in

„რატომ დავუბრუნდი სწავლას?“ — ერთი კრეატიული დირექტორის ამბავი…

არიან ადამიანები, რომლებსაც უკვე მაგისტრის ხარისხიც აქვთ და სრულყოფილად აწყობილი კარიერაც, მაგრამ კვლავ ხელახლა უბრუნდებიან სწავლის წრეს… ასე მოხდა კრეატიული დირექტორის, ჩარლი ედვარდსის შემთხვევაშიც, რომელიც მრავალწლიანი გამოცდილებისა და საკმაოდ წარმატებით აწყობილი პროფესიული ცხოვრების შემდეგ ბაკალავრის ხარისხს დაუბრუნდა — გადაწყვიტა, დიზაინისა და ინოვაციების მიმართულებით ესწავლა. ამ პერიოდს კი განსაკუთრებული ენთუზიაზმით იხსენებს, რადგან, როგორც აღნიშნავს, სწორედ მაშინ გაიზარდა ყველაზე მეტად და იპოვა ის, რის ნაკლოვანებასაც ყოველთვის გრძნობდა.

სტატიაში სწორედ ჩარლის გამოცდილებას გიზიარებთ, მისივე სიტყვებით.

დიზაინი ცხოვრებისთვის

ადრე მოდის მიმართულებით დავიცავი ხარისხი, უნივერსიტეტში დაბრუნებისას კი ჩემი ცოდნის და უნარების განვითარება, გაფართოება მსურდა. ეს ნამდვილად ასე მოხდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი მეტად კრიტიკულად და კრეატიულად აზროვნება არ ყოფილა — უკვე გამომუშავებული მქონდა ეს უნარი, ვიცოდი, როგორ უნდა გამომეყენებინა კონკრეტულ სამსახურში. უბრალოდ, იმის გაანალიზებამ, რომ რასაც ვაკეთებდი „თანამედროვეებისგან“ არ განსხვავდებოდა ან არასწორი არ იყო, ძალიან დადებითად იმოქმედა ჩემს თვითშეფასებასა და თავდაჯერებულობაზე.

გარდა ამისა, ეს დამეხმარა, ნებისმიერი საკითხი მრავალი პერსპექტივით შემეფასებინა და თითოეული მათგანისთვის უნიკალური გადაწყვეტა მომეძებნა, თანაც მეტი რწმენით. საბედნიეროდ, დისტანციურად მუშაობისა და სწავლის პრივილეგია მქონდა, რამაც შესაძლებლობა მომცა, მრავალმხრივ ნიჭიერ თუ განსხვავებულ ინდივიდებთან მეთანამშრომლა. ამან გზა გამიხსნა ახალი ხედვისა და კულტურების აღმოჩენისკენ…

დიზაინის სამყარო მუდმივად ვითარდება; ის, ვინც სწავლის დამთავრების შემდეგ მიდის სამსახურში, შეიძლება ახალ და საინტერესო გამოწვევებს შეხვდეს, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, რასაც ასწავლიდნენ. დიზაინის კურსდამთავრებულებს დღეს ურჩევენ, შეხედონ ინდუსტრიას ახალი თვალით, გამოიკვლიონ ახალი ტექნიკა და ტექნოლოგიები, რაც მათ საშუალებას აძლევს, გათავისუფლდნენ დიზაინის ტრადიციული ნორმებისგან. რა თქმა უნდა, ეს ცვლილება მეტად შემოქმედებით ლანდშაფტს აყალიბებს, რომელიც ახალი იდეების ირგვლივ შემუშავებულ თამამ ექსპერიმენტებს მოითხოვს.

ეს რადიკალურად განსხვავდება იმ სწავლებისგან, რაც მე მივიღე, ძველ ნორმებსა და პროცესებს ერთგულად ვიცავ, რადგან ყოველთვის ეს იყო ჩემი ერთადერთი რეალური მოცემულობა. ამიტომაც, გამამხნევებელი იყო იმის დანახვა, თუ როგორ არსებობდა ეს აპრობირებული მეთოდოლოგიები, რომლებსაც მე მივყვებოდი — განსხვავებული გზებით, მაგრამ მაინც ყველაფერი ერთ იდეამდე დადიოდა.

ხელახალი აღმოჩენა

არაფერი ჰგავს თქვენი ენერგიისა და მოტივაციის ხელახლა აღმოჩენის განცდას. ჩემთვის ეს იყო თამაშის შეცვლა. ამან მიბიძგა, რომ წინსვლა გამეგრძელებინა და საკუთარი თავის გაცილებით შესანიშნავ ვერსიად ვქცეულიყავი. ჩემმა ახლად აღმოჩენილმა ენერგიულობამ საშუალება მომცა, გავმკლავებოდი იმ გამოწვევებს, რომლებსაც ადრე თავს ვარიდებდი და შედეგად ისეთი წარმატებისთვის მიმეღწია, აქამდე შეუძლებლად რომ მიმაჩნდა.

ამიტომაც, თუ ამ მოგზაურობის დაწყებას აპირებთ, ენდეთ პროცესს და იყავით მომთმენები. ახალ რუტინებთან და აკადემიურ მოთხოვნებთან ადაპტირებას შეიძლება დრო დასჭირდეს, მაგრამ მათ დაცვას სათანადო შედეგიც მოჰყვება. რაც მთავარია, გჯეროდეთ საკუთარი თავის და წარმატების. შეუპოვრობით, ერთგულებითა და სწავლის სურვილით ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა შეგიძლიათ…

მე არა მხოლოდ ვისწავლე უამრავი ახალი რამ, არამედ დიდი თავდაჯერებულობაც მოვიპოვე. მივხვდი, რომ ისეთივე უნარიანი ვიყავი, როგორც სხვები, თუნდაც დიზაინის დიპლომი არ მქონოდა. რა თქმა უნდა, იყო გამოწვევები გზაზე. მომიწია მუშაობის, სწავლისა და პირადი ცხოვრების ერთმანეთთან შეთავსება, მაგრამ ყველაფერს გავუმკლავდი და ეს მახარებს. ახლა ვგრძნობ, რომ ყველაფრის ატანა შემიძლია.

ასე რომ, თუ სკოლაში დაბრუნებას აპირებთ, მიდით. არასდროსაა გვიან რაიმე ახლის სწავლა. უბრალოდ მოემზადეთ იმპოსტერის სინდრომისთვის. ეს რეალურია და ერთ ღამეში არ გაქრება. მაგრამ რაც უფრო მეტს ისწავლით, მით უფრო თავდაჯერებული გახდებით.

წყარო: The Drum

Microsoft Paint-ს ახალი ფუნქციები ემატება

Hennessy — ბრენდი, რომელიც 3 დროში არსებობს…