14
Jun
2019

Chanel ეკოლოგიურად სუფთა აბრეშუმის გამოყვანას დააფინანსებს  

14 Jun 2019

Chanel გარემოს დამცველი კომპანიების რიგს უერთდება – ფრანგული მოდის სახლი, წარმოებაში, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების გამოყენებას დაუჭერს მხარს. ბრენდი სტარტაპს Evolved by Nature დააფინანსებს, რომელიც სინთეტიკური დანამატების გარეშე, ახალი აბრეშუმის ქსოვილის შექმნის მიმართულებით მუშაობს.

ჯერჯერობით, უცნობია, რა მოცულობის ინვესტიციაზეა საუბარი, თუმცა, გამოცემა Bloomberg წერს, რომ თანხა საკმაოდ სოლიდურია. ამ ნაბიჯით, Chanel უერთდება ე.წ. მწვანე ქიმიის კამპანიას, რომლის ფარგლებშიც, ორგანიზაციები ცდილობენ, მათი პროდუქცია, რაც შეიძლება ნაკლებ ქიმიურ დანამატებს შეიცავდეს და შესაბამისად, ნაკლებად საზიანო იყოს გარემოსთვის.

Chanel-ის ამ ნაბიჯს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა გარემოს დამცველთა შორის, რადგან, როგორც წესი, ტანსაცმლისა და კოსმეტიკის წარმოება ნარჩენებისა და ქიმიკატების სერიოზული წყაროა და სწორედ ეს აზიანებს ბუნებას, ყველაზე მეტად. სავარაუდოდ, მომავალში, სწორედ ახალი ტექნოლოგიით გამოყვანილი აბრეშუმით უნდა შეიკეროს მოდის სახლის პროდუქცია.

სანამ გარემოს დამცველები დიდი ბრენდების წინააღმდეგ გამოსვლებს აწყობენ და მათ ბუნებაზე ზრუნვისკენ მოუწოდებენ, მოდისა და სილამაზის სექტორის წარმომადგენლები თავიანთ ინტერესებსა და მისწრაფებებზე საუბრობენ. როგორც Bloomberg წერს, Chanel ამ მხრივ გამონაკლისი არ არის და ბოლო დროს, სულ უფრო მეტი გლობალური ბრენდი ცდილობს „დედამიწის მეგობრად“ დაპოზიციონირდეს.

განხილვა