ამ რუბრიკის ფარგლებში ჩაის არაერთ კულტურაზე მოგიყევით: თურქული, ჩინური, ინგლისური და სხვა, მაგრამ ქართული ჩაის ისტორიაზე ჯერ არ გვისაუბრია. როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, ჩაი ჩვენთანაც საკმაოდ გვიყვარს, იმდენად გვიყვარს, რომ მას ყოველკვირეულ სტატიებსაც კი ვუძღვნით, სტუმრებსაც ვპატიჟებთ ჩაის დასალევად და სახლშიც ბევრი ჩვენგანის დილა ფინჯანი ჩაის დალევით იწყება. ამიტომ მოდი, სიღრმისეულად გავიცნოთ, საიდან მოდის ეს მცენარე ჩვენთან, რომელ რეგიონებში მოჰყავთ და როგორ ინერგებოდა ეს კულტურა ჩვენს რეალობაში.
ისტორია
საქართველოში ჩაის გავრცელების რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთი გვეუბნება, რომ ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში, როდესაც რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე მეორემ ერეკლე მეორეს „სამოვარი” და ჩაის სერვიზი აჩუქა, ამ პერიოდიდან ქართველებმა უკვე ისწავლეს ჩაის გემოო, თუმცა ოფიციალურ თარიღად მაინც მე-19 საუკუნე ითვლება. გურიის სამთავროს უკანასკნელმა მთავარმა, მამია V გურიელმა თავის ბაღში ჩაის ბუჩქები დარგო.
დასავლეთ საქართველოში, როგორც მოგეხსენებათ, სუბტროპიკული კლიმატია. ის ძალიან მოუხდა ამ მცენარეს, რომ კარგად აყვავებულიყო და ნაყოფიერი გამხდარიყო, ამიტომ გურიის შემდეგ მალევე ჩაის ბუჩქები მთელ დასავლეთ საქართველოში გამოჩნდა.
ლაო ჯინ ჯაო და ამიერკავკასიული ჩაის კულტურა
ლაო ჯინ ჯაო ჩინელი ახალგაზრდა ჩაის სპეციალისტი იყო, რომელიც 1893 წელს ჩამოვიდა საქართველოში, კერძოდ, ჩაქვში დასახლდა და იქ დაიწყო ჩაის კულტურის გაშენება. იგი 30 წლის განმავლობაში მუშაობდა ჩაის პლანტაციებზე აჭარაში და 1900 წელს პარიზის გამოფენაზე, რომელშიც ჩაის მწარმოებელი ყველა ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, ქართულმა ჩაიმ ოქროს მედალი მოიპოვა. ჯინ ჯაომ აჭარაში ჩაის ფოთლის გადამამუშავებელი ქარხანა ააშენა, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანი ამიერკავკასიის რეგიონს მოიცავდა.
საბჭოთა კავშირი და ქართული ჩაი
1920 წლის შემდეგ, როდესაც საქართველო საბჭოთა პოლიტიკის მსხვერპლად იქცა, საბჭოთა ხელისუფლება დაინტერესდა ქართული ჩაის წარმოებით. დაახლოებით 50-იანი წლებისთვის საბჭოთა ქვეყნების ჩაის მწარმოებლებს შორის საქართველოს პირველი ადგილი ეკავა. ჩვენთან პლანტაციები 67 000 ჰექტარზე იყო გაშენებული. იმ დროს ჩაის ხელით კრეფდნენ, თუმცა სადღაც, 80-იანი წლებიდან, პროდუქტის რაოდენობის გაზრდის მიზნით, ჩაის საკრები მანქანები შემოიტანეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოს წამყვან 17 ქვეყანას შორის, რომელიც ჩაის აწარმოებდა: ჩინეთი, ინდოეთი, ინდონეზია, თურქეთი და სხვა, საქართველო მე-11 ადგილს იკავებდა.
90-იანი წლებიდან, როდესაც ქვეყანაში სამოქალაქო ომი და არეულობა დაიწყო, ჩაის პლანტაციებმა და ქარხნებმაც გააჩერეს მუშაობა. ამ წლებმა ძალიან დიდი ზიანი მიაყენა წარმოებას.
სიტუაციის გამოსწორება 2000-იანი წლებიდან დაიწყო, როდესაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდნენ ქართული ჩაის კომპანიები. შეიქმნა გარკვეული დაფინანსების პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობენ მრეწველობის ამ დარგის განვითარებას. შეიძლება ითქვას, რომ ქართული ჩაი ჯერ კიდევ აღორძინების გზაზეა, თუმცა ის უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში. 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში წარმოებული ჩაის ფოთლის რაოდენობა 2000 ტონას შეადგენს, ყველაზე მსხვილი მწარმოებლები კი გურია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებია.
ქართული ჩაის სახეობები
საქართველოში დღესდღეობით ბევრნაირი ჩაის შეძენაა შესაძლებელი. გარდა ადგილობრივი ბრენდებისა, დიდი რაოდენობით სხვადასხვა ქვეყნის ჩაის ბრენდი შემოდის, თუმცა ადგილობრივად წარმოებულ სახეობებს შორის ყოველთვის მოწინავე პოზიციებზე იყო შავი, მწვანე და პიტნის ჩაი.
საბჭოთა საქართველოში მწვანე ჩაი მეტად პოპულარული ყოფილა, ვიდრე შავი, მისი 30-მდე სახეობა ყოფილა წარმოდგენილი, რომელიც ხარისხებად იყო დაყოფილი და ნამდვილ ჩინურ ან იაპონურ გემოს ტოვებდა.
როგორც ამ სფეროს ექსპერტები გვეუბნებიან, საქართველოში ძირითადად, ჩაის ჩინური სახეობებია გავრცელებული. სულ 16 ჯიშის ქართული ჩაია დღესდღეობით. რაც შეეხება მისი მომზადების წესს, ქართულ ჩაის დაბალი ექსტრაქტულობა აქვს, ამიტომ ამ დარგის სპეციალისტები გვირჩევენ, რომ დაყენებისას ცოტა მეტი რაოდენობა ავიღოთ.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჩაის ფოთლებისთვის ხელსაყრელი გარემოპირობებია, არსებობს ერთი ფაქტორი, რომელიც მისი მოყვანის პროცესს უფრო ანელებს, ვიდრე ჩაის სხვა ქვეყნებში. ეს არის გრძელი ზამთარი და ღამის სიგრილე. თუმცა ეს მის გემოზე არათუ ცუდად არ აისახა, პირიქით, თავისებური არომატი მისცა – ქართულ ჩაის მოტკბო, ხავერდოვანი გემო აქვს.
ჩაის ქართული ჯიშებიდან ყველაზე ცნობილებია ჰიბრიდული #1 ჯიშის ჩაი, რომელიც ინდურ-ჩინური ჩაისა და დიდფოთოლა ჩინურის ჰიბრიდია. ის 1941 წელს გამოიყვანეს. ასევე ცნობილი ჯიშია #2, პირველთან შედარებით უფრო გამძლე ჰიბრიდი, რომელიც იმავე წელს იქნა გამოყვანილი.
როცა ქართულ ჩაიზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა ვახსენოთ, რომ 2021 წლის მონაცემებით, ქართული ჩაის ექსპორტი საკმაოდ გაზრდილია წინა წლებთან შედარებით და გასულ წელს იგი 20-ზე მეტ ქვეყანაში გაიყიდა. ამ ქვეყნებს შორის პირველ ადგილს მონღოლეთი იკავებს, სადაც 400 ტონა ქართული ჩაის ექსპორტი განხორციელდა.
საქართველოში ჩაის სმის რაიმე უცნაური ან დამახასიათებელი ტრადიცია არ შეინიშნება, თუმცა უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ მომრავლდა ჩაის სახლები, კაფეები და რესტორნები, სადაც მენიუში ჩაის ცალკე განყოფილება ეთმობა და უამრავი სხვადასხვა სახეობის ჩაის დაგემოვნება არის შესაძლებელი. ქართველ ჩაის მოყვარულებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ხილისა და სხვადასხვა არომატების მქონე ჩაის სახეობები, რომლებიც საკმაოდ მოთხოვნადია როგორც კაფეებში, ისე მაღაზიების დახლებზე.
რუბრიკის წარმდგენია მანნა.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი