11
Dec
2019

ცვლილება – ეკო ჩუბინიძე

11 Dec 2019

პირველად იყო ნება.

ჯერ იყო ნება, რომ სიტყვა ყოფილიყო.

ამის შემდეგ იყო სიტყვა.

სიტყვის მერე ნათელი…  მერე კიდევ ბევრი რამ…

მერე კი ადამიანი, რომელიც თვითონ გახდა ბევრი ნების საწყისი.

ეს სტატია ადამიანის „ნებებს“ შორის ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილზე – ცვლის ნებაზე – ცვლილებაზეა.

წელიწადის ის დრო დადგა, მთელ წელს რომ უნდა გადავავლოთ თვალი და საკუთარ თავებს გამოვუტყდეთ: „აბა, წელს მე ვის რა ვარგე?“ პირადად ჩემს ჩამონათვალში ბევრი ისეთი რამ არის, რაც შარშან დაახლოებით ამ დროს დავგეგმე და შევასრულე, ბევრი ისეთიც არის, რომელიც დავგეგმე და ვერ შევასრულე. საინტერესოა, რატომ ხდება, რომ ცვლილებების და სიახლეების ნების მიუხედავად, ზოგჯერ მათ ხორცშესხმას ვერ ვახერხებთ? ან პირიქით, რა არის ის, რაც ცვლილების განხორციელებაში გვეხმარება?

გაგიკვირდებათ და, ამ კითხვაზე თურმე „მათემატიკური სიზუსტის“ პასუხი არსებობს.

* Beckhard-Harris Change Equation

ცვლილების მიმართ რეზისტენტულობა ადამიანური ბუნების ნაწილია. მაგრამ როცა საქმეში კიდევ სამი ძალა შემოდის, ცვლილება გარდაუვალია.

უკმაყოფილება, მომავლის ხედვა, პირველი ნაბიჯები – ამ სამი კომპონენტის კომბინაცია ქმნის ენერგიას, რომელსაც უძრაობის დაძლევა შეუძლია – რაც უფრო დიდია უკმაყოფილება, მით უფრო დიდია ცვლილების სურვილი. რაც უფრო ცხადია მომავლის ხედვა, მით უფრო ძლიერია ცვლილების ენერგია. რაც უფრო სწრაფად და მიზანმიმართულად იდგმევა პირველი ნაბიჯები, საბოლოოდ მით უფრო მალე სუსტდება რეზისტენტულობა ცვლილების მიმართ.

უკმაყოფილება

ჩემი დაკვირვებით, ცვლილებების მაძიებელი ადამიანების უმეტესობა უკმაყოფილების ეტაპზე ვიყინებით ხოლმე. ყველაზე პოპულარული ჩივილები: „არ მინდა რუტინული საქმე,“ „ხელფასით არ ვარ კმაყოფილი,“ „ჩემს თავს ვერ ვხედავ ამ კომპანიაში.“ სინამდვილეში, ტვინს უარყოფის ფუნქცია არ გააჩნია და ყველა ეს წინადადება „არ“ ნაწილაკის გარეშე, პოზიტიურად ესმის.

მარტივი ექსპერიმენტი აქვე #1: არ იფიქრო წითელ მანქანაზე. ეჭვი მაქვს უმეტესობამ სწორედ წითელი მანქანა წარმოიდგინეთ ახლა და გარეთაც რომ გახვალთ, დიდი ალბათობით წითელი ფერის მანქანებზე გაამახვილებთ ყურადღებას.

ასევეა ყველა ის უკმაყოფილება, რომლითაც ტვინს ვკვებავთ. როცა კონცენტრირებას ვახდენთ იმაზე, რაც არ გვინდა, სინამდვილეში ზუსტად ის ხდება ჩვენ გარშემო, რადგან ჩვენი ფიქრები მატერიალიზდება. შესაბამისად, იმისათვის, რომ უკმაყოფილების ჩაკეტილ წრეს თავი დავაღწიოთ, ტვინი უნდა ვკვებოთ იმით, რაც რეალურად გვინდა.

ხედვა, ანუ რა მინდა?

ადამიანის ტვინი სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება: რეპტილიური ტვინი, ძუძუმწოვრების ტვინი და ახალი ტვინი, იგივე ნეოკორტექსი. სწორედ ეს უკანასკნელია ანალიტიკაზე, ვიზუალიზაციაზე, წარმოდგენებსა და ზოგადად ხედვების ფორმირებაზე პასუხისმგებელი, თუმცა მისი მოქმედება ძალიან მარტივად შეიძლება შეფერხდეს ტვინის დანარჩენი ორი ნაწილის უარყოფითი ზეგავლენით. მაგ. რეპტილიური ტვინი, რომელიც ინსტიქტური გონებაა და ჩვენს ბაზისურ შიშებზე მომენტალურად რეაგირებს, დაძაბულ მდგომარეობაში მხოლოდ გადარჩენაზეა მომართული და ნეოკორტექსს სრულად დატვირთვის საშუალებას არ აძლევს. ასევეა ძუძუმწოვრების ტვინიც, რეპტილიურთან შედარებით ის უფრო კომპლექსურია და ღრმა ფასეულობებსა და ემოციებზეა პასუხისმგებელი, ამიტომ თუ ნეოკორტექსის მიერ გამომუშავებული „იდეები“ ადამიანის ღირებულებით სისტემასთან არ არის ჰარმონიაში, ისინი სათანადოდ ვერ „დაფასდება“ და არც შესრულდება.

მაშინ, როცა ჩვენი ინსტინქტური გონებაც და ემოციური გონებაც გაწონასწორებულია, ანალიტიკურ გონებას სასწაულების მოხდენა შეუძლია. ამისათვის ერთ-ერთი კარგი საშუალება ვიზუალიზაციაა, პროცესი, როცა ტვინს ვიზუალების სახით ვაწვდით იმას, რაც გვინდა.

მარტივი ექსპერიმენტი აქვე #2:

უკმაყოფილება – „არ მინდა რუტინული საქმე.“

ხედვა – რუტინული საქმის ნაცვლად რა გინდა? თუ ამ კითხვაზე ახლა კონკრეტული პასუხის გაცემა გიჭირს, შეგიძლია სულ ცოტა ხნით შენს თავს მომავალში შეავლო თვალი. წარმოიდგინე შენი თავი დღეიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ:

  • სად ხარ? როგორია გარემო? ვინ არიან ადამიანები შენ გარშემო?
  • რას აკეთებ? რა უნარ-ჩვევები გეხმარება საქმის წარმატებით კეთებაში?
  • რას გრძნობ? რა განწყობები ტრიალებს გარემოში?
  • შენ რა როლი გაქვს ამ გარემოში? როგორი ადამიანი ხარ? რისი მაგალითი ხარ?
  • რა სარგებელი მოგაქვს შენი საქმით გარშემო ადამიანებისთვის?

რაც უფრო დეტალურად აღწერთ ამ ყველაფერს, მით უფრო ცხადი იქნება ხედვა. ტვინის სავარჯიშოდ და მოტივაციისთვის კი ეს ყველაფერი წარმოსახვით ფილმად შეგიძლიათ აქციოთ და ყოველდღე, უსაქმურობის ჟამს მარტომ უყუროთ. ის, რაც მერე მოხდება, ნამდვილად გაგაოცებთ.

პირველი ნაბიჯები

როცა მიხვდებით, რომ ეს ფილმი ზედმეტად კარგია იმისთვის, რომ ოდესმე რეალობად იქცეს, ზუსტად მაშინ უნდა დაიწყოთ რეალური ნაბიჯების გადადგმა დასახული მიზნისკენ. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი რამდენიმე ქმედებაა. თუნდაც გარემოში უმნიშვნელო ცვლილებების შეტანა იმისთვის, რომ ფილმის კადრს უფრო დაემსგავსოს – ახალი მცენარე, განათება, ან იმ ადამიანების გარშემო შემოკრება, ვინც ფილმში თქვენთან ერთად „თამაშობს,“ ან იმ უნარ-ჩვევების დახვეწა, რომელიც საქმეში ჩაფლულ თქვენს თავს შეამჩნიეთ ფილმის ყურებისას. პირველ ნაბიჯებს პირველი შედეგებიც მოყვება, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს თქვენს მოტივაციას და ააჩქარებს ცვლილებების ტემპს.

დარვინი კი ამბობდა ისინი გადარჩებიან, ვინც ყველაზე სწრაფად ადაპტირდებიან ცვლილებებთანო, მაგრამ დღევანდელ სამყაროში მხოლოდ ცვლილებებთან ადაპტაცია საკმარისი აღარ არის, ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ ცვლილებების საწყისი. ხოდა, დაიწყე ცვლილებები დღეს, რას ელოდები?

 

ეკო ჩუბინიძე – Marketer.ge – ის კონტრიბუტორი

განხილვა