„ჩემი უახლესი ისტორია „ჩამოს“ შექმნამდე, მოიცავს ხიფათითა და თავგადასავლებით სავსე 8-წლიან მოგზაურობას მსოფლიოს გარშემო, ავტოსტოპით, სამხრეთ ამერიკაში ევროპასა და აზიაში,“ – ამბობს მიშა არობელიძე.
ბოლო გაჩერება გურია აღმოჩნდა, სადაც ტურისტული სივრცის მოწყობა, იაპონელ მეუღლესთან ერთად გადაწყვიტა. მისივე თქმით, ამის მიზეზი თავად გურიის ეგზოტიკურ მახასიათებლებში უნდა ვეძიოთ. საქართველოს ყველაზე პატარა მხარე თავისი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ შეხვდებით ზღვისპირა პლაჟებს, მთის მასივებს, წყალუხვ მდინარეებს, ტბებს, ტყეებს, ტროპიკულ მცენარეებსა და მუდამ მომღიმარ ადგილობრივებს. ვინ იცის, იქნებ, მოთხოვნილი წყლის ნაცვლად, ხელში ღვინო მოგაწოდონ და ხელოვნების დონემდე აყვანილი გურული სტუმარმასპინძლობის ძალაშიც დარწმუნდეთ.
გურია ასეთი მომხიბვლელი რომ არ იყოს, ალბათ არც „ჩამო“ იარსებებდა – მსოფლიოს ირგვლივ მრავალწლიანი მოგზაურობის შემდეგ, იაპონელ მეუღლესთან ერთად, ოზურგეთის რაიონის სოფელ ვაკიჯვარში ჩამოსვლა თავში არავის მოუვიდოდა. აქ, მიშა არობელიძემ და ჩიკამ – ამომავალი მზის ქვეყნიდან, ნაკვეთი შეიძინეს და ტურისტული სივრცე მოაწყეს. „ჩამო“ ოზურგეთის სოფელ ვაკიჯვარში, მდინარის პირას მდებარეობს და გურიის მთებს გაჰყურებს. ეს არის სივრცე, რომელიც აერთიანებს „კემპინგს“ – კარვების გასაშლელ სივრცესა და პატარა კოტეჯს. „ჩამო“ სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან იღებს. მისი მიზანია, გურიის ეგზოტიკური ხასიათის შესახებ, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს.
„ჩამოზე“ უფრო დაწვრილებითი, თავად მიშა არობელიძე მოგიყვებათ.

M: ასეთი მოგზაურობის შემდეგ, ისევ გურიაში როგორ გადაწყვიტეთ დასახლება და განვითარება?
ჩემი ერთ-ერთი მოგზაურობის შემდეგ, არგენტინიდან საქართველოში ვბრუნდებოდი და კატარში, დოჰას აეროპორტში, შევხვდი ჩემს მეუღლეს – ჩიკას, რომელიც იაპონელია. საქართველოში დარჩენას არ ვგეგმავდი – მხოლოდ ერთი თვით მინდოდა გავჩერებულიყავი და შემდეგ ისევ არგენტინაში დაბრუნებას ვფიქრობდი. თუმცა მოხდა ისე, რომ მე და ჩიკამ ნაკვეთის ყიდვა და მასზე ტურისტული ობიექტის შექმნა გადავწყვიტეთ. ასე, გურიის რეგიონში, ეკო-ტურიზმის განვითარების საქმეში ჩვენი წვლილის შეტანა გვინდა. გარდა ამისა, პერმაკულტურითა და მებაღეობით ვიყავით გატაცებული, რისი კეთების საშუალებასაც გვაძლევდა ჩვენს მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთი. ასევე, უნდა ითქვას, რომ ჩვენი ადგილისთვის სახელი „ჩამოს“ დარქმევა ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ გადაწყდა. გვინდოდა, ყოფილიყო მარტივად დასამახსოვრებელი და გურიასთან გარკვეული შემხებლობა მაინც ჰქონოდა. იყო ბევრი ვერსია, მაგალითად „ჩამოი“, რაც პირწმინდად გურული სიტყვაა, თუმცა ჩვენ ზედმეტად უტრირებულად მივიჩნიეთ და გადავწყვიტეთ ადგილის სახელწოდებად შეგვერჩია „ჩამო“.

M: როგორ შეძელით იდეის განხორციელება?
იდეის განხორციელება შევძელით ერთობლივი ძალისხმევით, რომელშიც ოჯახის ყველა წევრმა მიიღო მონაწილეობა.
M: რატომ გურია? რით გამოირჩევა „ჩამოს“ ადგილმდებარეობა?
ამას საფუძვლად რამდენიმე მიზეზი უდევს. პირველი ის, რომ მე დავიბადე და გავიზარდე გურიაში და ძალიან თბილი გრძნობები მაკავშირებს ამ მხარესთან. მეორე, გურიის სიძლიერე ისაა, რომ გარშემორტყმულია მდიდარი ბუნებრივი მემკვიდრეობით – მთის სისტემა, შავი ზღვა, მდინარეები, ტბები, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე კულტივირებული და რჩება „დამალულ განძად“. ხალხი მხიარული, კეთილი და სტუმართმოყვარეობით სავსეა. ამ მდიდარი რესურსებით, გურიას აქვს პოტენციალი, ყოველი ვიზიტორისთვის თუ მოგზაურისთვის შექმნას განწყობა, რომ ისინი საკუთარ სახლში იმყოფებიან.

„ჩამო“ მდებარეობს სოფელ ვაკიჯვარში, ზღვის დონიდან 400 მეტრზე, ბახმაროს მთის მისადგომებთან. ეს არის ადგილი ბუნების წიაღში. ვაკიჯვარი არის ყველაზე მაღლა მდებარე სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. სოფელი გაშენებულია ბახმაროს მთის კალთებზე და გარდა იმისა, რომ აქაური ავთენტური ბუნება არის უკიდეგანოდ მშვენიერი, არსებობს აგრეთვე ვაკიჯვრისა და ბახმაროს დამაკავშირებელი საფეხმავლო/საცხენოსნო ბილიკი, ენით აუწერელი სილამაზის. მას ადგილობრივი მწყემსები ყოველდღიურად იყენებენ. ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ბუნებაში დროის გატარება უყვარს, ლაშქრობა ან თუნდაც ექსტრემალური მოგზაურობა, ეს არის დიდებული ადგილი მათთვის.

M: რას ფიქრობთ, როგორ შეცვალა გურია, ოზურგეთი და ვაკიჯვარი „ჩამოს“ შექმნამ?
ჩემი აზრით, „ჩამოს“ არსებობა ვაკიჯვრისთვის და ზოგადად გურიისთვის არის ძალიან ხელსაყრელი, რადგან სიახლეებს ნერგავს. სანამ „ჩამო“ არსებობას დაიწყებდა, ვაკიჯვრის შესახებ მხოლოდ გურიაში იყო ინფორმაცია ცნობილი და არა მის გარეთ. დღეისთვის, მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან სტუმრები „ჩამოში“, ასევე მოხალისეები სხვადასხვა პროექტში მონაწილეობის მისაღებად, რაც უფრო აქტიურს და სიცოცხლისუნარიანს ხდის აქაურობას. გარდა ამისა, ჩვენ შევქმენით შემეცნებითი ღონისზიებების ციკლი „მიკროსამყარო“, სადაც სტუმრად ვიწვევთ, მწერლებს, მუსიკოსებს, მხატვრებს. ეს ერთგვარად ხელს უწყობს არა მხოლოდ ერთი კონკრეტული სოფლის, ამ შემთხვევაში ვაკიჯვრის, არამედ მთლიანი რეგიონის ღირებულების გაზრდას.
შეგვიძლია აგრეთვე ვისაუბროთ მატერიალურ კეთილდღეობაზეც. შესაძლოა, ამას ჯერ ყოველი გურული ვერ ამჩნევდეს, რადგან „ჩამო“ ისევ ახალბედაა, თუმცა აქ გენერირებული თანხა, საბოლოო ჯამში, გურიასა და მის ეკონომიკას ხმარდება.

M: რატომ უნდა „ჩამო“ვიდეთ – რა არის განსაკუთრებული თქვენს სივრცეში?
„ჩამო“ – ეს არის ადგილი, რომელიც მდებარეობს ბუნების წიაღში და
აერთიანებს გლემპინგსა და კემპინგს ერთ სივრცეში. გლემპინგს ამ შემთხვევაში წარმოადგენს, მომცრო ზომის, ხის კოტეჯი, დიდი ვიტრაჟებით და სრულად აღჭურვილი. გვაქვს აგრეთვე დამხმარე ნაგებობა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს, გარე სამზარეულოს, სველ წერტილებსა და სათავსოს, საკემპინგე ზონისთვის. მის შორიახლოს საცეცხლური დგას, სადაც შესაძლებელია საღამოობით, უკიდეგანო ცის ქვეშ ანთებული კოცონით დიდი სიამოვნების მიღება. გვაქვს მსხმოიარე თუ ორნამენტული მცენარეების ბაღები. სხვა უამრავ მცენარესთან ერთად, აქ შეგიძლიათ ნახოთ იაპონური საკურა და ნეკერჩხალი. ასევე, „ჩამოს“ „დამალული ბილიკი“ სიმწვანეში ჩაფლული, რომელიც 16-მეტრიან ფერდზეა გადაჭიმული და ნატანების მდინარეს უერთდება. ერთი დიდი სიამოვნებაა კოტეჯიდანვე ცქერა, „ჩამოს“ გარშემო არსებული ბახმაროსა და გომის მთის. ჩვენი კონცეფცია არის, უშუალო კომუნიკაცია ჩამომსვლელებთან, კულტურისა და ისტორიის გაცვლა, რის შედეგადაც ორივე მხარე ვიზრდებით გონებრივად თუ სულიერად. აქ შექმნილი ატმოსფერო, დადებითი ენერგია და ბუნებრივი მემკვიდრეობა გულგრილს არავის ტოვებს.

M: რა ხდება „ჩამოში“, ამ დროისთვის?
დღესდღეობით, როგორც ადრე, „ჩამოში“ გვყავს სხვადასხვა ეროვნების სტუმრები, აგრეთვე მოხალისეები დროგამოშვებით. ჩვენ მათ გურიის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციით ვამარაგებთ.
M: რა სირთულეები ახლავს თან „ჩამოს“?
სამწუხაროდ, გურიის რეგიონში ჯერ კიდევ არ არსებობს შესაფერისი, ტურისტული ინფრასტუქტურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და უამისობა ქმნის გარკვეულ პრობლემებს. რაც შეგვეხება ჩვენ – „”ჩამოს“”. ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს პრობლემები, რაც ჯერ კიდევ არსებობს რეგიონში, შეუმჩნეველი დარჩეს, ჩვენს მიერ მოწყობილი სივრცით და კარგი სერვისის ხარჯზე.
M: როგორ ხედავთ „ჩამოს“ განვითარებას?
„ჩამოს“ განვითარებისთვის შემუშავებული გვაქვს კონცეფცია, თუმცა რადგან ჯერ ისევ პროცესში ვართ, ამაზე ვერ ვისაუბრებ. შემიძლია მხოლოდ იმის თქმა, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, „ჩამო“ ერთგულად დგას რეგიონის ტურისტული განვითარების სამსახურში.
ავტორი: სოლომონ დევსურაშვილი












