in

ცოტა რამ „ჩამედან“-ის მოგზაური გამოფენის შესახებ

დიახ, სახელი ჩამედანსწორ შთაბეჭდილებას გიქმნით, აქ წარმოდგენილი 20-მდე ხელოვანის ნამუშევარი სწორედ ჩემოდანში ეტევა, თუმცა მათი არა მხოლოდ ნახვა, არამედ შეხებაც შეგიძლიათ. იგი სტოკჰოლმში Supermarket Fair 2022-ზეც იყო გამოფენილი. გამოდის, სხვა ჩემოდნების მსგავსადაც მოგზაურობს… 

BOG
BOG

საინტერესოა ისიც, რომ ჩამედანი ობსკურას, თანამედროვე ხელოვნების პლატფორმის ნახევარწლიანი პროექტის კვირაობის გაგრძელებაა. ალბათ, თქვენ კონკრეტულ სახელს პანდემიის დროს მონატრებულ მოგზაურობასაც უკავშირებთ ან რუსეთ-უკრაინის ომს, სადაც ამან უფრო სხვა კონტექსტი შეიძინა — გადაადგილება სიცოცხლის შესანარჩუნებლად აუცილებელი გახდა… ობსკურაში კი ამ კითხვებზე უფრო ზუსტ პასუხებს გვცემენ:

M: რა არის „ჩამედან“-ის გამოფენის კონცეფცია?

„ჩამედან“— მოგზაური, მიგრირებადი გამოფენა და გარკვეულწილად რუსეთ-უკრაინის ომის გამოძახილიცაა. რუსეთის აგრესიის შედეგად ბევრ ადამიანს მოუწია გადაადგილება და, სამწუხაროდ, ეს თემა ისევ ძალიან აქტუალურია. გამოფენაზე მუშაობის პერიოდში ბირთვული იარაღის სამართავი ჩემოდნის თემაც ამოტივტივდა… „ჩამედან“ კი ადვილად ტრანსპორტირებადი გამოფენაა, რომელიც სწორედ ერთ ჩემოდანში თავსდება. გარკვეული სახელოვნებო დესანტიცაა, რომელიც ურთიერთობებისა და აზრთა მიმოცვლისთვის თბილ და სასიამოვნო გარემოს ქმნის.

გადავწყვიტეთ, რომ სიტყვა ჩემოდნის ეტიმოლოგიას გავყოლოდით, სიტყვის მოგზაურობის რუკა წარმოგვედგინა… აღმოვაჩინეთ, რომ ჩამედან სპარსული სიტყვაა და რეგიონში ფართოდაა გავრცელებული. სახელიც აქედან დაიბადა.

M: როგორც ვიცით, ეს ნახევარწლიანი პანდემიამდელი პროექტის „კვირაობის“ გაგრძელებაა, ცოტა რამ რომ გვითხრათ ამის შესახებ…

პანდემიანდე 2019 წელს ორგანიზაცია პროპაგანდამ D ბლოკში დროებითი სახელოსნო დაგვითმო. აქ სპონტანურად დავიწყეთ კოველკვირეული, ერთდღიანი გამოფენების სერია. გამოფენა ერთი ხელოვანის ერთ ნამუშევარზე კონცენტრირდებოდა, სადაც არაფორმალურ, ინტიმურ გარემოში, მნახველებს ხელოვანთან უშუალო კონტაქტი შეეძლოთ. ამ გამოფენებში ურთიერთობის ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამიტომაც საამისო გარემოს შესაქმნელად ბევრს ვფიქრობდით.

M: როგორ მოხვდა გამოფენა სტოკჰოლმში Supermarket Fair 2022-ზე?

სტოკჰოლმის დამოუკიდებელ სახელოვნებო ბაზრობაზე გასულ წელს უკვე ვიყავით. ეს ფესტივალი სტოკჰოლმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი სახელოვნებო ღონისძიებაა, რომელიც უკვე ათ წელზე მეტია, რაც იმართება. ჩვენი გასვლა კი ორგანიზაციისთვის, განსაკუთრებით პანდემიის დიდი პაუზის შემდეგ, ძალიან საინტერესო და წარმატებული იყო. ადგილობრივმა პრესამაც დაწერა ჩვენზე, მასპინძელმა ორგანიზაციამ კი მეორედ მიგვიპატიჟა და ჩვენც სიამოვნებით დავთანხმდით. 

M: ვისი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი „ჩამედანის“ გამოფენაზე?

გამოფენისთვის თანამედროვე ქართველ ხელოვანებს დავუკავშირდით, რომლებმაც თითო ნამუშევარი სწორედ ჩამედანისთვის შექმნეს.

მონაწილე ხელოვანები კი არიან: ნატო ბაგრატიონი, რუსკა ბადრიაშვილი , ელენე გაბრიჩიძე, ტასო გომელაური, ნინო ზირაქაშვილი, სოფო კობიძე, სანდრო სულაბერიძე, ნინუცა შატბერაშვილი, ზურა ცოფურაშვილი, თამუნა ჭაბაშვილი, ირაკლი ხანთაძე, ირინე ჯიბუტი, ნინო ქვრივიშვილის ტექსტილის სტუდიის სტუდენტები: მარიამ ამაშუკელი, მარიამ მამულაიშვილი, მარიამ ჩადუნელი, ნინი ჩორგოლიანი, ქეთი წკრიალაშვილი.

M: რა ტიპის ნამუშევრებისგან შედგებოდა „ჩამედანი“?

ნამუშევრები გამოყენებითია, მაგრამ ამასთანავე თითოეული მათგანი თავისებურ, საინტერესო ისტორიას გვიყვება. ხალიჩა, ბალიშები, ხის მაგიდა და კერამიკის ჭურჭელი ერთად, ინტერიერში მყუდრო გარემოს ქმნის… 

Supermarket-ზე ჩვენ მიერ შექმნილი გარემო ვიზუალური ინფორმაციისაგან დაღლილ და დატვირთულ ადამიანებს, მოსვენებისა და წყნარად საუბრის საშუალებას სთავაზობდა, სადაც მნახველს ნამუშევრის გაცნობა უშუალოდ ნივთის შეხებით შეეძლო. თბილისში გამოფენილი იგივე ინსტალაცია კი ოდნავ სახეცვლილი, მაგრამ მსგავსი ფუნქციის მატარებელია.

M: გეგმავთ თუ არა მომავალში განმეორებით გამოფენას?

თბილისის გამოფენა ჩამედან, გარკვეულწილად მიმდინარე წლის შემაჯამებელი ღონისძიება იყო და ასევე ჩვენთვის ახალი ეტაპის დასაწყისიც. შემოდგომიდან ახალ იდეებსაც განვახორციელებთ, რომელიც ჯერ კიდევ დამუშავების ეტაპზეა.

 ავტორი მაკუნა ჯუღელი

მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის საქართველოში 2022

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო „ბიზნესი მდგრადი განვითარებისათვის 2022“