ChatGPT-ის მრავალი სიახლის ფონზე, ხშირად ყურადღების მიღმა გვრჩება ნამდვილად გამოსადეგი ფუნქციები, რომლებიც არც სათაურების თემატიკა გამხდარა და დიდად არც ვინმეს აღუნიშნავს. ამიტომ, მოდით, ახლა ეს ჩვენ გავაკეთოთ და ჩეტბოტის უხილავ გმირებზე ვისაუბროთ:
მოთხოვნების რედაქტირება
ეს ყველას გამოგვიცდია, მოთხოვნას ჩავწერთ ჩეტბოტში, Enter-ს დავაკლიკებთ და მხოლოდ ამის შემდეგ აღმოვაჩენთ ტაიპოს, რომელიც სრულად ცვლის მნიშვნელობას ან მერე გაგვახსენდება, რომ კონტექსტის რაღაც მნიშვნელოვანი ნაწილი გამოგვრჩა…
თუმცა, საბედნიეროდ, თუ მაუსს თქვენს მოთხოვნაზე მიიტანთ, რედაქტირების ღილაკს იპოვით, რომელიც საშუალებას მოგცემთ, გაგზავნილი ინფორმაცია რეალურ დროში დაარედაქტიროთ. დააზუსტოთ თქვენი კითხვები, დაამატოთ დეტალები და უფრო ეფექტურად მართოთ AI ისე, რომ სასაუბრო თემატიკა არ დაგეკარგოთ.
თქვენზე მორგებული ინსტრუქციები
ყველაზე ღირებული რამ ადამიანებისთვის, რომლებიც ChatGPT-ს ხშირად იყენებენ, პარამეტრებში იმალება — პროფილის სურათს მარჯვენა კუთხეში დააკლიკეთ და აქ Custom Instructions-ის ფუნქცია დაგხვდებათ, რომელიც საშუალებას მოგცემთ, უთხრათ ChatGPT-ს, თუ როგორ გსურთ, მოიქცეს.
კონკრეტული ტონით გინდათ, გესაუბროთ? პარაგრაფებით მოწოდებულ ინფორმაციებს წერტილებით გამოყოფა გირჩევნიათ? ჟარგონებსაც გსურთ, რომ თავი აარიდოთ? პრობლემა არ არის, აქ წესებს თავადვე ადგენთ და მთლიან გამოცდილებას მეტად პერსონალურს ხდით.
პასუხების ხელახლა გენერირება
არ აქვს მნიშვნელობა, ChatGPT-ის პასუხი სრული უაზრობაა თუ საკმარისად კარგი, თუ სრულყოფილი არ არის, Try Again ვარიანტი ყოველთვის გაქვთ. დააკლიკეთ გადამუშავების მსგავს ნიშნულს, რომელიც AI პასუხზე მაუსის მიტანისას გამოჩნდება და აირჩიეთ Try Again, რათა ინფორმაცია ხელახლა დააგენერიროს.
თითოეული დაკლიკებით პასუხს ცოტათი განსხვავებული პერსპექტივიდან მიიღებთ, ახალი ფრაზებით, შესაბამისად, სწრაფი გზაა ვარიაციების საკვლევად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ საუკეთესო შედეგს მიიღებთ ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, თუ რა ამოცანას დაუსახავთ მას.