რაღაცის დაწყება ყოველთვის რთული ამბავია, ამიტომ ელისს მეგობარმა საქორწინო ფიცის დასაწერად ChatGPT-ის ცდა შესთავაზა. თავდაპირველად ეს ხუმრობით გააკეთეს, მაგრამ მიღებული პასუხი ნამდვილად ფიცის სტრუქტურის შესაბამისი აღმოჩნდა. ამიტომ, ელისმა გადაწყვიტა, მცირე ცვლილებები შეეტანა მასში: ცოტა იუმორი, დეტალები პარტნიორის ინტერესებზე და პირადი საკითხებიც დაამატა.
„არ ვიცოდი, როგორ უნდა დამეწერა საქორწინო ფიცი, ChatGPT-იმ კი ეს სტრესი შემიმსუბუქა. თანაც, იგი საოცარ ალიტერაციას, ანალოგებსა და მეტაფორებს გვთავაზობს“, — ამბობს ელისი.

ჩეტბოტები ვირუსული გახდა და მას დღეს ქორწილის დაგეგმვაში დასახმარებლად ბევრი ადამიანი მიმართავს. ამისთვის კი ChatGPT-ის Writer’s Block Assistant-ის ხელსაწყო აქვს — მომხმარებლებს საქორწინო ფიცის, მეჯვარეების სიტყვით გამოსვლის ტექსტების, სამადლობელი ბარათებისა და საქორწინო ვებგვერდისთვის About Us გვერდის შედგენაში ეხმარება.
ელენ ლიმ კი სწორედ Joy-ისა და ამ ხელსაწყოს დახმარებით შექმნა ქორწილის ვებგვერდი… თანაც, Writer’s Block Assistant მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ხაზი გაუსვან პერსონალურ ისტორიებს და აირჩიონ სასურველი სტილი თუ ტონი.
„მე ფიცის შედგენა დავიწყე და როცა გადავედი იმაზე, თუ როგორ შევხვდით, მან ძალიან სასიამოვნო ამბავი შემომთავაზა. მართალია, ზოგიერთი არაზუსტი იყო, მაგრამ ეს ძალიან დამეხმარა, მარტივად მივხვდი, როგორ უნდა დამეწყო და ამაზე საათობით ფიქრი არ დამჭირვებია“, — განმარტავს ლი.
Joy-ის თანადამფუძნებელ ვიშალ ჯოშის თქმით, კომპანიამ Writer’s Block Assistant მარტში ჩაუშვა და მალევე მიხვდა, რომ ადამიანებს ყველაზე მეტად რაღაცების დაწყება უჭირდათ, შესაბამისად, ასეთ ათასობით თხოვნას იღებდნენ.
„უკვე თითქმის 2 ათწლეულის წინ, ჩემნაირ AI ენთუზიასტებს მხოლოდ შეეძლოთ ეოცნებათ იმ მასობრივ ბაზარზე, რომელსაც დღეს ვხედავთ და ვიცით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. სმარტფონების მსგავსად, თუ სწორად გამოვიყენებთ, ხელოვნური ინტელექტის პოზიტიური გავლენა ჩვენს ცხოვრებაში ნეგატიურ მხარეებს გადაფარავს. ვმუშაობთ ინოვაციურ AI-ზე, რათა ქორწილებისა და ზოგადად, ღონისძიებების ინდუსტრია გავაუმჯობესოთ“, — აცხადებს ჯოში.

ჩეტბოტს დახმარება ელისისა და ელენის გარდა, ანესთეზიოლოგმა მაიკლ გრინმაც სთხოვა — მას ტრადიციული კეტუბა, ებრაული საქორწინო კონტრაქტი უნდა შეედგინა, რის შემდგომაც გრინმა თავის პარტნიორთან ერთად გენდერული ბალანსისთვის მას გარკვეული ცვლილებების შეტანაც სთხოვა. მიღებული ტექსტის რედაქტირებისთვის წყვილს მხოლოდ 1 საათი დასჭირდა, რითაც ხანგრძლივ, დამღლელ პროცესსაც აარიდეს თავი.
მართალია, ხელოვნური ინტელექტისადმი სანდოობა ბოლო დროს ეჭვქვეშ დადგა, მაგრამ ფაქტია, ადამიანები ჩეტბოტს უკვე თავიანთ პირად სივრცეში შესვლის საშუალებას აძლევენ…












