OpenAI-მ თავის პოპულარულ ჩეტბოტს „ინკოგნიტო რეჟიმი“ დაამატა, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელთა საუბარი არ ინახება და, შესაბამისად, არც მოდელის განსავითარებლად გამოიყენება. ამ ფუნქციის გააქტიურება ნებისმიერ მომხმარებელს ინდივიდუალურად შეუძლია, რის შემდეგაც ავტომატურად გაითიშება „ჩათის ისტორია და ტრენინგი“.
კომპანიამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც აქტიური დისკუსია წამოიჭრა ასობით მილიონი მომხმარებლის მონაცემების მართვის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ საუბრების ჩანაწერები AI მოდელის სასწავლებელ მასალად გამოიყენება, მომხმარებლების ნაწილი მაინც ეთიკურ პრობლემას ხედავს მსგავს მიდგომაში. სწორედ ამას უკავშირდება იტალიის გადაწყვეტილებაც, რომლის ხელისუფლებამაც ChatGPT-ის გამოყენება აკრძალა — მიზეზი კონფიდენციალურობის შესაძლო დარღვევაა. ასევე, საფრანგეთსა და ესპანეთშიც დაიწყეს სერვისის შემოწმება.
მირა მურატმა, OpenAI-ის ტექნოლოგიების მთავარმა ხელმძღვანელმა Reuters-ს განუცხადა, რომ კომპანია კონფიდენციალურობის ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. ამაში დასარწმუნებლად კი აქტიურად მუშაობს. თანაც, მისი თქმით, ახალი ფუნქცია სულაც არ უკავშირდება იტალიის პრეცდენტს, არამედ ინიციატივა მრავალთვიანი მცდელობების შედეგია.
„უფრო მეტ ნაბიჯს ვდგამთ მომხმარებელთა კონფიდენციალურობის დასაცავად. ყველას ექნება არჩევანის გაკეთების საშუალება. ზოგადად, მათი საუბარი დაგვეხმარება, ChatGPT მეტად სანდო გახდეს და ყველანაირი სახის მიკერძოება შემცირდეს“, — განმარტავს მირა.
ხოლო ნიკოლას ტურლიმ, OpenAI-ის პროდუქტის ხელმძღვანელმა, აღნიშნული ფუნქცია ბრაუზერის ინკოგნიტო რეჟიმს შეადარა. როგორც ამბობს, კომპანია საუბრებს 30 დღის განმავლობაში შეინახავს, რათა მავნე ინფორმაციას მონიტორინგი გაუწიოს.
გარდა ამისა, კომპანიის „ბიზნეს გამოწერა“, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება უახლოეს თვეებში, საუბრებს ხელოვნური ინტელექტის მოდელის ტრენინგისთვის არ გამოიყენებს — თუკი ამას თავად მომხმარებელი არ მოისურვებს.











