შატო მუხრანის ისტორიული სასახლე, რამდენიმეწლიანი სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ, 29 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს სხვებთან ერთად მედიის წარმომადგენლებიც ვესწრებოდით, სადაც შატო მუხრანის” აღდგენის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს ინვესტორმა, ფრედერიკ პოლსენმა, კომპანიის დირექტორმა – პატრიკ ჰონეფმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმაც.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ წითელი ლენტი გაიჭრა, „მრავალჟამიერის” ხმაც გაისმა და უკვე სასახლის შიდა სივრცის დათვალიერების საშუალებაც მოგვეცა, რომლის ინტერიერის განახლებაზეც მსოფლიოში აღიარებულმა დიზაინერმა, ხუან პაბლო მოლინეომ იმუშავა. მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივი იყო ამ პროექტზე მუშაობა და რომ ის ეცადა არა უბრალოდ ისტორიული შენობის რეკონსტრუქციას, არამედ იმ ატმოსფეროს გაცოცხლებას, რომელიც ერთ დროს ამ არქიტექტურასა და დიზაინში იყო გამეფებული.
„მუხრანის თვალი“ – სწორედ ასე იყო ცნობილი სასახლე, რომლის ისტორია მე-19 საუკუნეში იწყება და ივანე მუხრანბატონის სახელს უკავშირდება. მისი იდეა ჯერ კიდევ მუხრანბატონის საფრანგეთში გამგზავრებამდე 1871 წელს გაჩნდა და მის მშენებლობას 12 წელი დასჭირდა. ი. მუხრანბატონის მიზანი – შეექმნა შატოს კონცეფციაზე დაფუძნებული, პირველი ძლიერი საწარმო საქართველოში, კიდევ უფრო გამყარდა მისი საფრანგეთში მოგზაურობის შემდეგ. მან მუხრანის ანტიკურ ტერიტორიაზე დააფუძნა თავისი მამული, რომელიც თავისი მარნებით, უნიკალური ვენახებით, წარმტაცი ბაღებითა და სასახლით, მალევე იქცა კულტურულ ცენტრად.

მამულის სრულად აღდგენის იდეა კი 2002 წელს დაიბადა. მივიწყებული ტრადიცია, მიტოვებული სასახლე, ბაღები და მარნები შეიქნა ამ გადაწყვეტილების მთავარი საფუძველი. ბატონმა ფრედერიკ პოლსენმა და მისმა თანამოაზრეებმა დაიწყეს მუხრანბატონის მამულების აღდგენა და შექმნეს სააქციო საზოგადოება „შატო მუხრანი”. ქართველმა და იტალიელმა სპეციალისტებმა გააშენეს ვენახი 100 ჰექტარზე და, ამავე დროს,დაიწყეს მარნის მშენებლობაც. 2016 წელს ასევე დაიწყო მუშაობა სასახლის აღდგენაზეც. მას მერე, სასახლის ინფრასტრუქტურის განახლების და გაუმჯობესების პროცესი მიმდინარეობდა, რომლის საბოლოო მიზანი მუხრანბატონის სამეურნეო და კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა იყო.
M: რა იყო თქვენთვის ინსპირაცია, რომ საქართველოში წამოგეწყოთ ბიზნესი და როგორ დაიბადა შატო მუხრანის დაარსების იდეა?
საქართველოში პირველად დაახლოებით 20 წლის წინ ჩამოვედი და გავიცანი ქართველთა ჯგუფი, რომელიც შატოს განახლებაზე მუშაობდა. ჩემთვის ის საინტერესო ქვეყანა იყო იმ დროიდან, როცა საბჭოთა კავშირისგან გათავისუფლდა და დამოუკიდებელი გახდა, რადგან ვგრძნობდი, რომ მას ეკონომიკური განვითარების დიდი პოტენციალი ჰქონდა.
თავიდან უმცროსი პარტნიორი გავხდი, თუმცა წლების შემდეგ მთლიანი ჯგუფისგან მხოლოდ მე დავრჩი და მთელი ენერგია შატოს განახლებაში ჩავდე.
M: როგორ დამყარდა კონტაქტი თქვენსა და დიზაინერ, ხუან პაბლო მოლინეოს შორის?
ვფიქრობ, პასუხი მარტივია, რადგან ბატონი მოლინეო მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი არქიტექტორია, ამ სფეროში მას ყველა იცნობს და სხვა ვარიანტი არც განიხილებოდა.
M: რა სამომავლო გეგმები გაქვთ საქართველოში და კერძოდ, შატო მუხრანში?
ჩვენი მიზანია, შატო მუხრანი ერთგვარ ფანჯრად იქცეს საქართველოსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის. დიდი იმედი მაქვს, აქაურობა მხოლოდ ღირსშესანიშნაობა კი არ იქნება ვიზიტორებისთვის ან მხოლოდ მეღვინეობის კერა, არამედ უფრო მეტ დანიშნულებასაც შეიძენს. დღევანდელი დღე და ამ ისტორიული ადგილის აღდგენა მხოლოდ დასაწყისია. ახლო მომავალში აქ ვიზიტორთა ცენტრისა და სასტუმროს მშენებლობასაც ვგეგმავთ. შესაბამისად, აქ ჩამოსული უცხოელი სტუმრები საქართველოს მთელ კულტურას გაიცნობენ და არა მხოლოდ ცალკეულ ნაწილებს.

M: რა ამბიციაზე დაყრდნობით ხელმძღვანელობთ, როცა ქართულ მეღვინეობასა და სტუმარმასპინძლობაზე ვსაუბრობთ?
ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ საუკეთესო ქართული ღვინო ვაწარმოოთ, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით გახდება ცნობილი. ქართულ ღვინოს წარმოუდგენელი პოტენციალი აქვს და ჩვენ მას მაქსიმალურად გამოვიყენებთ. საქართველოს ყველა ვიზიტორი აუცილებლად უნდა ეწვიოს შატო მუხრანს, რადგან აქ ყველაზე კარგად გაიცნობს როგორც მეღვინეობას, ისე ქართული სტუმარმასპინძლობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ქართული ღვინისა და კულტურის შესახებ.

[R]




















