დიკენსის ლიტერატურაზე, შესაძლოა, ნისლიანი პეიზაჟები, მიტოვებული ობლები და გროტესკული ბოროტმოქმედებები გახსენდებოდეთ… ეს კი ნაწილობრივ ილუსტრაციების დამსახურებაა, რომლებიც მე-19 საუკუნის მკითხველს სცენების, პერსონაჟებისა და ემოციების წარმოდგენაში ეხმარებოდა. ამიტომაც, თავად დიკენსიც აქტიურად იყო მათ შექმნაში ჩართული.
ახლა კი შეგვიძლია მთელი ეს შრომა ონლაინ არქივში ვნახოთ, რომელიც დიკენსის ნამუშევრებიდან 2000-ზე მეტ ილუსტრაციას აერთიანებს. შესაბამისად, მას Charles Dickens Illustrated Gallery-ის სახელით გვაცნობენ. აქ ილუსტრაციები წიგნებისა და გამოცემების მიხედვით არის დახარისხებული.

არქივში წარმოდგენილი ოთხი გამოცემა 1836 წლიდან 1912 წლამდე პერიოდს მოიცავს და, დროის ცვლილებასთან ერთად, სხვადასხვა მხატვრისა და ხელოვნების სტილის ნამუშევრებს წარმოაჩენს. პირველი ილუსტრაციები კი ისეთი არტისტების მიერ შესრულდა, როგორებიცაა ფიზი და კრუიკშანკი. ხოლო 1860-იანი წლების Household Edition-მა საშუალო კლასის ოჯახებისთვის შესაფერისი მეტად რეალისტური ილუსტრაციები გაგვაცნო.

რაც შეეხება Library Edition-ს, უფრო მდიდრული გამოცემაა კოლექციონერებისთვის, როცა 1912 წლის Pears Centenary Edition დიკენსის მემკვიდრეობას ნოსტალგიური, სამახსოვრო ნამუშევრებით აღნიშნავს.

ილუსტრატორებს შორის დიკენსისთვის გამორჩეული ჰაბლოტ ნაით ბრაუნი გახლდათ, რომელიც უფრო ფიზის სახელით იყო ცნობილი. მათი თანამშრომლობა თითქმის 20 წელი გაგრძელდა და ისეთ ნამუშევრებს მოიცავდა, როგორებიცაა David Copperfield, Dombey and Son, Little Dorrit და Bleak House. ფიზის ილუსტრაციები ექსპრესიული ხაზებით, თეატრალური კომპოზიციებითა და პერსონაჟებისა თუ ატმოსფეროს ზუსტად გადმოცემის უნარით გამოირჩევა. სწორედ მის ვიზუალურ ინტერპრეტაციებზე იყო დამოკიდებული, რამდენად შეძლებდნენ დიკენსის მოთხრობების დამახსოვრებას მკითხველები…

ეს ონლაინ გამოფენა კი შეგვახსენებს, როგორ ზემოქმედებს ვიზუალური ხელოვნება ლიტერატურის ისტორიაზე. მართალია, ლიტერატურის ანალიზი მთლიანად ტექსტზეა დაფუძნებული, მაგრამ, უდავოდ, ილუსტრაციები ამ ყველაფერში კარგი დამხმარის როლს ასრულებს.

და თუ ინსპირაცია გჭირდებათ, დიკენსის ილუსტრირებულ გალერეაში სტუმრობა ნამდვილად ღირს.















