in

ChatGPT-ს მეშვეობით ახლა ტანსაცმლის ვირტუალურად მოსინჯვაც შეგიძლიათ

Lenovo
Lenovo

OpenAI კიდევ ერთხელ გვიმტკიცებს, როგორ შეიძლება ChatGPT მომხმარებლებს ონლაინშოპინგის დროს დაეხმაროს. კომპანიამ გლობალურად ორი ახალი ფუნქცია გაუშვა – ტანსაცმლისა და აქსესუარების ვირტუალურად მოსინჯვა და პროდუქტების რჩეულებში შენახვა.

OpenAI-ს განცხადებით, ახალი ფუნქციები ChatGPT Images 2.5 მოდელს იყენებს, რომელიც, კომპანიის თქმით, უფრო ბუნებრივ განათებასა და დეტალურ ტექსტურებს ქმნის, რედაქტირების ინსტრუქციებს უკეთ მიჰყვება და სურათებს უფრო სწრაფად აგენერირებს.

როგორ მუშაობს ვირტუალური მოსინჯვა

Virtual Try-On-ის გამოყენება ChatGPT-ში მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ატვირთოს საკუთარი სელფი ან სრული ტანის ფოტო და ნახოს, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს მასზე კონკრეტული ტანსაცმელი ან აქსესუარი.

ფუნქცია ChatGPT-ს შედეგებში ახალი “Try On” ღილაკის სახით გამოჩნდება. შესაძლებელია თავად პროდუქტის ფოტოს ატვირთვაც, მაგალითად, ვებგვერდიდან გადაღებული სქრინშოტის და ChatGPT-სთვის იმის თხოვნა, რომ ნივთი მომხმარებელს ვირტუალურად მოარგოს.

უკვე შესაძლებელია პროდუქტების შენახვაც

მეორე ახალი ფუნქცია “Favorites” არის. მისი საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ საინტერესო პროდუქტები აპის Library-ში შეინახონ და მოგვიანებით დაუბრუნდნენ. შენახული პროდუქტები ვირტუალური მოსინჯვის შედეგად მიღებულ ფოტოებთან ერთად იქნება ხელმისაწვდომი.

თუმცა ChatGPT-ს სავაჭრო შესაძლებლობები ამით არ შემოიფარგლება.

მომხმარებელს შეუძლია აღწეროს სტილი და ChatGPT-ს სთხოვოს, ამ ლუქის შესაქმნელად საჭირო ნივთები მოძებნოს. ასევე შესაძლებელია ცნობილი ადამიანების ჩაცმულობის ფოტოების ატვირთვა და იმის გარკვევა, თუ რომელი ბრენდები აცვიათ და სად შეიძლება მათი შეძენა.

ამ ფუნქციით ChatGPT იმ სივრცეში შედის, სადაც ბოლო წლებში მოდის ინსპირაციისა და პროდუქტების აღმოჩენის მიმართულებით Pinterest-მა და Google-მა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავეს. მსგავსი ვიზუალური ძიება კი, საბოლოოდ, ონლაინმაღაზიებში გაყიდვებშიც შეიძლება გადაიზარდოს.

ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, გახდება თუ არა ChatGPT ლიდერი ხელსაწყო ონლაინშოპინგში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ Google-მა ვირტუალური მოსინჯვის მსგავსი AI-ფუნქცია ჯერ კიდევ გასულ წელს გამოუშვა.

ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა – „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს

ექიმთან ჩაწერა მარტივად – „თოდუას კლინიკამ“ სამედიცინო სფეროში პირველი AI ასისტენტი შექმნა