OpenAI-მ ChatGPT-სა და Sora-ს სურათების შექმნის შესაძლებლობა დაამატა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს უფლება მისცა, ტექსტური მოთხოვნები სურათებად გადააქციონ. თანაც ისე, რომ არც დამატებითი ხელსაწყოებისა თუ აპლიკაციების გამოყენება დასჭირდეთ. ამ ამბის უკან GPT-4o მოდელი დგას და გვეუბნება, რომ ვიზუალები პირდაპირ ჩატში შეუძლია, დააგენერიროს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს პოსტერის დიზაინი იქნება თუ რაღაც იდეის გაცოცხლება.
GPT-4o იმისთვისაა შექმნილი, რომ ერთდროულად მონაცემთა მრავალ ტიპს გაუმკლავდეს, იქნება ეს ვიდეო, აუდიო, ტექსტი თუ სურათი. თუმცა, ის, რაც ამ განახლებას გამორჩეულს ხდის, პროცესია, რომლითაც ჩატში ვიზუალის გენერირება შეუფერხებლად ხდება. განსხვავებით ძველი სისტემებისგან, რომლებიც გარე სურათების გენერატორებს, მათ შორის DALL·E-ს, ეყრდნობოდა, GPT-4o ფოტოებს ჩვეულებრივ ჩატში შემოგთავაზებთ, როგორც ეს ტექსტების შემთხვევაში ხდებოდა.
ტექნიკური განახლების მხრივ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი ე. წ. ავტორეგრესიული გამოსახულების გენერირების მეთოდია. რას ნიშნავს ეს? იმის ნაცვლად, რომ გამოსახულება ერთი ამოსუნთქვით შემოგთავაზოთ, ვიზუალს, ტექსტების მსგავსად, ეტაპობრივად აწყობს. ეს თანმიმდევრული მიდგომა კი ტექსტების დახვეწისა და ვიზუალური დეტალების უკეთესი კონტროლის საშუალებას იძლევა. ამგვარად, წინა AI ხელსაწყოების პრობლემებსაც აგვარებს, რომლებიც ხშირად გამოსახულებებში უზუსტობებს გვთავაზობდა.
რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხს, ჩეტბოტის მიერ გენერირებული თითოეული სურათი მეტამონაცემებს მოიცავს, რომლებიც, თავის მხრივ, აღნიშნავს, რომ AI-ის მიერაა შექმნილი. OpenAI-ის თქმით კი, ეს ჩაშენებული ხელსაწყოები, ხილულ ნიშნებთან ერთად, ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლობიანად გამოყენებას შეუწყობს ხელს.
არც ბევრი ლოდინი მოგიწევთ, ფუნქცია უკვე ხელმისაწვდომია Free-ის, Plus-ის, Pro-სა და Team-ის მომხმარებლებისთვის.