როგორც ჩანს, OpenAI თავის AI მოდელს ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის, რის გამოც მომხმარებლებს აღარც ანგარიშის შექმნას მოსთხოვს. თუმცა არც ზუსტად იმავე გამოცდილებას გპირდებათ… რაღა თქმა უნდა, თქვენი ჩატიც მონაცემებში მოხვდება, თუ ამ ფუნქციას არ შეუზღუდავთო (ამისთვის Settings-ში უნდა გადახვიდეთ). ამგვარად, chat.openai.com აღარ მოგთხოვთ სისტემაში შესვლას, თუმცა თუ მოგინდებათ, ამის შესაძლებლობას მაინც გიტოვებთ. შესაბამისად, მალე პირდაპირ ChatGPT-ის ჩატში მოხვდებით, რომელიც ზუსტად იმავე მოდელს გამოიყენებს, რომელსაც ექაუნთის მქონე მომხმარებლებისთვის აქამდე იყენებდა.
თუმცა იმავე ფუნქციებით ვერ ისარგებლებთო — მაგალითად, ვერ შეინახავთ ან გააზიარებთ ჩატს, ვერ გამოიყენებთ მორგებულ ინსტრუქციებს ან სხვა მსგავს მახასიათებლებს, რომლებიც ზოგადად ექაუნთთან ასოცირდება.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩეტბოტის ამ უფასო ვერსიას „შედარებით უფრო მკაცრი კონტენტის პოლიტიკა“ ექნება — რას ნიშნავს ეს? თუ ექაუნთის მქონე მომხმარებლები სისტემაში ჩაშენებული უსაფრთხოების ფუნქციებით სარგებლობენ, რაც საზიანო კონტენტის გენერირებაზე უარის თქმასაც მოიცავს და თუ სისტემა მათ დამატებით გარანტიებსაც სთავაზობს მსგავსი საკითხების თავიდან ასარიდებლად, ეს ყველაფერი ექაუნთის არმქონე მომხმარებლებზე არ გავრცელდება.
ამის შესახებ უფრო კონკრეტულად კომპანიაში მეტს არაფერს ამბობენ და კვლავ ზოგად კომენტარს გვთავაზობენ: „ფრთხილად განვიხილეთ, როგორ შეგვიძლია დავადგინოთ და შევაჩეროთ სისტემიდან გამოსული მომხმარებლების გამოცდილების საზიანო შემთხვევები. ხოლო გუნდები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ამ ყველაფრის დადგენაზე, აღკვეთასა და პასუხის გაცემაზე, ჩართულნი იყვნენ დიზაინის შექმნისა და ამ გამოცდილების დანერგვის პროცესში. ისინი გააგრძელებენ ამ გზას და დიზაინს კონკრეტულ ინფორმაციებს მოარგებენ“.
ChatGPT-ზე წვდომას ექაუნთის გარეშე უკვე იღებენ რამდენიმე ბაზარზე და ეტაპობრივად ეს ყველა ქვეყნისთვის გახდება შესაძლებელი. თუმცა არც გაშვების ზუსტი თარიღებია ცნობილი.