მენეჯმენტის ერთ-ერთი მთავარი აქსიომაა ის, რომ ყველა პროექტი და სტრატეგია გარკვეულ მომენტში საჭიროებს მიმართულების შეცვლას ან კურსის კორექტირებას. ჩნდება ახალი ტექნოლოგიები, კონკურენტები მოულოდნელ სვლებს აკეთებენ და ა.შ. გეგმები არასდროსაა სრულყოფილი. სწორედ ამიტომ არის მოქნილობა და სწრაფი ადაპტაცია კრიტიკული ლიდერული უნარები.
მაინც, როგორ უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენ მიერ განხილული ცვლილების ხორცშესხმა მართლაც სწორი გადაწყვეტილებაა და მიზნის უფრო სწრაფად ან ეფექტურად მიღწევაში დაგეხმარებათ? ცვლილებების არასწორად წარმართვა შეიძლება ძალიან რისკიანი ნაბიჯი იყოს და შედეგად, თქვენი გუნდი არაპროდუქტიული მიმართულებით წაიყვანოთ, დაკარგოთ დრო, რესურსები და მოტივაცია მცირე სარგებლის სანაცვლოდ. მეტიც, შეიძლება შეაფერხოთ მიზნების მიღწევის პროცესი და დაკარგოთ დაინტერესებული მხარეების ნდობა.
ამიტომ მნიშვნელოვანია გავიაზროთ პასუხები შემდეგ კითხვებზე:
მიმართულებას იმიტომ ცვლით, რომ სტრატეგია საჭიროებს ცვლილებას – თუ იმიტომ, რომ შედეგიანობა იყო არასაკმარისი?
შესანიშნავი გეგმები შეიძლება ჩაიშალოს, რადგან ისინი კარგად არ სრულდება, ისევე როგორც საუკეთესო შესრულებამ შეიძლება ვერ იხსნას ცუდი სტრატეგია. როდესაც საქმეები კარგად არ მიდის, ხშირად არ არის ნათელი, სტრატეგიაა არასწორი თუ შესრულებაა ცუდი.
იმის დასადგენად, თუ სადაა პრობლემა, დაუთმეთ დრო და ჰკითხეთ საკუთარ თავს (ასევე, სხვა დაინტერესებულ მხარეებს), სად ხედავენ ისინი ნაკლოვანებებს: გააკეთეთ თუ არა რაიმე დაშვებები სტრატეგიის შესახებ, რომლებიც, როგორც ჩანს, არ მართლდება? არის თუ არა სტრატეგიის ელემენტები, რომლებიც ადრე არ იყო გამოცდილი და შეიძლება საჭიროებდეს გადახედვას? საჭიროებს თუ არა სტრატეგია მოდიფიცირებას თქვენი ორგანიზაციის კულტურასთან შესაბამისობისთვის? ამ კითხვებზე პასუხებმა შეიძლება მიგიყვანოთ სტრატეგიის გადააზრებამდე. მეორე მხრივ, ასევე ჰკითხეთ საკუთარ თავს, აქვს თუ არა თქვენს გუნდს სწორი უნარები და საკმარისი რესურსები სტრატეგიის განსახორციელებლად და არიან თუ არა ისინი ნამდვილად მზად მის განსახორციელებლად.
ამ კითხვების დასმამ შეიძლება მიგიყვანოთ რთულ გადაწყვეტილებებამდე – შეიძლება უფრო ადვილად ჩანდეს სტრატეგიის შეცვლა, ვიდრე პირების პასუხისმგებლობის დაკისრება, მათი უკეთესი მუშაობისთვის წვრთნა ან პროექტიდან მათი ჩანაცვლება, თუ ისინი კარგად არ მუშაობენ. მაგრამ ზოგჯერ ეს აუცილებელია.
მიმართულებას გარე ზეწოლის ან მოუთმენლობის გამო ცვლით თუ ნამდვილი შეფასების საფუძველზე?
ხშირად კრიტიკული პროექტები ან სტრატეგიული პროგრამები მიკროსკოპის ქვეშ ცხოვრობენ. მათი მნიშვნელობა დაინტერესებულ მხარეებს, განსაკუთრებით მაღალი რანგის პირებს, შედეგების ნახვის შფოთვას უჩენს. ეს ხშირად ქმნის ზეწოლას, რომ გააკეთოთ რაიმე, ნებისმიერი რამ, რათა უპასუხოთ მათ შეშფოთებას – მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს სწორი ქმედება. და რაც უფრო მეტად ისმენთ კითხვებს, როგორიცაა „შეგიძლიათ უფრო სწრაფად იმოქმედოთ?“ და „რატომ არ შეგვიძლია უბრალოდ გავაკეთოთ ის, რასაც X კომპანია აკეთებს?“, მით უფრო მეტად შეიძლება დაეჭვდეთ საკუთარი გეზის სისწორეში.
მთავარია, კარგად შეაფასოთ, არის თუ არა დაინტერესებული მხარეების მიერ წამოჭრილი საკითხები ნამდვილად ვალიდური, თუ გაქვთ თუ არა გამბედაობა თქვათ, რომ თქვენი გეგმა გამართულია და თქვენ მას იცავთ.
სტრატეგიას ახალი შესაძლებლობის გამო ცვლით თუ იმ მიზეზით, რომ არსებული გეზი არასაკმარისია?
სწრაფად ცვალებადი გარემოს ერთ-ერთი დამახასიათებელი ფაქტორია ის, რომ მუდმივად ჩნდება ახალი შესაძლებლობები, რომლებმაც პოტენციურად შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს გეგმებზე. მაგალითად, გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოჩენამ შეიძლება შემოგთავაზოთ რაღაცის გაკეთების ახალი გზა, ან შეიძლება აღმოაჩინოთ რესურსი, რომლის შესახებაც არ იცოდით და რომელიც შეიძლება სასარგებლო იყოს. თუმცა, როდესაც ეს ახალი შესაძლებლობები ჩნდება, დაფიქრდით, ნამდვილად გაზრდიან თუ არა ისინი თქვენი საბოლოო მიზნის მიღწევის ალბათობას ან სიჩქარეს – თუ ისინი უბრალოდ მიმზიდველი ახალი სათამაშოებია, რომლებიც საინტერესოა, მაგრამ დიდ განსხვავებას ვერ მოახდენენ.
თუ ფიქრობთ, რომ უკვე მიმდინარე გეგმები ნამდვილად მიგიყვანთ მიზნამდე, მაშინ ჰკითხეთ საკუთარ თავს, რატომ გსურთ ცვლილები? იქნება სარგებელი მასშტაბური ან სწრაფი? ღირს უკვე არჩეული გზის ეჭვქვეშ დაყენება?
წყარო: HBR