in ,

CHATGPT მოერევა თუ ქოფირაითერი? ორივეს პასუხი სტატიაშია

სანამ სფეროს სპეციალისტების მოსაზრებებს გავეცნობით, პატარა ექსპერიმენტი ჩავატაროთ…

CHATGPT-ს მცირე დავალება მივეცი – ვთხოვე, რომ დაეწერა ფეისბუკპოსტი ახალი კაბების გაზაფხულის კოლექციის გასარეკლამებლად. ისიც, რა თქმა უნდა, არ დამზარდა და სულ რაღაც 30 წამში შექმნა პოსტი, რომლის მსგავსის ჩამოყალიბებაზეც, დაახლოებით 15-20 წუთი მაინც მჭირდება ხოლმე. AI-მ იმაზეც იზრუნა, რომ ემოჯიები არ მეძებნა და თვითონ შემომთავაზა თემატიკის შესაბამისი სიმბოლოები.

CHATGPT-ს დაწერილი პოსტი:

„🌸შეხვდი გაზაფხულს ახალი სტილით!

წარმოგიდგენთ ბრენდის საგაზაფხულო კაბების ახალ კოლექციას, რომელიც ახალ სიცოცხლეს შესძენს თქვენს გარდერობს. 🌼 შეიგრძენით სეზონის სილამაზე ჩვენ მიერ საგულდაგულოდ შერჩეული კაბებით, რომლებიც ნებისმიერ სიტუაციაში იდეალურად გაგრძნობინებთ თავს – პაემნებით დაწყებული, გარეწვეულებებითა და ჩვეულებრივი დღეებით დამთავრებული!”

კი, შესაძლოა, მცირე კორექტურა შეგვეტანა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ შინაარსობრივად ტექსტი ნამდვილად კარგად ჟღერს და ხშირად გვინახავს კიდეც მსგავსი ნარატივი ამა თუ იმ მაღაზიის კედელზე. რეალობა ისაა, რომ CHATGPT მშვენივრად ართმევს თავს მსგავს შაბლონურ ტექსტებს და უკვე საკმაოდ ბევრი კომპანია იყენებს მას ბლოგების, სტატიებისა და სოციალურ მედიაში განსათავსებელი კონტენტის შესაქმნელად. 

ქოფირაითერი სონია გულაღაშვილი თავის საქმიანობაში AI-ს გამოყენებასთან დაკავშირებით გამოცდილებას გვიზიარებს:

„დღეს, როცა ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება, ბუნებრივია, შენც გიწევს მიჰყვე ტემპს, რომელსაც შენი სამუშაო გარემო გთავაზობს. ახლა ჩვენს სფეროში AI ხელსაწყოები დროის დაზოგვის ყველაზე ეფექტური გზაა. საჭირო ინფორმაციის მოძებნისთვის, ინგლისური ტექსტის რედაქტირებისთვის, საკომუნიკაციო ენის შერჩევისთვის, ვიზუალური ნიმუშების აწყობისთვის ხშირად ვიყენებ AI-ს. თუმცა ეს არ ეხება ქართულ ენას, რადგან ასეთი ხელსაწყო ჯერჯერობით არ გვაქვს.

მგონია, რომ ნებისმიერი ტექსტის წერისას, უნიკალურობა ძალიან მნიშვნელოვანია. უნიკალურობაში არ ვგულისხმობ რაღაც ისეთს, რაც აქამდე არავის უნახავს. ვგულისხმობ, ტექსტის წერის სტილს, მკითხველის მოლოდინებისა და ინტერების გათვალისწინებასს, ისეთი გზის მოძებნას, რომელიც მათთვის ქოფის უფრო საინტერესოს გახდის. ვთვლი, რომ ჯერჯერობით მსგავსი ტექსტის შექმნაში CHATGPT ვერ დაგეხმარება. უფრო შაბლონურია ყველაფერი, რასაც აქ აგენერირებ. ჩვენს სფეროში კი შემოქმედებითობა და რაღაცების ახლებურად დანახვა უმნიშვნელოვანესია. 

მეორე მხრივ, უცხოენოვანი ქოფის შექმნისას, რამდენად კარგადაც არ უნდა იცოდე ეს ენა, მაინც გირთულდება ბუნებრივი ტექსტის შექმნა, საკომუნიკაციო ენის ცვლა ბრენდების მიხედვით… ამ ნაწილში CHATGPT იდელაური ხელსაწყოა. ასევე, ინფორმაციის მოძებნისას – თუ ზუსტად იცი რას ეძებ, აღარ გიწევს უამრავი არასაჭირო ამბის კითხვა და შემდეგ იქიდან შენთვის საჭიროს ამორჩევა. პირდაპირ გაძლევს იმას, რაც გინდა. 

ნებისმიერ განვითარებას, სიახლეს თან სდევს შიში. ეს ბუნებრივი პროცესია. მაგალითად, საქართველოში რკინიგზის გაყვანაზე პირველად რომ საუბარი დაიწყო, დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა ხალხში – ფიქრობდნენ, რომ მატარებელი სამუშაოების დიდ ნაწილს წაართმევდა ადამიანებს. რაც ნაწილობრივ მართალი იყო, თუმცა, საბოლოოდ, მცირე მინუსებთან ერთდ, უამრავი სიკეთე მოგვიტანა გადაადგილებისა და ტვირთის გადაზიდვის აჩქარებულმა გზამ. სწორედ ასეა AI-ს შემთხვევაშიც. დღევანდელი მოცემულობით, შემოქმედებითობაში AI ვერ დაგეხმარება – არ შეუძლია უბრალო იდეებით ადამიანების აღფრთოვანება, მათში ისეთი ემოციების გამოწვევა, რომლებიც შთააგონებთ. შესაბამისად, ამ ნაწილში ჯერჯერობით უსაფრთხოდ ვართ. თუმცა „ჯერჯერობით“ საკვანძო სიტყვაა. არავინ იცის AI-ს სრული პოტენციალი”.

თავის მოსაზრებებს გვიზიარებს მეორე ქოფირაითერი, მარიამ ბეროძეც:

„ChatGPT არაერთხელ გამომიყენებია და საკმაოდ ნაყოფიერადაც. მაგალითად, მისი დახმარებით ვიმუშავე ერთ-ერთ პროექტზე, Direct Response ქოფირაითინგის მიმართულებით (Direct Response ქოფირაითინგი გამოიყენება ხოლმე ელექტრონული კომერციისას და ორიენტირებულია ქოფიში CTA-ის ინტეგრირებაზე, რაც მომხმარებელს მოქმედებისკენ მოუწოდებს). მიუხედავად იმისა, რომ AI-მ საქმე ძალიან გამიმარტივა, ისიც უნდა ვთქვა, რომ შემოთავაზებული ქოფის უმეტესი ნაწილის დამუშავება და კორექტირება მაინც მომიწია.

დადებითი მხარეები

ბრეინშტორმინგი – ქოფის წერის პროცესი, ჩვეულებრივ, ე.წ. ბრეინშტორმინგით იწყება. ასეთ დროს ვფიქრობთ ზოგად სურათზე, აუდიტორიაზე, ბრენდზე… ვცდილობთ, ჩამოვყაროთ რაც შეიძლება მეტი ინსაითი და გამოვარჩიოთ საუკეთესო. ChatGPT ამ საქმეში, ნამდვილად, ჩემი მეგობარია. ხელოვნურ ინტელექტს უსწრაფესად შეუძლია ძალიან ბევრი იდეის ჩამოყრა, რომლის გადარჩევაც უკვე ქოფირაითერის გადასაწყვეტია ხოლმე.

სისწრაფე და ხელმისაწვდომობა – ChatGPT დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლია დაიხმარო, ნებისმიერ დროს და სხარტად გიპასუხებს.

უშრეტი ინფორმაცია – ქოფირაითერებს ხშირად იმ სფეროშიც უწევთ მუშაობა, რომელსაც კონკრეტულ საქმემდე კარგად არ იცნობდნენ. ასეთ დროს, წერის დაწყებამდე, კიდევ უფრო მსუყე კვლევაა საჭირო. თუ ამ ინფორმაციის დახარისხებულად და სწრაფად მიღება გინდა, ChatGPT აქაც დაგეხმარება და ნებისმიერ კითხვაზე ამომწურავად გიპასუხებს.

უარყოფითი მხარეები

ადამიანური ემოციების ნაკლებობა – ChatGPT ვერ დაეყრდნობა ადამიანურ ემოციებსა და გამოცდილებას, რაც ქოფირაითერებისთვის უმნიშვნელოვანესია.

პლაგიატის საფრთხე – ChatGPT ეყრდნობა არსებულ მონაცემებს, ამიტომაც, ზოგჯერ, შესაძლოა შემოგვთავაზოს კონტენტი, რომელიც უკვე სადღაც არსებობს. ასეთი შემთხვევაც მქონია, როცა ტკბილეულის ერთ-ერთ ბრენდზე მუშაობისას, ChatGPT-მ შემომთავაზა ქოფი – „დნება პირში და არა – ხელისგულზე“, რაც ყველამ ვიცით, რომ M&M’s-ია.

მეტისმეტად დაწვრილმანება – ChatGPT-ს, ჩემი აზრით, ხშირად უჭირს ბრიფის გააზრება, ამიტომ საჭიროა ხოლმე, რომ რაც შეიძლება დეტალიზებულად მივაწოდოთ ამოცანა. ხშირად ხელოვნურ ინტელექტს ადამიანური ხმის გაგებაც უჭირს, როცა ქოფირაითერს ბრენდის უნიკალური ხმის გაჟღერება მარტივად შეუძლია წვრილმან დეტალებში.

საბოლოო ჯამში, ქოფირაითერს AI ეხმარება, თუმცა ქოფის კეთება მხოლოდ სიტყვების ფლობა არაა, ეს არის ემოციური ინტელექტის ქონა. ქოფირაითერი უფრო მასშტაბურ სამუშაოს ეჭიდება, რაც ბრენდის შესისხლხორცება და აუდიტორიის კანში შეძრომაა“.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

6 ყოველდღიური საჭიროება, რომლებსაც თიბისის ციფრული ბანკი მოგიგვარებს

AI-მ ალცჰაიმერის პროგნოზი 7 წლით ადრე გააკეთა! — კვლევა