თუ აქამდე ჩეტბოტთან მხოლოდ მიმოწერა შეგეძლოთ, ახლა მას თქვენი დანახვა, მოსმენა და თქვენთან ლაპარაკიც შეეძლება. OpenAI-ის თქმით, მომხმარებლებს ChatGPT-სთან რეალურ დროში უკვე ხმოვანი საუბრებისა და სურათების გაზიარების შესაძლებლობა ექნებათ. ამგვარად, თუ საღამოს ისეთი დაღლილი იქნებით, რომ შვილისთვის ზღაპრის მოყოლის თავიც აღარ გექნებათ, შეგიძლიათ ახალი ხმოვანი ასისტენტი დაიხმაროთ…
ხმოვანი შესაძლებლობები ხელმისაწვდომი iOS-სა და Android-ზე იქნება. Alexa-სა და Siri-ს მსგავსად, შეგიძლიათ, უბრალოდ ერთი თითი დაადოთ ChatGPT-ს და იგი ხმის 5 ვარიანტიდან თქვენთვის სასურველზე დაგელაპარაკებათ. თუმცა განსხვავებით ამჟამინდელი ხმოვანი ასისტენტებისგან, ChatGPT-ს მეტად განვითარებული LLM-ები ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ ზუსტად იგივე პასუხს მოისმენთ, რასაც OpenAI-ის GPT-4 ან GPT-3.5 მოდელები შემოგთავაზებდნენ.
თუ მულტიმოდალური ამოცნობის ფუნქცია ის იყო, რაც აქამდეც იწინასწარმეტყველეს, ახლა ეს რეალობაა. GPT-4-ის გამოშვებისას OpenAI-მ აჩვენა, რომ სურათებისა და დაწერილი ტექსტის გააზრებისა თუ ინტერპრეტირების უნარი აქვს, ახლა კი ChatGPT, დიდი ალბათობით, ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად იქცევა. მომხმარებლებს შეუძლიათ, ნებისმიერი სურათი ატვირთონ და ჰკითხონ, საჭმელიც კი მოამზადონ იმ ფოტოს დახმარებით, რომელიც ასახავს, რა პროდუქტები აქვს მაცივარში მომხმარებელს და რა შეიძლება გაკეთდეს არსებული ინგრედიენტებისგან.
რაც შეეხება ეთიკურ თუ კონფიდენციალურობის საკითხებს, შეიძლება ითქვას, რომ შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს — აუდიოს გაყალბების რისკების შესამცირებლად, OpenAI კონკრეტული ხმოვანი ჩატის დროს მხოლოდ აუდიოს ამოცნობის ტექნოლოგიას გამოიყენებს. ამასთან, იგი ხმის მსახიობებთან ერთად შეიქმნა, რომელთანაც კომპანია პირადად მუშაობდა. თანაც არც უთქვამთ, რომ ამ მოდელისთვის მომხმარებელთა ხმებს გამოიყენებდნენ…