მართალია, ჩეტბოტი ვერც თერაპიის ალტერნატივად გამოდგება და ვერც ადამიანურ კავშირებს ჩაგინაცვლებთ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ღირებული ხელსაწყოა თქვენი მენტალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ჩათვალეთ, ამ პროცესში კარგი მეგზურის როლს ირგებს და თუ როგორ, ამაზე ქვემოთ მოგიყვებით:
1. გეხმარებათ დღიურის წარმოებაში
მენტალური გამოწვევების დასაძლევად დღიურის წარმოება შესანიშნავი გზაა, მაგრამ სუფთა ფურცელზე წერის დაწყება ყოველთვის მარტივი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ემოციურად არამდგრად მდგომარეობაში იმყოფებით. სწორედ აქ იკვეთება ჩეტბოტის როლიც:
„ChatGPT გეხმარებათ თქვენი გრძნობების დაორგანიზებაში, რითაც უკეთ ახერხებთ აზრების გადმოცემას. ამ გზით დღიურსაც ნაკლებად დამაბნეველი აზრებით შეავსებთ და არსებული შაბლონების, მიზეზებისა თუ პროგრესის თვალის დევნებაც გაგიმარტივდებათ“.
2. გინაწილებთ საქმეებს
ჩეტბოტი შესანიშნავი რესურსია დროის მენეჯმენტისთვის, მათ შორის საქმეების დაწყების, ორგანიზებისა თუ პრიორიტეტის განსაზღვრისთვის. ამ კუთხით კი დოქტორი ელემბეიბი საინტერესო მოსაზრებას გვიზიარებს: „ჩემს მომხმარებლებს, რომელთაც ADHD აქვთ, ChatGPT-ის გამოყენებას ვთავაზობ, რათა გაანაწილონ საქმეები კვირის მანძილზე მანამ, სანამ გადაწყვეტენ, საიდან დაიწყონ“.
3. გაწვდით ფსიქოგანათლებას
ფსიქოგანათლების მიდგომას თერაპიების დროს მიმართავენ, რა დროსაც მომხმარებელი იგებს არსებული მენტალური პრობლემის სიმპტომებს, დიაგნოზს და განკურნების გზებს. ახლა კი სოციალური მუშაკი გლეირ კლარკი გვეუბნება, რომ ამისთვის ჩეტბოტი შესანიშნავი წყარო შეიძლება იყოს:
„ChatGPT უზრუნველყოფს ნეიტრალურ, ხელმისაწვდომ და დაუყოვნებლივ პასუხებს მათთვის, ვინც მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს უმკლავდება. ფსიქოგანათლებისთვის იდეალური საშუალებაა — ტრამვულ პასუხებს დაადგენს, მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სიმპტომებს ამოიცნობს და მკურნალობის ვარიანტებსაც შემოგთავაზებთ“.
4. ეძებს გზებს არსებულ პრობლემასთან გასამკლავებლად
როცა მენტალური პრობლემები გაწუხებთ, რთულია, თავადვე დაადგინოთ მასთან განმკლავების გზები ან მართოთ არსებული სიმპტომები. ამ დროს შეგიძლიათ, მედიტაციას ან Mindfulness-ის სახელით ცნობილ პრაქტიკას მიმართოთ. არსებული ვარიანტების ბრეინშტორმინგში კი ChatGPT დაგეხმარებათ, შეუძლია თქვენზე მორგებული მეთოდები შემოგთავაზოთ, მოგცეთ მითითებები დღიურის წარმოებისას ან შემოგთავაზოთ აქტივობები, რომლებიც თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე აისახება კარგად.
5. აორგანიზებს გასაკეთებელი საქმეების სიას
ჩეტბოტი დღის მანძილზე გასაკეთებელი საქმეების დასაორგანიზებლადაც შეგიძლიათ, გამოიყენოთ. როცა თქვენი გონება გადატვირთულია, პრიორიტეტების განსაზღვრა რთულდება და სწორედ აქ თამაშობს ChatGPT მთავარ როლს — ნავიგაციაში დაგეხმარებათ, დიდ საქმეებს პატარა ამოცანებად დაყოფს და მათ მარტივად სამართავს გახდის.
6. გეხმარებათ რთულ ადამიანებთან კომუნიკაციაში
ChatGPT პასუხების შექმნაში გეხმარებათ ისე, რომ თავი არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებულ ემოციებს აარიდოთ. ამ შემთხვევაში ჩეტბოტის ნაკლები ჰუმანურობა ჩვენ სასარგებლოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ, ვთხოვოთ, მოგვაწოდოს, მოკლე, ლაკონიური პასუხები ნებისმიერი ტიპის შეტყობინებისთვის.
7. აგროვებს ინფორმაციებს
ზოგჯერ თერაპევტები სესიებს შორის პაციენტებს კონკრეტული ფილმის ყურებას, წიგნის წაკითხვას ან პოდკასტის მოსმენას სთავაზობენ. ჩეტბოტი კი სწორედ ამაში შეგიძლიათ, დაიხმაროთ, მაგალითად, მოაძებნინოთ ის პოდკასტები, რომლებიც თქვენს კონკრეტულ საჭიროებას პასუხობს…
ამგვარად, თუ მენტალური პრობლემები გაქვთ, ChatGPT-ის ცდა ნამდვილად ღირს.













