ეს ამბავი ხომ საინტერესოა, მაგრამ ამასთან, უდიდესი ნახტომია პეკინის კოსმოსური პროგრამისთვის… გუშინ მთვარის შორეულ მხარეს ჩინეთის ზონდი Chang’e-6 მშვიდობიანად დაეშვა! ზონდი South Pole-Aitken Basin-ში ნიმუშების შესაგროვებლად გაუშვეს, რომელიც მზის სისტემაში ყველაზე დიდ დარტყმის შედეგად მიღებულ კრატერს წარმოადგენს. თანაც ნაკლებად შესწავლილი სივრცეა და სწორედ ახლა შეძლებენ მეცნიერები „ისტორიაში პირველად აქედან ნიმუშების წამოღებას“. ტექნიკურად კი Chang’e-6 კომპლექსურ 53-დღიან მისიაზეა, რომელიც 3 მაისს დაიწყო.
„დაბალ ორბიტაზე დაშვებას რისკები ახლდა თან, ამიტომ პროცედურების ზუსტი კონტროლი გვჭირდებოდა, რათა ზონდი თავდაპირველად დაყენებულ ტრაექტორიაზე დაგვესვა. ამის შემდგომ, სწრაფად უნდა შეგვემცირებინა ზონდის სიჩქარე მთვარემდე — 15 წუთში 0-მდე დაგვეყვანა, რაც საწვავის დიდ ოდენობას, თითქმის ზონდის მთლიანი წონის ნახევარს მოითხოვდა“, — აცხადებს ჰუანგ ვუ, მეცნიერი.
ახლა კი, რადგან დაშვება წარმატებით მოახერხეს, Chang’e-6 ეცდება, მთვარის ნიადაგიდან ნიმუშები ამოიღოს და დაშვების ზონაში ექსპერიმენტებიც ჩაატაროს. როგორც ამბობენ, ეს პროცესი სადღაც 2 დღეში დასრულდება, რისთვისაც ზონდი 2 მეთოდს მიმართავს — ბურღს, რათა სიღრმიდან ამოიღოს ნიმუშები და რობოტულ მკლავს, რათა ნიმუშები ზედაპირიდანაც გაგვიზიაროს.
შემდგომ კი ეცდება, მთვარის იმ სივრციდან შემოგვთავაზოს უპრეცედენტო გაშვება, რომელიც დედამიწიდან ყველაზე შორს არის! როგორც ამბობენ, მეცნიერებმა მთვარის ბნელი მხარე, როგორც ტერმინი, იმიტომ გაგვაცნეს, რომ დედამიწიდან უხილავია და არა, იმიტომ, რომ არასდროს იჭერს მზის სხივებს… აღნიშნული კი კვლევებისთვის საიმედო მონაცემია, რადგან მისი კრატერები უძველესი ლავის ნაკადებით ნაკლებად არის დაფარული. მარტივად რომ ვთქვათ, მთვარის ბნელი მხარიდან აღებული მასალები, პოტენციურად უფრო მოჰფენს ნათელს იმას, თუ როგორ ჩამოყალიბდა მთვარე.
საინტერესოა ისიც, რომ ჩინეთი 2030 წლისთვის მთვარეზე ეკიპაჟის გაგზავნას აპირებს და იქ ბაზის აშენებაც სურთ, თუმცა მანამდე ამერიკა გვპირდება, რომ თავისსავე Artemis 3-ის მისიის ფარგლებში 2026 წელს ასტრონავტებს მთვარემდე მიიყვანს…