განსხვავდება ინგლისური ჩაისგან, აქვს უფრო მსუბუქი არომატი. ყველაზე პოპულარულ ბრენდებად კი Barry’s Tea და Lyon’s იქცნენ.

ეტიკეტი

გასაკვირი არაა, რომ ისევე როგორც სხვა კულტურის შემთხვევაში, ჩაის ეტიკეტიც ირლანდიელებს თავისებური აქვთ. ნამდვილი ირლანდიური ჩაი იხარშება ჩაიდანში, რომელიც წინასწარ უნდა გამოიწვას მასში ცხელი წყლის მორევით და დაცარიელდეს. 

თუ ირლანდიაში მოხვდებით და შავ ჩაის დალევთ ისე, რომ სულ ცოტა რძეს მაინც არ დაამატებთ, არ გაგიკვირდეთ, თუ ერეტიკოსადაც კი შეგრაცხავენ. დიახ, არ მოგესმათ! ირლანდიაში მიიჩნევა, რომ თუ ნამდვილად მათი კულტურული ღირებულების დაცვა გამოძრავებთ, მაშინ ისიც უნდა იცოდეთ, რომ აქ ნამდვილი ჩაი მხოლოდ რძესთან ერთად ფასობს. რაოდენობაში შეზღუდული არ ხართ, შეგიძლიათ სასურველი ფერისა და გემოს მიხედვით ჩაამატოთ რძე. აქაურ ჩაის ყვავილოვანი სურნელი აქვს და მიღებულია მისი ცოტა შაქართან ერთად მიღებაც, ამიტომ ვისაც ის დაუგემოვნებია, ამბობენ, რომ თავად სასმელი იმდენად გემრიელი და მოტკბოა, რომ დესერტი აღარც კია მასთან ერთად საჭირო.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ირლანდიის ყველა ოჯახს აქვს კარადაში ჩაი. მისი არქონა სტუმრებთან თავის შერცხვენას ნიშნავს, ამიტომ საყიდლების სიაში პირველ ადგილზე წერია ხოლმე.

ირლანდიური ჩაის ეტიკეტი ასევე ითვალისწინებს ჩაის დალევას სხვებთან ერთად. თუ სახლში მარტო არ ხართ და ჩაი მხოლოდ თქვენთვის მოიმზადეთ, ირლანდიელებმა შეიძლება ეს ერთგვარ ღალატადაც კი ჩაგითვალონ და გაგინაწყენდნენ. 

და ბოლოს, ისევე, როგორც აზერბაიჯანსა და თურქეთში, ირლანდიელთან სტუმრად მისულ ადამიანს მაშინვე ჩაის სთავაზობენ და ეს აქაც სტუმართმოყვარეობის გამოხატულებაა. ირლანდიაში მიიჩნევენ, რომ ჩაი არის საშუალება, შეამციროს უხერხულობა ახალ ნაცნობებში. „ჩაის ხომ არ ინებებთ?” და შემდეგ საუბარი უფრო მარტივი ხდება. 

ერთი სიტყვით, ირლანდიაში ჩაის დიდ ყურადღებას აქცევენ. არ აქვს მნიშვნელობა, სოფლად მოხვდებით თუ ქალაქში, არ გამოტოვოთ შანსი, მიირთვათ ჩაი ტრადიციულ ირლანდიელთან ერთად და გასინჯოთ ის ნამცხვრები, რომლებიც მათი აზრით, ჩაის განსაკუთრებით უხდება. 

რუბრიკის წარმდგენია მანნა.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

უკრაინაში უსახლკაროდ დარჩენილ ცხოველებზე გმირი ვეტერინარი ზრუნავს

„მწვანე კონცხი ბოტანიკოს“ სააღდგომო აქცია – ფასდაკლება ბინებზე და 10 ათას ლარიანი ვაუჩერი საჩუქრად