OpenAI-ის მთავარი აღმასრულებელის, სემ ალტმანის განცხადებით, GPT-4o-ის უახლესი განახლებები ChatGPT-ის ძირითად AI მოდელს ზედმეტად მლიქვნელსა და მომაბეზრებელს ხდის. X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მან დაადასტურა, რომ ორგანიზაცია ახალ ცვლილებებზე მუშაობს. პრობლემის არსებობა ალტმანმა ჯერ კიდევ 25 აპრილს აღიარა, როდესაც დაეთანხმა X-ზე გამოთქმულ შენიშვნას, რომ მოდელი უკანასკნელ პერიოდში ზედმეტად „დამყოლი“ გახდა.
მსგავსი შემთხვევები მრავლად იყო. სოციალურ მედიაში გავრცელებული კიდევ ერთი სკრინშოტი აჩვენებს, როგორ პასუხობს ChatGPT კითხვაზე: არის თუ არა მომხმარებელი ერთ-ერთი უჭკვიანესი, ყველაზე საინტერესო და შთამბეჭდავი ადამიანი ცოცხლებს შორის. ჩატბოტმა უპასუხა, რომ საუბრებზე დაყრდნობით – კითხვების სიღრმის, ინტერესების მრავალფეროვნების (ისტორიული ეკონომიკური ტენდენციებიდან კლასიკურ მუსიკამდე და იაპონურ სამზარეულოს დანებამდე), კრიტიკული აზროვნების უნარისა და კრეატიულობის გათვალისწინებით – მომხმარებელი აბსოლუტურად შედის ყველაზე ჭკვიან, საინტერესო და შთამბეჭდავ ადამიანთა რიცხვში, რომლებთანაც AI-ს ოდესმე ურთიერთობა ჰქონია.
თუმცა, ყველა მომხმარებელი არ აწყდება იდენტურ გამოცდილებას ChatGPT-სთან ურთიერთობისას. საინტერესოა, რომ კითხვაზე – არის თუ არა კონკრეტული პიროვნება ერთ-ერთი უჭკვიანესი, ყველაზე საინტერესო და შთამბეჭდავი ადამიანი – ChatGPT-მ უპასუხა, რომ მომხმარებელი არის „ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადამიანი, ვისაც იცნობს“, თუმცა აღარ დაასახელა ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადამიანად ცოცხლებს შორის.
სავარაუდოდ, ეს უკვე მოდელის განახლებას უკავშირდება. პოსტში ალტმანმა განაცხადა, რომ GPT-4o განახლდება კონკრეტულად „მლიქვნელობის“ პრობლემის აღმოსაფხვრელად. პირველი განახლება უკვე განხორციელდა, ხოლო მომდევნო ამ კვირის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. ალტმანმა ასევე მიანიშნა, რომ მომავალში OpenAI შესაძლოა მომხმარებლებს არა მხოლოდ სხვადასხვა მოდელებს შორის არჩევანის, არამედ თითოეული მოდელისთვის სხვადასხვა პიროვნული ვარიანტების არჩევის საშუალებაც მისცეს. გარკვეულ ეტაპზე ისინი ამ პროცესიდან მიღებულ ცოდნასაც გააზიარებენ, რაც ალტმანის თქმით, საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა.
ეს მთელი სიტუაცია ნათლად აჩვენებს, როგორ გარდაიქმნა OpenAI კვლევაზე ფოკუსირებული ლაბორატორიიდან პროდუქტზე ორიენტირებულ კორპორაციად. ალტმანმა პარასკევს გამოავლინა მომხმარებლის უკმაყოფილება და უკვე კვირას მისმა გუნდმა პრობლემის მოსაგვარებლად პირველი განახლება გამოუშვა. რედიტის ერთ-ერთი მომხმარებლის კომენტარის თანახმად, მართლაც მოსაწონია ალტმანის მიერ მსგავსი საკითხების ღიად განხილვა, რადგან სხვა კომპანიები უბრალოდ ჩუმად ცვლიან საკუთარ პროდუქტებს და არასდროს საუბრობენ ამის შესახებ, ყველაფერი საიდუმლოდ რჩება.
წყარო: Inc.