რამდენად ხშირად იყენებთ ChatGPT-ს ტექსტების გენერირებისთვის? ცხოვრება კი გაგვიმარტივა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ აკადემიურ სფეროს დიდი თავსატეხი გაუჩინა. სტუდენტებისთვის ხშირად დამხმარე ხელსაწყო კი არა, ტექნოლოგიაა, რომელიც მათ დავალებებს მარტივი ტექსტური მოთხოვნის საფუძველზე ასრულებს. ამიტომ, OpenAI-მ გადაწყვიტა, ამას რაღაც მოუხერხოს.
სულ არ გაუხმაურებია, ისე დაიწყო Text Watermarking-ის ტექსტის აღნიშვნის ხელსაწყოზე მუშაობა, რომელმაც, შესაძლოა, აკადემიურ სფეროში AI-ის გამოყენება შეაჩეროს. ეს მეთოდი მოიცავს დახვეწილი მიმანიშნებელი სიმბოლოების ჩასმას ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ტექსტში, რაღაც ციფრული თითის ანაბეჭდის მსგავსს, რომელიც ChatGPT-ის არსებობაზე მიგვითითებს.
OpenAI-ის თუ დავუჯერებთ, ფუნქციას საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს და უკვე საუკეთესო შედეგებიც აჩვენა, თუმცა ეს სუსტი მხარეების არსებობას სულაც არ გამორიცხავს. როგორც ვიგებთ, არც ისე კარგად მუშაობს თარგმანების, პერიფრაზირებისა და სიმბოლოების ჩასმისას…
აკადემიურ სივრცეში ეთიკაზე ზრუნვა კი კარგია, მაგრამ ამ საკითხმა დებატები გამოიწვია OpenAI-ში. ამბობენ, რომ აღნიშნულმა ტექნოლოგიამ, შესაძლოა, არაინგლისურენოვან ადამიანებზე დიდად იმოქმედოს, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს წერაში დამხმარე ხელსაწყოდ იყენებენ. თუ დავფიქრდებით, უნებლიე დისკრიმინაცია გამოდის, ამიტომაც, კომპანიამ ცოტა ხნით შეჩერება გადაწყვიტა. ამ დროს კი მსგავსი სისტემის დანერგვის ფართო სოციალური გავლენის შეფასებას დაუთმობს.
ისიც უნდა ითქვას, რომ OpenAI-ის მიდგომა ტექსტების მონიშვნას სცდება. დღეს მათთვის პრიორიტეტი ავთენტური მეთოდების განვითარებაა აუდიოვიზუალური კონტენტისთვის. ამგვარად, მომავალში კიდევ ბევრ სიახლეს უნდა ველოდოთ…
თუმცა ტექსტის მარკირების პოტენციული უპირატესობების მიუხედავად, ყველა არ მიესალმება ამ ამბავს — გამოკითხვის თანახმად, ChatGPT-ის მომხმარებელთა თითქმის 30%-ს სურს ტექნოლოგიის გამოყენება. თუმცა ეს მცირე ნაწილიც იმაზე წუხს, რომ ტექსტის ხილული სიმბოლოებით აღნიშვნამ, შესაძლოა, ადამიანებს ChatGPT-ის გამოყენებაზე უარი ათქმევინოს. ეს კი მათთვის AI წერის ხელსაწყოების გამოყენების შეფერხებას ნიშნავს ლეგიტიმური მიზნებისთვის.
ამგვარად, შესაძლოა, იდეალური გამოსავალი არ არის, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ეთიკური AI-ისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია…