31
Jul
2019

#ჩელენჯერი ნინო კვერნაძე, ვინც ამერიკას ქართული ნუშის ბაღები ამჯობინა

31 Jul 2019

ნინო კვერნაძეს „ლოლიტაში“ შევხვდი. თავიდან ინტერვიუ სხვაგან დავგეგმეთ, თუმცა, სულ ბოლო წუთებში შეიცვალა ჩვენი შეთანხმება და თამარ ჭოველიძის, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გოგოს სახელობის ქუჩაზე აღმოვჩნდით. ვისაუბრეთ ნინოზე, როგორც თანამედროვე „ჩელენჯერზე“, მის ენერგიით სავსე ბუნებასა და ზოგადად, ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე.

მარკეტერი წარმოგიდგენთ რუბრიკას „ჩელენჯერი“, რომლის სპონსორიც შოტლანდიური ერთალაოიანი ვისკი – Glenfiddich-ია. რუბრიკის სტუმარი კი, ჩელენჯერი ნინო კვერნაძე – „უდაბნოს პროექტის“ დირექტორი, „აჭარა ჯგუფი“. 

სანამ ნინოს ქართულ-ამერიკულ გამოცდილებაზე გადავიდოდეთ, „ჩელენჯერის“ ნინოსეულ განმარტებას გაგიზიარებთ, ვინაიდან, ქართულად მას ერთი კონკრეტული შესატყვისი არ აქვს:

როგორც ნინომ განმარტა, ჩელენჯერი მისთვის მიზანდასახულ, მოტივირებულ და თავდაჯერებულ ადამიანთან ასოცირდება, რომელიც მუდმივად ცდილობს, ყველა დაბრკოლებას სათანადოდ გაუმკლავდეს…

ჩვენი შეხვედრა კი, ფილმის ეპიზოდივით გამოდგა… ტყავის სავარძლებში ვსხედვართ ნინო და მე, „გლენფიდიჰის“ ჭიქა ვისკით ხელში, ფოტოებს გვიღებენ და თან ვსაუბრობთ მოგზაურობაზე, ყოველდღიურ გამოწვევებზე, იმ ბედნიერებაზე, რომელიც საყვარელი საქმის კეთებას მოაქვს, ბალანსზე ცხოვრებაში და ლოგიკურად მივდივართ პასუხამდე:

ძალიან სასიამოვნო გარემოში ვმუშაობ საინტერესო და ნიჭიერ ხალხთან ერთად. სამსახურში ყოფნისას, ვცდილობ, რომ მაქსიმალურად პროდუქტიული ვიყო. ჯგუფში ყველას გვიყვარს ჩვენი საქმე და ერთად გუნდურად ვმუშაობთ, რომ კიდევ უფრო მეტს მივაღწიოთ.

მიუხედავად დატვირთული განრიგისა, მე მაინც ყველანაირად ვცდილობ, ჯანსაღი ცხოვრების წესი შევინარჩუნო. ჩემთვის მნიშვნელოვანია ვარჯიში, სწორი კვება და მოგზაურობა, როგორც   საქართველოში, ისე საზღვარგარეთაც. ჩემი აზრით, იმისთვის, რომ ბედნიერი იყო და წარმატებული კარიერა გქონდეს, პირველ რიგში, უნდა გსიამოვნებდეს შენი საქმე, გიყვარდეს სამსახური და კმაყოფილი იყო პირადი ცხოვრებით, – ნინო კვერნაძე.

მიუხედავად ნინოს წარმატებული ამერიკული კარიერისა ნიუ-იორკში, ერთ-ერთ უმსხვილეს საფინანსო კომპანია Goldman Sachs-ში, მან მაინც გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნება და ისეთი კომპანიის მოძიება,  რომელიც ამერიკული მულტინაციონალური კომპანიის პრესტიჟსა და კარიერულ წინსვლას გადაწონიდა; ასეთი ადგილი კი „აჭარა ჯგუფი“ აღმოჩნდა.

ჯერ პროდუქტების მოძიებისა და განვითარების ხელმძღვანელობა დაევალა, მთელი ჯგუფის მასშტაბით, 6 თვის შემდეგ კი, „უდაბნოს პროექტის“ დირექტორად დაინიშნა. დღემდე, დაახლოებით უკვე ორი წელია, ორივე მიმართულებას ხელმძღვანელობს. ძირითადად, ოფისში მუშაობს, თუმცა „უდაბნოს პროექტის“ ფარგლებში, კახეთში ხშირად უწევს ჩასვლა.

უდაბნო ძალიან მასშტაბური პროექტია აგროკულტურისა და აგროტურიზმის განვითარების კუთხით. უკვე 2,000 ჰექტარზე გვაქვს გაშენებული ნუშის ბაღები და სამომავლოდ, ბევრ საინტერესო სიახლეს ვგეგმავთ… იმ საქმიანობაში, რომლითაც ახლა ვარ დაკავებული, ყოველდღე ახალ-ახალი გამოწვევების წინაშე ვდგები. გადაწყვეტილების გადაჭრის კონკრეტული ფორმულა არ არსებობს, აღნიშნული დამოკიდებულია შესაბამის სიტუაციაზე; გადაწყვეტილებების მიღების პროცესი კი ძალიან საინტერესოა, – ნინო კვერნაძე.

შეკითხვაზე, ამერიკაში რომ არ ეცხოვრა, იქნებოდა, თუ არა ასეთი თავდაჯერებული? – მპასუხობს, რომ „ნიუ-იორკში მუშაობა სულ სხვა გამოცდილებაა; იქ სულ სხვა ტემპი და კონკურენციაა“ და რა თქმა უნდა, ძალიან დაეხმარა: „არ ვიცი, როგორი ვიქნებოდი, ამერიკაში რომ არ მეცხოვრა, მაგრამ ფაქტია, რომ ამან ჩემს განვითარებაზე დადებითად იმოქმედა“ – მაგალითად, არასდროს შექმნია პრობლემა მუშაობისას ისეთ მსხვილ ორგანიზაციებში რომელსაც, ძირითადად, როგორც წესი, მამაკაცები უძღვებიან: საბანკო სფერო იქნება ეს, თუ აგროკულტურა.

მჯერა, რომ თუ მიზანს დაისახავ, შენსას აუცილებლად მიაღწევ, სქესს მნიშვნელობა არ აქვს. ყველა ჩემს პატარ-პატარა წარმატებაში ხელი შრომისმოყვარეობამ შემიწყო, მიზანდასახულობამ და რა თქმა უნდა, გამოცდილებამ; ყველაფერთან ერთად გამართლებაც მნიშვნელოვანია, ყველას არ აქვს საშუალება, განათლება და სამუშაო გამოცდილება ამერიკაში მიიღოს, – ნინო კვერნაძე.

ეს ამბავიც, ალბათ, მის ჩელენჯერულ ხასიათს უსვამს ხაზს – უოლსტრიტზე, GS-ის ბანკში კომფორტულად იყო, იცოდა, სად მიდიოდა მისი კარიერული კიბე… თუმცა, ძალიან ორგანიზებული პიროვნებისთვის, რომელსაც ყველაფრის დაგეგმვა წინასწარ უყვარს, ცოტა მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა: სამსახური დატოვა, საქართველოში დაბრუნდა და სრულიად სხვა სფეროში გადაწყვიტა საქმიანობა: „რა თქმა უნდა, აქ ჩამოსვლა და ყველაფრის ნულიდან დაწყება რთული იყო…“მაგრამ როგორც ამბობს, თუ არ „ცადე, ვერასდროს გაიგებ…“ მიუხედავად იმისა, რომ აგროკულტურული მიმართულებით განათლება და გამოცდილება არ ჰქონდა, ამის შესაძენად, ყველაფერი გააკეთა და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ „შრომისმოყვარეობას, მონდომებასა და პასუხისმგებლობას მოჰყვება პროფესიონალიზმი“.

ისე გამოვიდა, რომ ნინოს მიერ გადადგმული ყველაზე დიდი ნაბიჯები ჯერ ამერიკაში წასვლას, შემდეგ კი, იქიდან საქართველოში დაბრუნებას უკავშირდება… ამერიკაში ცხოვრებამ კონკურენტუნარიანი და თავდაჯერებული გახადა, ასევე მიაჩვია გრძელვადიანი გეგმებისა და მიზნების წინასწარ დასახვას. თუმცა, მას შემდეგ, რაც თავისთვის უჩვეულო, სპონტანური გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოში დაბრუნდა, ამ ამბავს, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მოჰყვა მის პიროვნებაში: „ბოლომდე ვერ შევძელი ჩემს ჩვევებზე უარის თქმა და მაინც მიყვარს გეგმებისა და მიზნების დასახვა, მაგრამ ვცდილობ, უფრო დღევანდელი დღით ვიცხოვრო“.

დღევანდელი დღით ცხოვრობს, მაგრამ დიდი ხნის წინ დაგეგმილ გამოწვევაზე უარის თქმას მაინც არ აპირებს: 30 წლის ასაკში 30 ქვეყანა უნდა ჰქონდეს ნანახი. ეს ბავშვობისდროინდელი, თითქმის უკვე ახდენილი ოცნებაა… 29 წლისაა, 29 ქვეყანაშია ნამყოფი და სულ რაღაც ერთ წელიწადში, კიდევ ერთი ქვეყნის გასტრონომიასაც ეზიარება. გასტრონომიას იმიტომ, რომ მისი აზრით, ქვეყნის კულტურის ახლოს გაცნობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება კულინარიაა…

ჩელენჯერი ადამიანების არაპირდაპირი ვალდებულება, ალბათ, თავიანთი ცხოვრების სტილით, რისკიანი გადაწყვეტილებებითა და მიღწეული შედეგებით სხვებისთვის მოტივაციის მიცემაა. ამიტომ, სტატიას ჩელენჯერ ნინო კვერნაძის ციტატით დავასრულებთ: „ჩემი აზრით, ყველამ თვითონ უნდა შეძლოს საკუთარი თავის, ბედნიერებისა და ცხოვრების კონტროლი. ყველა ყველაფერს მიაღწევს, თუ რა თქმა უნდა, ამას გულწრფელად მოინდომებს“.

განხილვა