აუდიო ჩანაწერის ტექსტად გარდაქმნა გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, რაც მისი სპეციფიკური საჭიროებებითაა გამოწვეული. პირველ რიგში, როდესაც ჩანაწერს ვუსმენთ, თითოეულ სიტყვას გაფაციცებით უნდა დავაკვირდეთ, თავიდან ავირიდოთ ფონური ხმაური, გადავლახოთ აქცენტის და გამოთქმის მახასიათებლების ბარიერები. მარტივად რომ ვთქვათ, პოტენციურ შეცდომებს პროცესის დროში გაწელვა შეუძლია. მართალია, უკვე არაერთი სპეციალური პლატფორმა არსებობს, რომელიც ტრანსკრიფციის მიმართულებით მუშაობს, მაგრამ სრულყოფილად მაინც ვერ აკმაყოფილებს ყველანაირ მოთხოვნას…
ახლა კი ასპარეზზე iZyrec-ის Plaud Note გამოჩნდა — ეს კომპაქტური მოწყობილობა ChatGPT-ის მოდელს გამოიყენებს. გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ფუნქციის გამოყენებით, აუდიო ჩანაწერს ტექსტად აქცევს. Plaud Note-ს შეუძლია, ღილაკზე თითის მარტივად დაჭერით მოინიშნოს შეხვედრების მნიშვნელოვანი შენიშვნები, შექმნას შესასრულებელი სამუშაოების სიები და ავტომატურად შეაჯამოს ჩანაწერები.
გარდა ამისა, მოწყობილობა ვიბრაციის გამტარობის სენსორს (VCS) იყენებს, რათა შემომავალი ან გამავალი ზარების დროს ავტომატურად დაიწყოს ხმის ჩაწერა. ეს დამატებითი ხელსაწყოების გამოყენების აუცილებლობას გამორიცხავს და ნებისმიერ შემთხვევაში გამოსადეგია.