როგორც ჩანს, ChatGPT-ის შესახებ საუბარი კიდევ დიდხანს მოგვიწევს, მან ხომ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია საზოგადოებაში. ხელოვნური ინტელექტის მოდელმა ყველაფრის გაკეთება შეძლო — დაწყებული კოდირებით, დასრულებული მოკლე მოთხრობებით და სამეცნიერო ნაშრომებით. ცხადია, მისმა ოსტატობამ ბევრი ჩვენგანი ააფორიაქა, რადგან „ჩანაცვლების“ შიში მათთვის უფრო რეალური გახდა.
თუმცა ყველა პროფესორი ნამდვილად არ არის დარწმუნებული ChatGPT-ის „პროფესიონალიზმში“. მათი თქმით, ამ მოდელის ნაშრომებისთვის და ესეებისთვის დასაწერად გამოყენება შეიძლება საშინელი იდეა იყოს — ხელოვნური ინტელექტის შექმნილი აკადემიური ნაშრომის ამოცნობა მარტივია. თაღლითობისთვის კი დაბალი ქულის მიღება გარანტირებულია.
ამასთან, როგორც ინგლისური ენის პროფესორი სტიუარტ სელბერი აღნიშნავს, ChatGPT-ის მიმართ შიში ბუნებრივი მოვლენაა. „ყოველ ორ წელიწადში რაღაც ხდება, რომელიც თითქოს უმაღლეს განათლებას განადგურებით ემუქრება, მაგრამ ეს ასე არ ხდება. შეგვიძლია, რამდენიმე ათეულით უკან დავბრუნდეთ და ანალოგიური შეშფოთება Word-ის, ვიკიპედიისა და ზოგადად ინტერნეტის შესახებაც აღმოვაჩინოთ“.
სელბერი ამტკიცებს, რომ ChatGPT უბრალოდ არსებულ ინფორმაციას და არგუმენტებს აერთიანებს, ხოლო ანალიტიკურ კითხვებს და აქამდე არარსებულ დისკუსიებს არ ეხება.
გამოხატეთ საკუთარი თავი
შესაძლოა, ChatGPT ნამდვილად არ იყოს შესანიშნავი საშუალება უნივერსიტეტის ესეების დასაწერად, მაგრამ ეს მის სრულ უსარგებლობას არ გულისხმობს. მაგალითად, ლიდსის უნივერსიტეტის ლექტორის, ლეა ჰენრიქსონის, თქმით, ამ ტიპის ტექნოლოგია აუდიტორიებში ეფექტურად იმუშავებს — მაგალითად, სხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანებს საშუალებას მისცემს, საკუთარი აზრი ინგლისურად გამოხატონ. „ჩვენმა სტუდენტებმა იციან, რომ ეს ხელსაწყოები არსებობს. ჩვენი მოვალეობაა, მათ კრიტიკულ გამოყენებას შევუწყოთ ხელი“.