in

როგორია ჩეტბოტების როლი ბიზნესში და რა არის მათი საშუალო ფასი

ჩეტბოტები თანამედროვე ტექნოლოგიების ერთ-ერთი ყველაზე ახალი და პოპულარული პროდუქტია. ისინი მოსაუბრე მანქანებია, რომლებიც სხვადასხვა ციფრულ არხზე შენდება და ადამიანს მათთან წერილობითი თუ ხმოვანი კომუნიკაციის დამყარება შეუძლია. მათი გამოყენება ბევრი დანიშნულებით შეიძლება, რადგან ტექსტური თუ პროგრამული უზრუნველყოფის წყალობით, ის საკმაოდ კარგად ართმევს თავს როგორც მომხმარებლებისთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას, ისე მარტივ ოპერაციებს, როგორებიცაა: ჯავშნის გაკეთება, ბალანსის შევსება, თანხის გადარიცხვა, ოპერატორთან დაკავშირება და სხვა…ამ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, უკანასკნელ წლებში ბიზნესი ჩეტბოტებით დაინტერესდა და სხვადასხვა ინდსუტრიის წარმომადგენელი კომპანიები აქტიურად იყენებენ მას მომხმარებელთან საკომუნიკაციოდ. ის ზოგავს დროს, არის ინტერაქტიული და ამასთან, აქვს მომხმარებელთან პერსონალური კავშირის დამყარების საშუალება, რითაც ხალხს თავს აწონებს. 

მსოფლიო მასშტაბით, ბევრი ცნობილი ბრენდი იყენებს ჩეტბოტს, როგორც თავის ციფრულ სერვისს. საქართველოშიც უკვე არაერთი ბიზნესი გვხვდება, რომელსაც თავისი ჩეტბოტი ჰყავს და მისი დახმარებით ამყარებს ურთიერთობას მომხმარებელთან. ის სფეროები, რომლებსაც აქვთ გასაყიდი პროდუქტი, მოხმარებლამდე მისატანი ინფორმაცია ან უბრალოდ ბევრი მონაცემი, რომელიც მარტივად სურთ საზოგადოებას გაუზიარონ, ყოველთვის ინტერესდებიან თავის მომსახურებაში ჩეტბოტების ჩართვით. 

სწორედ ამ მიზეზების გამო, დავინტერსდით, დაახლოებით რა ფასი აქვს ამ ციფრული პროდუქტის საკუთარ ბიზნესში ჩაინტეგრირებას და როგორ ითვლება ჩეტბოტის ბიუჯეტი. ამ თემაზე სასაუბროდ ციფრულ ასისტენტებზე მომუშავე ქართული სტარტაპის თანადამფუძნებელს, სანდრო ასათიანს გავესაუბრეთ:

M: დავიწყოთ იმით, თუ რამდენად საინტერესოა დღეს ბიზნესისთვის ჩეტბოტის ინტეგრირება თავის საქმიანობაში, რამდენად მაღალია მოთხოვნა?

ხშირად, როდესაც რომელიმე უცხოური კომპანიის მომსახურების ცენტრს ჩეტის საშუალებით ველაპარაკებით, მეორე მხარეს ადამიანის ნაცვლად პროგრამა გვპასუხობს. სინამდვილეში ჩეტბოტები იმდენად განვითარდნენ, რომ რამდენიმე წლის წინ Goggle-ის წარმომადგენელმა განაცხადა კიდეც: დროა შემოვიღოთ გარკვეული მარკირების წესები, რათა ჩვენი მომხმარებლები შეცდომაში არ შევიყვანოთ. მათ უნდა იცოდნენ, როდის ელაპარაკებიან ადამიანს და როდის ელაპარაკებიან ჩეტბოტს. ჩეტბოტთან საუბარი გარკვეულად მონიშნული უნდა იყოსო.

მართალია, ამ მხრივ რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა, მაგრამ თავის დროზე, როდესაც ეს განცხადება წავიკითხე, იმაზე დავფიქრდი, რომ ჩეტბოტების გამოყენება კომპანიების მიერ ძალიან სწრაფად იზრდება.

M: ყველაზე ხშირად რა კითხვებით მოდიან პოტენციური დამკვეთები თქვენთან?

ხშირად დამკვეთებს ჰგონიათ, რომ ჩეტბოტს სრულად შეუძლია ადამიანის შრომის ჩანაცვლება. ჩეტბოტები, როგორც ყველა სხვა ტექნოლოგია, უბრალოდ თანამედროვე მოქნილი ინსტრუმენტია რომლის მართვა, კონტროლი ადამიანმა უნდა განახორციელოს, ანუ თუკი ადამიანს შეუძლია დღის განმავლობაში გარკვეული რაოდენობის კითხვებს გასცეს პასუხი, ჩეტბოტის საშუალებით ის 100-ჯერ მეტ მომხარებელთან შევა დიალოგში.

ასევე, რა თქმა უნდა, ყველას აინტერესებს ბიუჯეტი. ვინაიდან ეს პროდუქტი შედარებით ახალია, ბაზარზე ფასებიც არაა ცნობილი, ამიტომ წინასწარ არ იციან, დაახლოებით რამდენი შეიძლება ღირდეს ან რის მიხედვით ითვლება ბიუჯეტი. 

M: ჩვენი ერთ-ერთი კითხვაც სწორედ ესაა – საშუალო ფასი როგორია და რას ითვალისწინებთ, როდესაც პროექტის ბიუჯეტს ითვლით?

საქმე ისაა, რომ სტანდარტული ბიუჯეტი არ არსებობს, ვინაიდან ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ფასი საორიენტაციოდ შეიძლება 3 000$-ით დაიწყოს, თუმცა ეს ციფრიც ძალიან პირობითია. პირველ რიგში, იმ ინფორმაციის ვითვლისწინებთ, საკითხების რაოდენობას, რომელზეც უნდა ილაპარაკოს, რომლის შესახებაც პასუხები უნდა გასცეს ჩეტბოტმა. ბიუჯეტი ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დიდია პროექტი, რა ვადები სჭირდება. არის ჩეტბოტები, შედარებით ნაკლები ფუნქციონალი აქვს და უფრო მოკლე დროში მზადდება, ამ შემთხვევაში, ფასი, რა თქმა უნდა, ნაკლებია. 

M: როგორია სამომავლო ხედვა, თქვენი აზრით, კიდევ უფრო გაიზრდება მოთხოვნა?

დღეს კომპიუტერს ნახატებით ველაპარაკებით. როდესაც მე მინდა, რომ ფაილი გადავაადგილო, ის ერთი ფოლდერიდან მეორეში უნდა გადავიტანო. კომპიუტერი თავის მხრივ ნახატებით მპასუხობს. ის მოძრავი ნახატებით მაჩვენებს, რითია დაკავებული მოცემულ მომენტში.

მაშინ, როდესაც ადამიანისათვის ინფორმაციის გაცვლა ვერბალურად ანუ ლაპარაკით უფრო ბუნებრივია, ჩემი აზრით, ჩეტბოტები მომავალში კომპიუტერთან ინფორმაციის გაცვლის ძირითადი ინტერფეისი იქნება, ხოლო მათ შექმნაში მწერლები და ქოფირაითერები იქნებიან ჩართული, ვინაიდან მხოლოდ მათ შეუძლიათ განწყობის, ხასიათის აწყობა.

ასევე მანქანები მძღოლის გარეშე ჩვეულებრივი ამბავი იქნება. ასეთი მანქანით მგზავრობისას, სავარაუდოდ, მანქანის მონიტორზე კი არ მივუთითებთ მგზავრობის მიმართულებას, არამედ მანქანას უბრალოდ ვეტყვით, სად გვინდა, რომ მიგვიყვანოს. თუკი ეს მანქანა BMW-ს რომელიმე მოდელი იქმნება ის, სავარაუდოდ, გვიპასუხებს: „წავედით ძმა”, მაგრამ თუკი მანქანა Honda Fit იქნება, რამე უფრო საყვარლობას გვეტყვის.

საქმე ისაა, რომ დღეს, როდესაც რამე პროდუქტს ვყიდულობთ, ჩვენ რეალურად იმ განწყობას ვყიდულობთ, რომელიც ამ პროდუქტის მიმართ მისმა მწარმოებელმა კომპანიამ გაგვიჩინა. შესაბამისად, თუკი მომავალში გარკვეულ მოწყობილობებს ჩვენთან ლაპარაკი შეეძლება, მაშინ მათი შემქმნელი კომპანიები დაიქირავებენ მწერლებს და ქოფირაითერებს, რომლებიც მათ იმ განწყობის შესაბამისად აალაპარაკებენ, რომელიც მათში მწარმოებლებმა ჩადეს.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ვინი პუჰი ბოროტ პერსონაჟად იქცა!

ქართველი ფერმერების მხარდაჭერა და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერება: კარფურში  „ქართული დღეების“ ფარგლებში გამოფენა გაიმართა