პროექტი Charte.ge, საგანმანათლებლო ფონდ Educare Georgia-ს მხარდაჭერით, იმ სოციალურად დაუცველი სკოლის მოსწავლეებისთვის შეიქმნა, რომლებიც ინტერნეტისა და ლეპტოპის გარეშე არიან, ასეთი კი საქართველოში დაახლოებით 78 000-ია. ამ დროისთვის, პროექტში ჩართული ბენეფიციარების სია 100 მოსწავლეს გასცდა. პლუს ამას, პროექტს შემოუერთდნენ დვანის, საოკუპაციო ხაზთან უახლოესი სოფლის, მოსწავლეები. გაიზარდა დონორების რაოდენობაც (დღეისათვის, 214), მათ შორის არიან მსხვილი კომპანიები, რომლებიც არ დაელოდნენ თანხის შეგროვებას და საკუთარი ძალისხმევით “ჩართეს” არაერთი მოსწავლე: საქართველოს ბანკი – დვანი, თიბისი დაზღვევა: საგარეჯო და ფრეზეთი, თიბისი ფეი: წილკანი, EY Georgia & Elit Electronics: წეროვანი, სამშენებლო კომპანია კომფორტი & popsport.com. პროექტის ბენეფიციარებს სხვადასხვა საგანმანათლებლო სერვისებზე უფასოდ აქვთ წვდომა: Khan Academy, Code.org, ნებულა, lingwing, საბა, skills.ge, ინკო.

ელენე ჯაბანაშვილი, 17 წლის: „ცხრა ან ათი თვეა, რაც „ჩართეს“ მოცემული ლეპტოპით ვსარგებლობ. რაც ჩემი ლეპტოპი მაქვს, საჭირო ინფორმაციის მოძიება ბევრად მიადვილდება. შევდივარ უამრავ საგანმანათლებლო საიტზე, როგორებიც არის Khan Academy Georgia, nonstop.ge და სხვები. ინტერნეტის ქონა ყველაზე მეტად საატესტატო გამოცდებისათვის მოსამზადებელ პერიოდში დამეხმარა. თავისუფალ დროს წიგნების კითხვა მიყვარს, რაშიც ძალიან მადგება “საბას” უფასო რესურსები.
საატესტატო გამოცდების გარდა, ინტერნეტი მომავალი პროფესიის არჩევაშიც ძალიან დამეხმარა. აქამდე, კოლეჯში ჩაბარებას და კომპიუტერული მეცნიერებების სწავლას ვაპირებდი, რადგან ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას ვერ ვახერხებდი. ახლა დამოუკიდებლად ვმეცადინეობ და ილიას უნივერსიტეტში, ბიზნესის ფაკულტეტზე ვაპირებ ჩაბარებას“.
იაკობ ტატუნაშვილი (18 წლის): „ჩართეს” მოცემული ლეპტოპი უკვე წელიწადზე მეტია მაქვს. ამ პერიოდის განმავლობაში, სხვადასხვა საიტზე შესვლით ყოველდღე რაღაც ახალს ვიგებ და ვსწავლობ. ინტერნეტის გარდა, ვიყენებ გრაფიკული დიზაინის პროგრამებს, ფოტოშოპს და ილუსტრატორს. გატაცებული ვარ ავტომობილებით, ძალიან მაინტერესებს მექანიკოსის საქმიანობა და ინტერნეტი ამ მიმართულებით მეტის გაგებაშიც მეხმარება. ყოფილა შემთხვევები, როცა სკოლაში მოცემული დავალება უბრალოდ მარტივი დაგუგლვით შემისრულებია. ჩემი აზრით, ინტერნეტი ადამიანს ყველაზე მეტად განვითარებაში და თვითრეალიზებაში ეხმარება.”

სამომავლოდ, “ჩართე” აპირებს ბენეფიციარებსა და დონორებს „მენტორშიპის“ პროგრამა შესთავაზოს, სადაც საერთ ინტერესების და პროფესიის დონორი და მოსწავლე იპოვიან ერთმანეთს და დონორი, როგორც პროფესიონალი, დაეხმარება მოსწავლეს სასურველი პროფესიის ათვისებაში.