კითხვებზე ამომწურავი პასუხებით, ChatGPT-მ უკვე მიიქცია ჩვენი ყურადღება, ახლა კი გვეუბნებიან, რომ ერთ დღეს იგი, შესაძლოა, ექიმებს ალცჰაიმერის დაავადების ადრეულ ეტაპებზე დადგენაში დაეხმაროს. Drexel University-ის მკვლევრების თქმით, დემენციის ადრეული სტადიების დადგენისას ChatGPT 80%-იანი სიზუსტით გამოირჩეოდა.
მოგეხსენებათ, რომ ამ დაავადებისთვის განკურნების მეთოდი ჯერ არ არსებობს, თუმცა მისი ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირება პაციენტებს თერაპიის მეტ არჩევანს სთავაზობს. იმის გამო, რომ საუბრის შეფერხება ერთ-ერთ სიმპტომს წარმოადგენს დემენციის მქონე პაციენტების 60-80%-ში, მკვლევრები ფოკუსირდნენ ისეთ პროგრამებზე, რომლებსაც შეუძლიათ გამოავლინონ ფარული მახასიათებლები: შეყოვნება, გრამატიკული თუ პუნქტუაციური შეცდომების დაშვება, სიტყვების მნიშვნელობის დავიწყება… ამას კი სწრაფი ტესტის საშუალებით მოახერხებენ.
„ყველაზე ხშირად გამოყენებული ტესტები ადრეული ალცჰაიმერის დადგენისას აკუსტიკურ მახასიათებლებს აკვირდება, როგორებიცაა პაუზა, არტიკულაციისა თუ ხმის მახასიათებლები, რასაც შემეცნების ტესტებთან ერთად იყენებენ. მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ბუნებრივი ენის შემუშავების პროგრამები კიდევ ერთ გზას შემოგვთავაზებს, რათა ალცჰაიმერის ადრეულ ეტაპებზე დადგენა მოვახერხოთ“, — აცხადებს ჰუალოუ ლიანგი, პროფესორი.
გვეუბნებიან, რომ ChatGPT-3-ის მომზადება ინტერვიუების მასობრივი რაოდენობით, რაც ალცჰაიმერის მქონე პაციენტებთან გასაუბრებასაც მოიცავს, მას მეტყველების ნიმუშების შედგენისთვის საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფს, რომლებსაც მომავალ პაციენტებში შეიძლება დავაკვირდეთ.
ტესტირების დროს გუნდმა აღმოაჩინა, რომ GPT-3 განსაკუთრებით კარგად მუშაობდა ალცჰაიმერის მაგალითების ზუსტი დადგენის კუთხით და იმ მაგალითებისაც, რომლებიც საერთოდ არ უკავშირდებოდა აღნიშნულ დაავადებას. დემენციის განსასაზღვრად მათ Mini-Mental State Exam-ის (MMSE) პროგრამასაც მიმართეს, რომელიც დემენციის დონეს გვატყობინებს. იმ პროგრამებთან შედარებით, რომლებიც ალცჰაიმერს ხმოვანი მახასიათებლებით ადგენენ, GPT-3-მა პაციენტებში MMSE ქულების განსაზღვრა 20%-ზე მეტი სიზუსტით შეძლო.
„ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ GPT-3-ის მიერ შედგენილი ტექსტი შეგვიძლია გამოვიყენოთ არა მხოლოდ ალცჰაიმერის დაავადების მქონე ინდივიდების დასადგენად, არამედ იმისათვის, რომ სუბიექტის კოგნიტიური ტესტის ქულა განვსაზღვროთ, თუმცა ორივე მეტყველების მონაცემებს ეფუძნება. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ იგი აკუსტიკურ მახასიათებლებზე უკეთ მუშაობს, ეს ყველაფერი ერთად კი გვთავაზობს, რომ GPT-3-ს შეუძლია გააუმჯობესოს დემენციის ადრეული დიაგნოსტირების პროცესი“, — აცხადებენ მკვლევრები.
სამომავლოდ აპლიკაციის შექმნაზეც კი ფიქრობენ, რომელიც გამოიყენება სახლსა და ექიმების ოფისებში, როგორც ალცჰაიმერის სკრინინგის ხელსაწყო…