in

როგორია CHATGPT-ის პოტენციალი ჯანდაცვაში და შეძლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი სამედიცინო დახმარების გაწევას

ChatGPT, OpenAI-ის მიერ შემოთავაზებული ჩეტბოტი, 2022 წლის ბოლოსკენ მთავარი სასაუბრო თემა იყო მთელი მსოფლიოსთვის. ბუნებრივი ენის დამუშავების წყალობით, მან, ფაქტობრივად, რევოლუცია მოახდინა ტექნოლოგიაში და „მოლაპარაკე პროგრამებს” შორის ყველაზე ჭკვიანის სტატუსიც მოიპოვა.

ის უკვე მრავალი მიმართულებით გამოცადეს: სცენარის დაწერა, იდეების გენერირება, კითხვა-პასუხის მომზადება ინტერვიუსთვის, სამეცნიერო ნაშრომის დაწერა და სხვა. მისი შესაძლებლობები თითქოსდა უსაზღვროა, მას ყველანაირი ტექსტის გაანალიზება და დამუშავება შეუძლია. 

შესაბამისად, გაჩნდა კითხვა – თუკი ChatGPT-ს ამხელა პოტენციალი აქვს, როგორი შეიძლება იყოს მისი გამოყენება მედიცინის სფეროში? შესაძლებელია თუ არა ჯანდაცვის კუთხით ამ პროგრამის გამოყენება და თუ შესაძლებელია, მაშინ როგორ? ეს სტატია ეცდება, რომ ამ მიმართულებაზე დღეისთვის მსოფლიოში არსებული მოსაზრებები გაარჩიოს.

ჩეტბოტები მედიცინის მიმართულებით

სანამ უშუალოდ OpenAI-ის პროდუქტზე ვისაუბრებთ, რამდენიმე წინადადებით ზოგადად ჩეტბოტებისა და მედიცინის ურთიერთკავშირზე მოგიყვებით. 

ჩეტბოტის გამოყენება მედიცინაში, უცხო ხილი არ არის. მაგალითებად შეგვიძლია მოვიყვანოთ ამერიკული კომპანიის, OneRemission-ის აპლიკაცია-ბოტი, რომელიც კიბოთი დაავადებულებს ან უკვე განკურნებულებს შესაბამის ინფორმაციას აწვდის ცხოვრების წესის შესახებ. არის ასევე Florence, ვირტუალური მედდა, რომელიც მესენჯერსა და სკაიპში მუშაობს და პაციენტებს აბების მიღებას ახსენებს. ჩეტბოტს ასევე აქვს უნარები, რომ პაციენტს აპოვნინოს უახლოესი აფთიაქი ან ექიმის კაბინეტი, საჭიროების შემთხვევაში. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აპლიკაცია კი ადა ბოტია, რომელსაც 11 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და A.I.-ზე დაფუძნებული მონაცემთა ბაზის გამოყენებით, მითითებული სიმპტომების საფუძველზე, მომხმარებლის ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებს. 

შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ საქართველოში 2020 წელს შექმნილი „სივრცე-19-იც”, რომელიც კოვიდის პანდემიასთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხობდა, მომხმარებელს ინფორმაციას აწვდიდა პრევენციისა და სიმპტომების შესახებ, ასევე, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო კოვიდით დაავადებული პაციენტი. API-ზე დაყრდნობით ჩეტში აგზავნიდა ყოველდღიურ განახლებულ სტატისტიკას ახალი შემთხვევებისა და კოვიდის გავრცელების გეოგრაფიული არეალის შესახებ.

როგორც ვხედავთ, ჩეტბოტებისა და მედიცინის ურთიერთობა არც ისე უცხო ხილია და რამდენიმე წელია, სხვადასხვა ქვეყანაში ტექნოლოგიური კომპანიები ცდილობენ ამ ორ სფეროს შორის მეტი კავშირის დამყარებას.

ChatGPT-ის პოტენციალი სამედიცინო სფეროში

იქიდან გამომდინარე, რომ ChatGPT ჯერჯერობით ახალი ტექნოლოგიაა, ბევრი კვლევა მის მედიცინაში გამოყენებასთან დაკავშირებით არ არის. მწირია ასევე გამოყენების საინტერესო შემთხვევები, თუმცა მოძიების შედეგად რამდენიმე მიმართულებას მაინც მივაკვლიეთ, რომლებიც ამ პროგრამის გამოყენების პოტენციალზე წარმოდგენას გვიქმნის:

  1. პაციენტების სორტირება: პაციენტის სიმპტომების გაანალიზებით და პოტენციური დიაგნოზების სიის მიწოდებით, ChatGPT შეიძლება გამოყენებულ იქნეს პაციენტების ბაზის სორტირებისთვის. ეს შეამსუბუქებს ზეწოლას სამედიცინო პერსონალზე და უზრუნველყოფს, რომ პაციენტებმა მიიღონ სათანადო დახმარება, როცა ეს სჭირდებათ.
  2. ჯანმრთელობის ვირტუალური ასისტენტი: მას შეუძლია დახმარება გაუწიოს პაციენტებს დაავადებების შესახებ ინფორმაციის სწორად მიწოდებაში, მკურნალობის ხელმისაწვდომობასა და თავის მოვლის შესახებ. მაგალითად, ვირტუალურ ასისტენტს შეუძლია მომხმარებელს შესთავაზოს მედიკამენტები, რომლებიც ურეცეპტოდ გაიცემა, ან სახლის პირობებში გაციების სამკურნალოდ მისცეს რჩევები. ეს შეიძლება განსაკუთრებით სასარგებლო იყოს იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ სოფლად ან უჭირთ ჯანდაცვაზე წვდომა, რადგან მათ შეუძლიათ მიიღონ პერსონალიზებული რეკომენდაციები და რჩევები ჯანდაცვის პროვაიდერთან ფიზიკური ვიზიტის გარეშე.
  3. სამედიცინო კვლევა: რადგან ChatGPT-ის გამოყენებით ბევრი სამედიცინო მონაცემის გაანალიზებაა შესაძლებელი, ის შეიძლება ადამიანებს დაეხმაროს სამედიცინო კვლევებში, ახალი აღჭურვილობების, დიაგნოსტიკური მიგნებების პოვნაში, ასევე ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მიღებაში.
  4. სამედიცინო ტრანსკრიპტი: ChatGPT შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამედიცინო მოხსენებებისა და ჩანაწერების გასაკეთებლად, რაც გამორიცხავს ტრანსკრიპტის ხელით წერის საჭიროებას და ამცირებს შეცდომების ალბათობას.
  5. პერსონალიზებული მკურნალობის გეგმა: GPT-ის კიდევ ერთი პოტენციური გამოყენება ჯანდაცვაში არის პაციენტებისთვის პერსონალიზებული მკურნალობის გეგმების შექმნა. პაციენტის სამედიცინო ისტორიის, მიმდინარე სიმპტომების და სხვა ფაქტორების გაანალიზებით, GPT-ზე მომუშავე სისტემას შეუძლია შექმნას მორგებული მკურნალობის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს პაციენტის სპეციფიკურ საჭიროებებსა და პრეფერენციებს. ეს შეიძლება განსაკუთრებით სასარგებლო იყოს რთული ან იშვიათი პირობების მქონე პაციენტებისთვის, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ კურსს. მაგალითად, GPT სისტემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მედიკამენტების ან თერაპიის სპეციფიკური კომბინაციის რეკომენდაციისთვის, რომლებიც, სავარაუდოდ, ეფექტური იქნება კონკრეტული პაციენტისთვის, მათი სამედიცინო ისტორიისა და სხვა ფაქტორების საფუძველზე.

ვინ დაიწყო უკვე ChatGPT-ის გამოყენება

სტარტაპი, სახელწოდებით Recursion Pharmaceuticals GPT-3-ს იყენებს ახალი ჰიპოთეზების შესაქმნელად დაავადების გამომწვევი მიზეზებისა და წამლების შესახებ. ასევე სტარტაპი Babylon Health GPT-3-ის ფუნქციებს სიმპტომების აღსაწერად იყენებს. სტარტაპმა სახელად Owkin გაწვრთნა GPT-3, რათა მას კლინიკური კვლევების ანგარიშებიდან ინფორმაცია ამოეღო და შეეჯამებინა, რაც მკვლევრებს კვლევის შედეგების სწრაფად გაგებაში დაეხმარება.

ერთი სიტყვით, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს ხელოვნური ინტელექტის ამ პროგრამის თავის საჭიროებებზე მორგება, თუმცა, უნდა ითქვას, რომ დიდ და ცნობილ ბრენდებს ჯერჯერობით რაიმე მნიშვნელოვანი სიახლე ამ კუთხით არ აქვთ.

რას ფიქრობენ ექსპერტები

ამ თემაზე მრავალი მოსაზრების, შიშების გამჟღავნებისა და საფრთხეების დანახვის შემდეგ ექსპერტები აჯამებენ, რომ ამ ეტაპზე ChatGPT-ის სამედიცინო ინდუსტრიაში გამოყენება მხოლოდ ისეთი მიმართულებით შეიძლება, რაც ნაკლებ რისკებს მოიცავს და რაც ექიმის გადამოწმებას ექვემდებარება. სრულად პროგრამას ვერ იქნება მინდობილი დანიშნულების მიცემა ან რაიმე მნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანა პაციენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ხელოვნურ ინტელექტ ChatGPT-ის აქვს დიდი პოტენციალი, თუმცა მედიცინა ის სფეროა, სადაც 100%-იანი სიზუსტე არა სასურველი, არამედ სავალდებულოა. შესაბამისად, თავიდან ბოლომდე ნდობის გამოცხადება და რთული ამოცანების მიცემა თვით ყველაზე ჭკვიან ჩეტბოტად წოდებული პროექტისთვისაც არაა მიზანშეწონილი.

რუბრიკა #ჯანმრთელობის წარმდგენია ჯანმრთელობის ციფრული პლატფორმა Ekimo.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

როგორ შეცვალა Skype-მა კომუნიკაცია მსოფლიოს გარშემო

აი, როგორ ანადგურებს ალცჰაიმერი მეხსიერებას — The glitch