29
Oct
2019

კარგია თუ ცუდი ერთსა და იმავე კომპანიაში დიდი ხანი მუშაობა – სოფო ბალავაძე

29 Oct 2019

ვის ვის და მე კი ნამდვილად მეკუთვნის ამ საკითხისთვის, როგორც მინიმუმ, ერთი სტატიის მიძღვნა – თითქმის 13 წელი ერთ კომპანიაში. შემაშფოთებლად ჟღერს? როგორც ამბობენ, პირველი რეაქცია სწორია ხოლმე. ასე რომ, თუ გაგონებისას ეს ფაქტი უარყოფით ემოციებს იწვევს, ალბათ არის მასში რაღაც ცუდი. თუმცა, ვფიქრობ, ამ აქტუალურ საკითხზე აჯობებს ფაქტებით ვიმსჯელოთ და არა სუბიექტურად.

არ ვისაუბრებ იმაზე, რამდენად დამაზიანებელი თუ სასარგებლოა ერთდასაიმავე კომპანიაში დიდი ხანი მუშაობა შემდგომი სამსახურის ძიებისთვის და როგორ ჩანს ეს პუნქტი CV-ზე – ამაზე ბევრი დაწერილა და ჩემზე უკეთ ადამიანური კაპიტალის სპეციალისტები გეტყვიან. გადავწყვიტე პროფესიული და პირადი განვითარების თვალსაზრისით განვიხილო, რა რისკების მატარებელია ერთ კომპანიაში ბევრი წელი მუშაობა. განგებ არ ვიყენებ სიტყვას „რჩევა“, რადგანაც მგონია, რომ ვერავინ ვურჩევთ სხვას. რაც შეგვიძლია, ეს არის გამოცდილების, ცოდნისა და მოძიებული მეცნიერული ფაქტების გაზიარება. გადაწყვეტილებას კი ისევ ჩვენ (შენ) თვითონ ვიღებთ.

არაერთი სტატია წამიკითხავს იმაზე, რომ ერთსადაიმავე სამსახურში დიდხანს დარჩენა კომფორტის ზონაში ყოფნას ნიშნავს. ადრე არ მესმოდა, რას ნიშნავს კომფორტის ზონაში ყოფნა და რატომ მემუქრებოდა, ვინაიდან, ერთი შეხედვით, არასოდეს მიგრძვნია სამსახურში თავი „კომფორტულად“. მქონდა ერთ-ერთი ყველაზე მომთხოვნი, დინამიური სამსახური, სავსე ახალი გამოწვევებით და ასევე, ძალიან კონკურენტული. უკვე შემდგომ მივხვდი, რომ ამ მნიშვნელოვანი გამოწვევების მიუხედავად, მაინც ვიყავი კომფორტის ზონაში, ვინაიდან მთელი ეს დრო ერთსადაიმავე კორპორაციულ კულტურაში და გარემოში გავატარე. უკვე ვიცოდი ყველა სვლა და რამდენადაც რთული დავალება არ უნდა მქონოდა გადასაწყვეტი, ზუსტად ვიცოდი რა უნდა მექნა ამ მოცემულობაში. ყველას ვიცნობდი, ვიცოდი ვისთვის რა როგორ უნდა მეკითხა თუ მეთხოვა და ვის როგორ მივდგომოდი. ერთი სიტყვით, მორგებული ვიყავი.

აღსანიშნავია, რომ კომფორტის ზონაში ყოფნა თავისთავად არაა ბევრის მთქმელი, თუ არ განვიხილეთ რა რისკების მატარებლია. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ – რატომ შეიძლება იყოს უკეთესი სამსახურის გამოცვლა 4-5 წელიწადში მაინც, იმ შემთხვევის გარდა თუ სტაბილურად მნიშვნელოვნად არ ვწინაურდებით. ოღონდ დაწინაურებაში ნუ ჩათვლით პოზიციის სახელწოდების ცვლას და გვერდიდან მომიჯნავე პასუხისმგელობის დამატებას. რეალური დაწინაურება ნიშნავს უფრო მაღალ პოზიციას, ხარისხობრივად და არა მხოლოდ რაოდენობრივად მეტ პასუხისმგებლობას და უკეთეს ანაზღაურებას. მაშ ასე, დავუბრუნდეთ რისკების საკითხს:

ერთსადაიმავე სამსახურში მუშაობა ხელისშემშლელია მრავალფეროვანი უნარების განვითარებისთვის – ერთიდაიმავე ინდუსტრიის და ერთი ტიპის კორპორაციული კულტურის ფარგლებში ვერ განავითარებ ყველა საჭირო კრიტიკულ უნარს, ან ვერ განავითარებ საკმარისად, ისე, როგორც ეს მოგეთხოვება მაღალი პოზიციისთვის და უკეთესი ანაზღაურებისთვის. Deloitte Access Economics კვლევის თანახმად, 2030 წლისთვის მთელი ვაკანსიების 2/3 იქნება ე.წ. რბილ უნარებზე (soft skills) დაფუძნებული. „რბილი უნარები“ ის პერსონალური მახასიათებლებია, რომლებიც განსაზღვრავენ რამდენად კარგად შეგიძლია იმუშაო და დაამყარო კომუნიკაცია სხვებთან. ეს უნარები აადილვებს ადამიანებთან ურთიერთობას, ქმნის ნდობის საფუძველს და გეხმარება მართვაში. ხელოვნური ინტელექტის ფართოდ გავრცელებასთნ ერთად, რბილი უნარები სულ უფრო საჭირო ხდება. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2016 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის დროს, ანუ 2020 წელს, ანუ უკვე დღეს, ყველაზე საჭირო უნარები იქნება: პრობლემების კომპლექსური გადაწყვეტა, კრიტიკული აზროვნება, კრეატიულობა, ადამიანური კაპიტალის მართვა, სხვებთან კოორდინაცია, ემოციური ინტელექტი, გადაწყვეტიელბის მიღება და განსჯა, სერვისზე ორიენტაცია, მოლაპარაკების უნარი, კოგნიტური მოქნილობა. რბილი უნარების გამომუშავებისთვის, ისევე როგორც პროფესიული განვითარებისთვის საუკეთესო ტრენინიგი ახალი სამსახური – ახალი გარემოა.

მეორე – ერთსადაიმავე გარემოში ყოფნა ამახინჯებს  ჩვენს წარმოდგენას. უფრო სწორად, რეალობას. რეალობა ისედაც სუბიექტურია – ჩვენ მას ჩვენი წარმოდგენით ვხედავთ და სწორედ ამ წარმოდგენას გვიზღუდავს ერთსადაიმავე კორპორაციაში ყოფნა. როგორც მოგზაურობა და კითხვა აფართოებს თვალსაწიერს, ისევე დადებითად აისახება თვალსაწიერზე სხვადასხვა სამსახურში და პოზიციაზე მუშაობა. ერთსადაიმავე სამსახურში დარჩენით ჩვენ ვართმევთ ჩვენს თავს უფლებას აღმოვაჩინოთ ახალი და, სხვა თუ არაფერი გადავამოწმოთ – ნამვილად მოგვწონს ის რასაც ვაკეთებთ და როგორც ვაკეთებთ? თვალსაწიერის შეზღუდვა არის შესაძლებლობებზე უარის თქმა, რადგანაც დიდხანს ერთ ადგილას ყოფნისას შთაბეჭდილება გვექმნება რომ ამის მიღმა არც არაფერი ხდება, რომ ეს არის ერთადერთი ადგილი სადაც საკუთარი თავის რეალიზებაა შესაძლებელი.

მესამე – არ ვითვალისწინებთ კონკურენციის არსებობას. შეიძლება შენ არ ეძებ, მაგრამ უნდა იცოდე, რომ სხვა არის ახალი სამსახურის ძიებაში. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს ერთ სამსახურში თანამშრომელი საშუალოდ 4.2 წელს ატარებდა. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ შრომითი ბაზარი მოძრაობაშია – ადამიანები ეძებენ უკეთეს შესაძლებლობებს და ეს შენს სამსახურსაც დაეტყობა. არ ვამბობ იმას, რომ რადგან სხვა ეძებს, მხოლოდ ამიტომ უნდა გააკეთო იგივე შენც, თუმცა უნდა გაითვალისწინო, რომ უნდა შეძლო იყო აქტუალური და მოთხოვნადი იმ პირობებში როდესაც შენი სფეროს სპეციალისტები – შენი კონკურენტები, სამსახურს იცვლიან.

მეოთხე, თუმცა ერთ-ერთი კრიტიკული – არ ვაფართოვებთ ჩვენს სანაცნობო წრეს ანუ „ნეთვორქს“. სანაცნობო წრის მნიშვნელობის დაკნინება რთულია – ამაზე წლებია იწერება არათუ სტატიები, არამედ წიგნები და ეძღვნება ტრენინგები. სანაცნობო წრის გაფართოება ახალი შესაძლებლობების პოვნის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა –  არასდორს იცი საიდან გამოხტება საინტერესო იდეა და შემოთავაზება, როდესაც შეხება გაქვს მრავალფეროვან აუტიდოტირიასთან. უფრო სწორად, საინტერესო შემოთავაზება თითქმის ყოველთვის გამოჩნდება, როდესაც ბევრ ადამიანს იცნობ. რთული მისახვედრი არაა, რომ ერთ ადგილას მუშაობით, შენი სანაცნობო წრე იზღუდება.

მეხუთე – ნაკლები ანაზღაურება. ყველა სიტუაციაში, ყველა დროს და ყველასთვის განმსაზღვრელი ნამდვილად არ არის, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ ამით, წმინდა პრაქტიკული შედეგების გარდა, გარკვეულ წილად იზომება რამდენად წარმატებული ხარ შენს საქმიანობაში, უდავოდ მნიშვნელოვანია. „ფორბსის“ 2014 წლის ერთი სტატიის თანახმად, ერთსადაიმავე კომპანიაში საშუალოდ ორ წელზე მეტ ხანს მუშაობის შედეგად, ცხოვრების მანძილზე თანამშრომელი 50%-ით ნაკლებს გამოიმუშავებს. ეს იმ დროსაც კი, თუ ყოველწლიურად ხელფასის თუნდაც 3-4% ზრდა გათვალისწინებულია – როგორც წესი ის ინფლაციას ვერ ჯობნის. სტატია მოძველებულია, თუმცა მას მერე ბევრი არაფერი შეცვლილა და აი რატომ –  როდესაც ერთ სამსახურში დიდხანს ხარ, დამსაქმებელი გეჩვევა და ფიქრობს, რომ შენ უკვე ყველაფერი გამოავლინე რაც იცი და შეგიძლია. შესაბამისად, არ არსებობს მიზეზი რატომ უნდა გადაგიხადოს მეტი. მოდი ასე ვთქვათ – შენ სხვაგან უფრო მეტს გადაგიხდიან, ისევე როგორც შენს ამჟამინდელ კომპანიაში ახალ მოსულს ხშირად მეტს უხდიან, იმიტომ რომ ამ თანამშრომელს მოაქვს სიახლე. „ახალი სისხლი“ მნიშვნელოვანია იმედენად, რამდენადაც როდესაც კომპანიაში გროვდება პრობლემები  და დროთა განმავლობაში ისინი ნებისმიერ კომპანიაში გროვდება, გარკვეული დროის მერე ჩნდება განცდა, რომ რადგან ეს საკითხები არ გადაიჭრა, ამას არსებული თანამშრომელი ვეღარ მოუვლის. გარდა ამისა, დინამიური, მზარდი კომპანიები ყოველთვის ეძებენ ბაზარზე საუკეთესოს, რათა დარწმუნებული იყონ, რომ ყველა ღონეს ხმარობენ კონკურენტულობის შენარჩუნებისთვის.

რომ შევაჯამოთ, ახალი უნარების, მათ შორის და განსაკუთრებით „რბილი უნარების“ შეძენა, სანაცნობო წრის გაფართოება, ახალი გამოცდილების მიღება და თვალსაწიერის გაფართოება, უკეთესი პორობების და შესაძლებლობების შექმნა და აქტუალურად დარჩენა ის ფაქტორებია, რომლებიც მიღწევადია ახალ სამსახურში გადასვლისას.

 

სოფო ბალავაძე – Marketer.ge – ის კონტრიბუტორი

განხილვა