ქალ მეღვინეთა მარშრუტის კვალდაკვალ, თქვენ იმოგზაურებთ იმ მარნებში, სადაც ქალებმა საკუთარი მეურნეობები მოაწყვეს. ისინი ვიზიტორებს იმ ტრადიციებსა და კულტურულ ფასეულობებზე უამბობენ, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში მათ რეგიონში ქართული სტუმარმასპინძლობის ისტორიას წერდა.
ქალ მეღვინეებს ღვინის ინდუსტრიაში ღირსეული ადგილი უჭირავთ. გავრცელებული სტერეოტიპების საპირისპიროდ, ისინი წარმატებული და ძლიერი მეურნეები არიან. უმრავლესობა ახალ პროფესიას დაეუფლა, თავად გახსნა საკუთარი ღვინის საწარმო, ვენახს უვლის და დარგის სპეციალისტებთან ერთად ღვინის წარმოების პროცესს ასრულებს. დღეს, მეღვინე ქალები სამაგალითო მეწარმეები არიან და წარმატებით ოპერირებენ ქართულ და მსოფლიო ბაზარზე.
კახეთში ქალ მეღვინეთა გაცნობა თბილისის შემოგარენიდან შეგიძლიათ დაიწყოთ. დედაქალაქიდან ორ კილომეტრში, ბროწეულას დასახლებაში აღმოჩნდებით. სოფელ ბროწეულას კინო-სოფლადაც მოიხსენიებენ, რადგან აქ კინოინდუსტრიის წარმომადგენლების საზაფხულო სახლები მდებარეობს. დასახლებას სახელწოდება „ბროწეულა“ შემთხვევით არ ჰქვია – ამ მხარეში ეს ხილი უხვად ხარობს და „შატო დემის“ მეურნეობაც ბროწეულის ღობითაა გარშემორტყმული.
გულიკო ფანჩულიძის ოჯახი 30 წელზე მეტია მისდევს სოფლის მეურნეობას, რომელიც 2015 წლიდან, ბიომეურნეობის პრინციპით მუშაობს. ორ ჰექტარზე გაშენებულ ვენახს, ხეხილის ბაღსა და ბოსტანს მხოლოდ ბუნებრივი საშუალებით უვლიან. „მცირე, მაგრამ ხარისხიანი“ – ამ დევიზს „შატო დემის“ თითოეული სერვისი ადასტურებს.
მეურნეობაში თქვენი მასპინძელი გულიკო იქნება. ის დაგათვალიერებინებთ ვენახსა და ბაღს, სადაც უამრავი სახეობის მცენარე ხარობს, გაჩვენებთ შინაურ ფრინველებს, ცხოველებს და ბიომეურნეობის სამუშაო პროცესს გაგაცნობთ. გულიკოსთან ნატურალური პროდუქტებით, ავთენტური კერძებითა და ქართლური ვაზის ჯიშებისგან (ჩინური, გორული მწვანე, თავკვერი და შავკაპიტო) დაწურული ღვინით იშლება სუფრა, სადაც ქართული სიმღერებიც არ მოგაკლდებათ. მონაწილეობის მიღება სადილის მომზადებაშიც შეგიძლიათ – გამოაცხოთ ხაჭაპური, მოახვიოთ ხინკალი, მოამზადოთ ნიგვზიანი ბადრიჯანი, შქმერული და სხვა კერძები. გულიკო ფანჩულიძის ოჯახს ბროწეულის რთველზეც შეგიძლიათ ესტუმროთ.
„შატო დემიში“ ღამის გათევის სერვისითაც ისარგებლებთ. სასტუმროს ტიპის სახლში 10-12 პერსონისთვის არის ადგილი.
მოსახერხებელი ადგილმდებარეობა „შატო დემის“ შემოგარენში არაერთი კულტურული ღირსშესანიშნაობის დათვალიერების შესაძლებლობას გაძლევთ. მათ შორის გახლავთ წმ. ანტონ მარტყოფელის V საუკუნისდროინდელი ტაძარი, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი და სხვა. თავად „შატო დემისთან“ ახლოს მდებარეობს ტბა, სადაც ბანაობა და თევზაობაც შეგიძლიათ.