ბავშვები დავალებებს ხელოვნური ინტელექტით რომ ასრულებენ, ეს თქვენ გარდა, გაგიკვირდებათ და, OpenAI-საც ადარდებს. ამიტომაც ახლახან Study Mode ჩაუშვა. ფუნქცია, რომელიც მოსწავლეებს საკუთარი კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებაში ეხმარება და პირდაპირ პასუხებს აღარ აწვდის მათთვის საინტერესო კითხვებზე.
Study Mode-ით ChatGPT მომხმარებლებს დაუსვამს კითხვებს, რათა გაიგოს, რამდენად გაიაზრეს კონკრეტული საკითხი. ზოგიერთ შემთხვევაში კი უარს იტყვის პირდაპირ პასუხის გაცემაზე მანამ, სანამ არ დარწმუნდება, რომ მოსწავლე დაინტერესებულია კონკრეტული თემით.
კვლევებმა აჩვენა, რომ ChatGPT კარგი მასწავლებელი შეიძლება იყოს ახალგაზრდებისთვის, თუმცა, ამის პარალელურად, მათი კრიტიკული აზროვნების უნარებსაც ავნოს. სწორედ ამიტომ აკრძალეს მრავალ ქვეყანაში მისი გამოყენება… თუმცა ახლა Study Mode-ის ჩაშვებით OpenAI იმედოვნებს, რომ ChatGPT პასუხების მისაღები სისტემა კი არა, არამედ სასწავლო ხელსაწყო გახდება.
მიუხედავად ამისა, ახალ ფუნქციასაც ახლავს თავისივე შეზღუდვები… თუნდაც ის, რომ მოსწავლეებს მარტივად შეუძლიათ ჩვეულებრივ რეჟიმზე გადართვა, თუ უბრალოდ კითხვაზე პასუხის მიღება დასჭირდებათ. თანაც ამ ეტაპისთვის კომპანია მშობლებსა თუ სკოლის ადმინისტრაციას მხოლოდ Study Mode-ზე წვდომას ვერ სთავაზობს. თუმცა მომავალში მათთვის საკონტროლო ხელსაწყოების დამატებას განიხილავს…
ასეა თუ ისე, Study Mode-ის ახალი ფუნქცია OpenAI-ის ChatGPT-ით სწავლისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. მომავალში კი მიზნად მეტი ინფორმაციის გაზიარებას ისახავს იმის შესახებ, თუ როგორ იყენებენ სტუდენტები გენერაციულ AI-ს სწავლის პროცესში.
Study Mode-ის ახალი ფუნქცია ChatGPT-ის Free-ში, Plus-ში, Pro-სა და Team-ში დარეგისტრირებული მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. უახლოეს კვირებში კი მასზე წვდომას Edu-ს გამომწერებიც მიიღებენ, რომლებიც სკოლის ადმინისტრაციებმა შეიძინეს მოსწავლეებისთვის.












