2 თვის წინ ChatGPT-ის iOS ვერსიაზე მოგიყევით, მალე გლობალურად ამოქმედდებაო… ახლა კი უკვე ანდროიდის მომხმარებლებს სთავაზობენ ჩეტბოტზე წვდომას. მართალია, ვებგვერდის საშუალებით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ChatGPT-ისა და OpenAI-ის ხელსაწყოების გამოყენება, მაგრამ ცალკე აპლიკაცია მეტად მიმზიდველია. ამაში Apple-ის მაგალითიც დაგარწმუნებთ — iOS-ის მომხმარებლებმა ჩეტბოტი პირველ კვირაში ნახევარ მილიონჯერ ჩამოტვირთეს და ამ მაჩვენებლით დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს, თუმცა მანამ, სანამ Threads გამოჩნდა და რეკორდი დაამყარა.
ბუნებრივია, ChatGPT-ის ანდროიდ აპლიკაცია iOS ვერსიას ძალიან ჰგავს, რომელიც, თავის მხრივ, ფუნქციურ მახასიათებლებს ვებიდან იღებს, მაგრამ სრულად იდენტური არ იქნება, თუნდაც იმ ფაქტის გამო, რომ ორი განსხვავებული სისტემაა…
ამასთან, გავრცელებული ცნობებით, მოწყობილობებს შორის საუბრების გადართვაც შესაძლებელი იქნება. ასე რომ, თუ კომპიუტერი სამსახურში დაგრჩებათ, შეგიძლიათ აღარ იღელვოთ…
როგორც ამბობენ, ჩეტბოტის ანდროიდ აპლიკაცია ამერიკელი მომხმარებლებისთვის მომდევნო კვირაში გახდება ხელმისაწვდომი. ვარაუდების მიხედვით კი, მალე სხვა ქვეყნებშიც ჩაეშვება — თუ გსურთ, გაიგოთ, როდის გახდება თქვენთვის აპლიკაცია ხელმისაწვდომი, Play Store-ში წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიაროთ.