OpenAI-მ ChatGPT-ის ინტერფეისი შეცვალა, რათა უფრო მეტად დაამსგავსოს ციფრულ პლანშეტს პროექტებისთვის… უფრო ზუსტად რომ გითხრათ, ბეტა რეჟიმში Canvas-ის ფუნქცია ჩაუშვა, რომელიც წერისა და კოდირებისთვისაა განკუთვნილი. ასე კი ტრადიციული ჩატის ინტერფეისისგანაც განსხვავდება.
„მიუხედავად იმისა, რომ ChatGPT-ის ინტერფეისი მარტივია გამოსაყენებლად და ბევრ ამოცანას ასრულებს, იგი შეზღუდულ შესაძლებლობებს გვთავაზობს, როცა ვმუშაობთ პროექტებზე, რომელთაც რედაქტირება და გადახედვა სჭირდება. Canvas სწორედ ამგვარი სამუშაოსთვის საჭირო ახალ ინტერფეისს შემოგთავაზებთ“, — ვკითხულობთ განცხადებაში.
ამ ახალი ფუნქციით ChatGPT-ის პირველი მთავარი დიზაინის ცვლილება აღინიშნება მას შემდეგ, რაც იგი 2022 წელს ჩაეშვა. ამ პერიოდის მანძილზე კი კომპანია მრავალი საქმით იყო დაკავებული, GPT-4o და o1 ჩაუშვა, რითაც 6.6 მილიარდი დოლარის ინვესტიციაც დააგროვა. ხოლო New York Times-ის მიხედვით, OpenAI 2025 წლისთვის შემოსავლების გაზრდას 3.7 მილიარდი დოლარიდან 11.6 მილიარდ დოლარამდე გეგმავს.
აღნიშნული მიზნის მიღწევაში კი მათ ChatGPT-ის მომხმარებელზე მორგებული ინტერფეისი და დინამიკურობა ნამდვილად უნდა დაეხმაროს…
Canvas ამჯერად მხოლოდ გამომწერებისთვისაა ხელმისაწვდომი, მაგრამ, როგორც ვიგებთ, OpenAI ფუნქციას ბეტა რეჟიმის დასრულების შემდგომ, ყველასთვის ხელმისაწვდომს გახდის. ახლა კი, თუ ChatGPT Plus-ის ან Teams-ის გამომწერი ხართ, შეგიძლიათ, ChatGPT 4o with Canvas აირჩიოთ და მუშაობას შეუდგეთ. Enterprise-ისა და Edu-ს გამომწერებს კი OpenAI-ის ახალ ფუნქციაზე წვდომა შემდგომი კვირიდან ექნებათ.
პროცესი მარტივია: უბრალოდ თქვენი მოთხოვნა უნდა შეიყვანოთ, რომელიც წერას ან კოდირებას უკავშირდება და იგი Canvas-ს ახალი ფანჯრის გახსნით გაააქტიურებს. წერის კუთხით, მომხმარებლებს შეუძლიათ, ხაზი გაუსვან კონკრეტულ ნაწილებს ტექსტში და დააკლიკონ Ask ChatGPT-ის ღილაკს რედაქტირებისა თუ კონკრეტული კითხვების დასასმელად. მათ ასევე შესაძლებლობა ექნებათ, შეამოკლონ სიგრძე, შეცვალონ კითხვის დონე, გააუმჯობესონ გრამატიკა და დაამატონ ემოჯები.
კოდირების პროცესიც მსგავსია, ოღონდ ამჯერად ამ საკითხთან არსებული მოთხოვნა უნდა შეიყვანოთ Canvas-ის გასააქტიურებლად. აქ შემდეგ ჩანართებს შეხვდებით: Review code, Add logs, Add comments, Fix bugs და Port, რაშიც კოდის სხვა პროგრამულ ენაზე თარგმნა მოიაზრება, იქნება ეს JavaScript, TypeScript, Python, Java, C++ თუ PHP.
დაბოლოს, თუ შეცდომას დაუშვებთ, არც ეს არის პრობლემა, ერთი ღილაკზე თითის დაჭერით ყველაფერს საწყის მდგომარეობაში დააბრუნებთ. ხოლო, როცა მუშაობას დაამთავრებთ, უბრალოდ დახურეთ ფანჯარა და ChatGPT-ის ჩვეულებრივ ინტერფეისში აღმოჩნდებით. და თუ პროექტის ხელახლა ნახვა მოგინდებათ, ჩატის ისტორიაში შენახულ მოდულს დაუბრუნდით — სულ ეს არის.