ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, Netflix-ის ცნობილი დისტოპიური სერიალი Black Mirror ბრუნდება. ვინაიდან დღეისათვის ხელოვნური ინტელექტის განვითარება აქტიურ ფაზაშია და უშუალოდ სერიალის ძველ სერიებშიც არაერთხელ გამოჩენილა, გასაკვირი არ არის, რომ ახალი სეზონის შექმნაში AI-იც მონაწილეობდა.
ჟურნალ Empire-თან ინტერვიუში, სცენარისტმა და რეჟისორმა ჩარლი ბრუკერმა აღიარა, რომ პოტენციური ეპიზოდების დასაგენერირებლად, OpenAI-ის სისტემასთან თანამშრომლობდა. მან ChatGPT-ს მისწერა: „შექმენი შავი სარკის ეპიზოდი“, რასაც სამეცნიერო ფანტასტიკით შთაგონებული მთელი სიუჟეტის გენერირება მოჰყვა.
თავდაპირველად ჩარლისთვის შედეგები დამაჯერებლად ჟღერდა, მაგრამ საბოლოოდ დაასკვნა, რომ მთელი ტექსტი ერთი დიდი აბსურდი იყო. თანაც, მოდელმა ახალი სცენარი კი არ შექმნა, არამედ არსებულ ეპიზოდებს აანალიზებდა და ერთგვარად აერთებდა. შედეგად, ბრუკერმა ორიგინალური, ავთენტური აზრის ნაკლებობა იგრძნო.
მიუხედავად ამისა, რეჟისორმა რამდენიმე მნიშვნელოვანი შედეგი მაინც მიიღო. „ChatGPT იმის გაანალიზებაში დამეხმარა, თუ რა უნდა ავირიდო სამომავლოდ თავიდან. ძალიან ბევრ ეპიზოდში პერსონაჟებს უჩნდებათ იმის განცდა, რომ მთელი დროის განმავლობაში კომპიუტერში იმყოფებოდნენ, რაც სხვაგვარ ინტერპრეტაციას საჭიროებს“.