OpenAI-მ განაცხადა, რომ მალე ChatGPT-ის პრემიუმ ვერსიას აამოქმედებს, რადგან სწორედ ასე შეძლებენ AI ჩეთბოტის განვითარებას. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პლატფორმისთვის, რომელსაც ესეების, ელ.წერილების, მოთხრობებისა და კომპიუტერული კოდის წერაც კი შეუძლია.
გავრცელებული ინფორმაციით, ChatGPT-ის მონეტიზებულ ვერსიას, სავარაუდოდ, ChatGPT Professional დაერქმევა და მის მიერ მოწოდებული ტექსტები ამჟამინდელს მინიმუმ 2-ჯერ აღემატება. უბრალოდ, ამ დროისათვის პროგრამა ექსპერიმენტულ ეტაპზეა და ფართოდ ხელმისაწვდომი არ იქნება — სანაცვლოდ, მხოლოდ ლიმიტირებულ ჯგუფს შეეძლება მისი გატესტვა.
მიუხედავად დაპირისპირებისა და რამდენიმე აკრძალვისა, ChatGPT-ის უამრავი მომხმარებელი ჰყავს და მედიის ყურადღებაც აქტიურად მიიპყრო. როგორც ჩანს, აქ მხოლოდ მასზე წერა არ იგულისხმება, არამედ „მისი დახმარებით წერაც“. ეს უკანასკნელი შენიშვნა ნიუ-იორკში საკმაოდ ცნობილ ტექ.მედიას, CNET-ს, ეხება — რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ 73 სტატია, ჟურნალისტის ნაცვლად, სწორედ ხელოვნური ინტელექტის პროგრამამ დაწერა. ამას ემატება ისიც, რომ რაიან რეინოლდსმა Mint Mobile-ის რეკლამისთვის ChatGPT-ის დააწერინა სცენარი.
ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისისთვის ChatGPT-ის მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა, რაც ყოველდღიურად იზრდება. უბრალოდ, OpenAI-ის თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, სემ ალტმანის თქმით, საოპერაციო ხარჯები იწურება და ამიტომაც გახდა საჭირო პრემიუმ ვერსიის შემუშავება.
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ Semafor-ის ინფორმაციით, მაიკროსოფტს სურს, OpenAI-ის 49%-იანი წილი შეისყიდოს, რაც დაახლოებით 29 მილიარდი დოლარის ტოლფასია. გარიგების თანახმად, მაიკროსოფტი მოგების სამ მეოთხედს მიიღებს, სანამ OpenAI ინვესტიციას აღადგენს.